კუდგრძელა წრუწუნას ნაამბობი

მე გახლავარ კუდგრძელა წრუწუნა თხილიპარიაშვილი. მეტად დიდი კუდი მაქვს და იმიტომ დამარქვეს ,,კუდგრძელა”. ჩვენი ბინა სკოლის იატაკქვეშ არის. დაწვრილებით რომ მოგიყვეთ ჩემს ამბავს, გრძელი ზღაპარი გამოვა. ვიცი, თავს მოგაბეზრებთ და ისევ მოკლედ მოგახსენებთ.

პირველად აქ ჩემი მამა-პაპა დასახლებულა.

იმ დროს სათაგვეთში საშინელი შიმშილობა ყოფილა, "ცულისყურობას" რომ იტყვიან.

სათაგვეთის ბეღელ-ორმოები სულ დაცარიელებულია, სასყიდი მარცვალი ვეღარავის უშოვია. შიმშილობას არეულობა მოჰყოლია. სათაგვეთის კეისარი ტახტიდან ჩამოუგდიათ; სულ ერთმანეთში არეულ-დარეულან. ვინაც ვის მოერეოდა, თურმე ართმევდა და სძარცვავდა. შიმშილს თან ჭირიც მოჰყოლია, თაგვები ძალიან დაზარალებულან. ცოცხლები თურმე მკვდრების დამარხვას ვერ ასწრებდნენ და ისე ოხრადა ჰყრიდნენ მინდორზე.

ბევრი ყვავი და ყორანი კი გაძღებოდა იმათი ლეშით; შხამად შეერგოთ.

ეეჰ, ვინ მოსთვლის მაშინდელს ცოდო-მადლს, ხორველობა იმასთან რა გასახსენებელია!

ჩემი მამა-პაპა ცოცხალი გადარჩენილან. ამდგარან და აქ გადმოსახლებულან, როგორც იაკობი ეგვიპტეში გადასახლდა.

კვეხნაში ნუ ჩამომართმევთ და საღმთო წერილი წყალივით ვიცი. სკოლაში რომ ბიჭები კითხულობენ, მე ძირიდან ყურს ვუგდებ და ვიხსომებ. მაშინ ვიტყვი, მოდი, ერთი ავალ და მე დავაყრი ჯორის წიხლებივითა-მეთქი, მაგრამ თან კიდეც მეშინიან იმ ორფეხა აყლაყუდებისა, თუ დამიჭირეს, კუდიდან ტყავს გამაძრობენ.

II
იატაკქვეშ ლამაზი სოროები გვაქვს გამართული. ჩავაგებთ შიგ თბილად, რაც მოგვხვდება, - ბუმბული, მატყლი, ქაღალდი, ძონძმანძი, სხვადასხვა ფარჩის ნაკერები, კამფეტის ფოჩები, ჩალა, დავათბუნებთ და მერე შიგ ჩავსხდებით. თბილად და რბილად წოლა ძალიან სასიამოვნოა. ზამთარში კაცებსავით ჩვენ ცეცხლი როდი ვიცით! მაინც ცეცხლს ვერ ვეწყობით, რადგან ჩალიანი სახლები გვაქვს. ერთიც ვნახოთ, მოეკიდა ჩვენს ბუნაგებს ცეცხლი, ხომ სულ შიგ უნდა გამოვიხრუკოთ. ჩვენთვის ღმერთს ცაზე უნთია ცეცხლი, არც შეშა ეჭირვებადა არც ნახშირი.

ყველა ოჯახს თავისი საკუთარი სორო აქვს!... სოფელი და ქალაქებიცა გვაქვს თითო თემს გამართული. ომი და ჩხუბი იშვიათად ვიცით. მშვიდობიანობა ძალიან გვიყვარს. მამასახლისი და მოსამართლეებიც გვყავს, იმათ უნდა გაგვასამართლონ, დამნაშავე დასაჯონ, მართალი გაამართლონ.

ვისაცა დიდი დანაშაული გამოაჩნდება, ვაი იმისი ბრალი. გადაუწყვეტენ მაშინვე მძიმე სასჯელსა: ხუთჯერ ხუთი გუდა საზდო უნდა მოიტანოს სათაგვეთისათვის იმ ადგილიდან, სადაც ყურდიდა კნავილა ცხოვრობს. ბევრის ძვლები ჩააკნატუნა იმანაც, ნუ დაელიოს ჩვენი ცოდვა!

ჩვენი ხელმწიფე კეისარია. იმისი ცოლი - პეწენიკ დედუფალია. ძალიან ლამაზი და მდიდარი ქალია. ათასი გუდა შაქარი მოჰყვა მზითევში. რაკი თვითონ მდიდარია, ჩვენც დიდ ხარჯს არ გვახდევინებს. სულზე თითო მარცვალი ხორბალი ხელმწიფის ხაზინაში უნდა შევიტანოთ და თითო გუდა შაქარი, ან ქონი, თითო სოფელმა პეწენიკს მიართვას. ტკბილი რამეები ძალიან უყვარს და ძალიან მსუნაგიცა ბრძანდება!...

სასმელად წყალსა და რძეს ვეწყობით. ღვინო მჟავეა, არაყი მწარე, ჩაი ცხელი, პირს დაგვწვავს და იმიტომ არ გიახლებით. წვნიან საჭმელს არა ვჭამთ, რადგან ცეცხლი არ ვიცით, რაზე მოვხარშავთ რამესა?

რბილს საჭმელს არ ვეწყობით.

ჩვენ რომ ხმელი რამე არა ვხრათ, კბილები ისე დაგვეზრდება, რომ ტუჩებს გაგვიხვრეტავს და ღრჯოლებიანი გავხდებით, ხმელი რამე ჩვენთვის მზა არის. სიმინდისა, პურისა, ფეტვისა, ბრინჯის მარცვლები, თხილი, კაკალი, ნუში, შაქარი, ქონი და ამისთანა რამეები ძალიან გვიყვარს.

ცერცვ ლობიოს არა ვჭამთ, გრილია, მუცელს შემოგვბერავს და არც მარხვას ვინახავთ, ისევ კაცებმა მიირთვან...

თაფლიც ძალიან გვიყვარს. თუ მივაგენით, შეუჭმელს არ გავუშვებთ. ზოგჯერ კი შიგ ფეხი ჩაეწებება ზოგსა და მაშინ კი უნდა გამოეთხოვოს მზესა.

III