გაზაფხულის სუნი

დიდხანსა ჰქროდა ცივი ზენა ქარი, ხელები და სახე სულ აგვიტრუსა. მართალია, სახეში თოვლს არ Gგვაყრიდა, მაგრამ ჩვენ თოვლი გვერჩივნა ამ ხმელ ქარსა.

- რით ვერ მოიღალა ეს ოხერი! – ვიძახდით ყველანი.

- კი აღარ ამოგვიქაქანა და! ჰქრის და ჰქრის!

მინდვრად თოვლი აღარ იდო. კვერნაკის ჩრდილოეთი კალთები კი ისევ ვეფხვივით იყო აჭრელებული, მთებიც ისევ თოვლქვეშ ხვნეშოდნენ.

თებერვალი მიიპარებოდა.

ვენახში და მინდორში საქმე ბევრი გვქონდა, მაგრამ სიცივით არა კეთდებოდა რა. ბიძაჩემი დაღვრემილი ჩიბუხს აბოლებდა.

დრო მიდიოდა, საქმე უკან რჩებოდა.

მაგრამ რაკი ბიძაჩემი ყველაფერს ღვთის განგებას აწერდა, არა დრტვინავდა გამჩენის წინააღმდეგ, - უღვთოდ ხეს ფურცელი არ გაჰვარდებაო, - იძახდა.

ფრინველებსა და ცხოველებს მოუსვენრობა ეტყობოდათ. ინდაურები იფხორებოდნენ. ბოლოებს ჯარასავით შლიდნენ, მხრების წვერებს მიწაზე აფხაკუნებდნენ დაშნასავით და ხმამაღლა ყვიტყვიტებდნენ. ბატები ერთად იკრიბებოდნენ, საღამოობით მინდვრიდან ყიყინით ბრუნდებოდა იმათი თეთრი ფარა. იხვებიც ხევებს აღარა შორდებოდნენ.

- გაზაფხულის ნიშანია! – ამბობდა თვალის ჩაკიჟვით ბიძაჩემი. – მართალია, ზამთარივით ცივა, მაგრამ ყველაფერს თავისი ვადა და ჟამი აქვს. აბა, ამ ჭილყვავებს უყურე, როგორ სინჯავენ ხეებს წვერიდან ძირამდე, ბუხრებში ცალი თვალით იჭყიტებიან, კოშკებსა და ნანგრევებში ხვრელებს ეძებენ, ბუდისთვის თადარიგს იჭერენ. ეტყობა, გაზაფხული შორს აღარ არის.

***

საღამოთი ბიძაჩემი გარედან შემოვიდა, ხვნეშით სკამზე დაჯდა.

- მადლობა ღმერთს! ძლივს არ ეღირსა ამ სატიალე ქარს ჩადგომა! ახლა კი გაგვიზაფხულდება!

მართლაც, ჰაერი და ცა დამშვიდებულად მეჩვენა. სითბოს სუნი ტრიალებდა. ფრინველებს ერთი ჟრიამული და განგაში ედგათ.

ძაღლები თავის ხრუწუნებიდან გამომძვრალიყვნენ, ეზოში და ეზოს გარეთ წელგაშლით დასეირნობდნენ.

ცითგან ღრუბლები ქურდებივით მიიპარებოდნენ და მთას იქით აფარებდნენ თავსა. მეორე დღისათვის კაი დარს ელოდა ხალხი.

- ბიჭებო, ხვალისათვის ბარები და წალდები ნახეთ! – გაჰძახოდა მამა შვილებსა.

გუთნისდედა გუთანს ჩაჰღირღიტებდა, გაცვივნულ სოლებს ამაგრებდა, ან ახლებს უთლიდა.

- გაზაფხულდა, დროა, გუთნები შევაბათ!

***

ჩვენს ახლოს ხევი იყო, ხევის პირას ნანგრევი ქვითკირი. ამ ქვითკირის ქვეშ წყარო გამოდიოდა, ზაფხულობით ცივი, ზამთრობით თბილი. ვიცოდი, რომ იმ წყაროში ზამთრობით კედლისქვეშ ბაყაყები ბუდობდნენ. სულ პირველ გაზაფხულს შემატყობინებდნენ ხოლმე. ჯერ ყრუდ მოისმოდა მათი ხმა, მერე რამდენიც გაზაფხული ახლოვდებოდა, იმდენად ისინიც ხმას უმატებდნენ და ღამღამე ჰაერში გაისმოდა იმათი კრიალი.

ძალიან დიდი თოვლიც რო ყოფილიყო, რაკი იმათი კრიალა ხმა შემომესმოდა, გული მოუსვენრად მიწყებდა ტოკვას, გაზაფხულის მოსვლით ვტკბებოდი და თავს ვინუგეშებდი. ეხლაც ყურს ვუგდებდი. როცა საქონლისა და ფრინველების ხმა მისწყდა, გარკვევით მომესმა იმათი კრიალი. ,, ახა კი ახლოა გაზაფხული!’’ წამოვიყვირე გახარებულმა.

გაზაფხულის ნიშნები ერთი მეორეს მოსდევდნენ. მეორე დღეს ჩვენ სახლის წინ მდგომ კაკალზე წყვილი შოშია შარშანდელ ბუდეს დასტრიალებდა და ჩემთვის გაუგებარს ენაზე ერთმანეთს რაღაცას ჩაჰლუკლუკებდნენ. აბა, რა ძალა შეაყენებდა ამათ და ამათ ამხანაგებს, რომ გაზაფხულს თან არ მოჰყოლოდნენ!

***

ბალღებს მინდვრიდან ერთი მუჭა წითელ-ყვითელი ენძელა მოეტანათ და მაგიდაზე გაეშალათ. დედა ჯავრობდა: ენძელის სახლში მოტანა არ ვარგა, ვინც პირველად ჰნახავს, უნდა ფეხზემდგომი ნახოს და არა მოგლეჯილიო... ენძელა სიცოცხლისა და სიხარულის ნიშანია და ამ პირველ გაზაფხულზე სიკვდილი რა მოსაგონიაო? მე დავცქეროდი ამ ნორჩ სიცოცხლეს, უსულო მიწიდან ამოსულს.

- ეჰ, ენძელავ, ენძელავ! შენი დანახვა, რაც უნდა ჯავრიანი ვიყო და სიკვდილი მენატრებოდეს სასოწარკვეთილს, გულს მივსებს უსაზღვრო სიხარულით! როგორ გამოვთქვამ იმ სიამოვნებას, რასაც შენი დანახვა მაგრძნობინებს ხოლმე უსულო და უსიცოცხლო მინდორზე, სადაც თოვლი ჯერ რიგიანად არც კი ამშრალა და ნიადაგი თოვლის ნადნობ წყლის გუბეებით არის დაფარული! გზის პირზე მახარობლებივით ამომძვრალხართ, ალბათ ძალიან და ძალიან სასიხარულო ამბავი მოგაქვთ რამე, რომ საუკეთესო და ძვირფასი სამოსლით შემოსილხართ და ფერდი სამკაულებით მორთულხართ?!. ნეტა, რას მეტყვით, რის მახარობლები ხართ?! იქნება გაზაფხულისა?! და თუ მართლა გაზაფხულის წინამორბედნი ხართ, მოგესალმებით, მშვენივრებო!

მშვიდობა თქვენს მოსვლასა! საწყლებო, თქვენ ხომ ვერც სრულს გაზაფხულს მოესწრობით და ვერც ზაფხულს!

***

აქამდე მხოლოდ შავი ღრუბლებით გადაჭედილი და საზარლად მოზუზუნე ცა სრულებით სხვა კილოზე ახმაურდა. გაივსო მომთაბარე ფრინველთა ჟივილ- ჭყივილით. მხარგრძელნი ფრთოსანნი, დედამიწითგან დაშორებულნი, ნელ- ნელა მიცურავენ თვალუწვდომელ ცის სივრცეში ჩრდილოეთისაკენ. ყურს ოდნავ ხვდება მათი ყვირილი. ხოლო წვრილნი ფრთოსანნი შრიალით გადაურბენენ ხოლმე სოფლებს საყდრებისა და კოშკების წვერებზედ.

გიხაროდეთ, ჩრდილოეთის მცხოვრებნო! მოგესალმებათ ცხელი სამხრეთი! გიგზავნით გაზაფხულს. ვისაც ზამთრის სისასტიკემ გული გაგიტეხათ და სასოება დაგიკარგათ, გამხნევდით ისევ. იმედს ნუ ჰკარგავთ, - არ შეგეშინდეთ, თუ გაზაფხულის ჟამს უცებ ტაროსი შეიცვალოს, ზამთარმა იგდოს ხელთ ბატონობა და თავზე ჯადოქარივით დაგაცხრესთ! არ შედრკეთ და გაზაფხულს შეურაცხება არ მიაყენოთ თქვენი ორჭოფობით, გულში ეჭვი არ გაიტაროთ გაზაფხულის მძლეთამძლეობაზე! მეორე- მესამე დღეს კვლავ გამობრწყინდება დიდებულად მზე და ზამთრის სახსენებელი ამოიფხვრება.

თითქო ყურის ძირში ზარბაზანი დაუცალესო, უცებ საშინელი გრიალი მოესმა მთიულ ფოცხვერას, რომელიც უნაგირის ტახტასა თლიდა.

- ზვავი გამოსკდა, ლაშარის ჯვრის მადლმა! წამოიყვირა გახარებულმა და თითქო დიდი ხანია, რაც აქა ზის და ამ მოვლენას მოელოდინებაო, შეითანივით კარზე გაიჭრა ბანზე ავარდა და იქიდან ხარბი თვალით დაუწყო მთიდან დაქანებულს ზვავს ცქერა.

- ა ბეჩავ, ბიჭო! აბა შეგაყენონ, თუ კაი ბიჭებია, თავის თოფზარბაზნებითა! ხატის მადლმა, შენ უკან ვეღარავინ დაგაბრუნოს! შენ შენსას არ დაიშლი, სანამ მინდვრად არ ჩაიჭედები! იქაც არ შესწყვეტ მოძრაობას, სანამ სწორე დაცემული ჭალა არ შეგაფერხებს, სადაც მშვიდობიანი ხალხი შრომის უღელს ეწევა. შენ ხო ცოფიანივით შიში არ იცი. რაკი ყელთავქვე დაეკიდები და მთას მოსწყდები, დაექანები ქარიშხალივით და ზღაპრულ გველეშაპივით კლაკვნას იწყობ, როცა დაჭრილი მტრისკენ მიჰქრის სასიკვდილოდ თავგადადებული! ახლა კი ახლოა გაზაფხული! – სთქვა ცოტა გულმოსვენებულმა ფოცხვერამ, რაკი ზვავმა თოვლის კორიანტელსა და ბუქში გახვეულმა ტიტველი მთა ჩამოირბინა უთვალავ ცხენოსან ლაშქარივით, როცა თავდადებულს, თავის სიმრავლით გათამამებულს თავგამეტებით მტერზე საზარელი იერიში მიაქვს!

შეკუმშული თოვლი შავ მუხის ტყეში თეთრი ღრუბლებივითღა ჩანს. ნაკუწ- ნაკუწად აქცევს მას საზარელი გრიგალი და ბუმბულივით აიტაცებს თვალშეუწვდენელ ცის სივრცეში, რომ მერე ისევ ერთად მოაგროვოს და მთებზე ნისლით ჩამოუშვას.

თვალს ვერ აშორებდა ფოცხვერა ამ დიდებულ მოვლენას. განა არ იცოდა, რომ ზვავი, რაკი ერთი დაიძვროდა,სანამ ჭალაში არ გაივლებოდა, აღარ შედგებოდა და ვერც არა ტყე შეაყენებდა, ვერც კლდე. ათასწლოვან მუხას ძირიანად ჰგლეჯდა და ხეობაში კენწეროსავით ისროდა. მაგრამ გულში ცოტა რამე ეჭვის ქარი ეპარებოდა. ისე იყო ზამთრისაგან გულმოკლული, რომ ზამთრის წასვლა სწამდა კიდეც და არცა სჯეროდა.

როგორც მოსულები ამბობდნენ, არაგვზე უკვე ჩირთი შემოსულა, მურყანი და თხილი იშლება, ბარად კი რამდენი ხანია გაზაფხულიაო. მთაშიაც თხილის მჭადას მჭადის ფქვილივით ყვითელი მტვერი გასდიოდა. დგნალს კატის კნუტებივით ფაფუკი ციცუნა ეკიდა.

მაშ გაუმარჯოს გაზაფხულს! გაუმარჯოს ზაფხულის მოსვლას!

1905 წ.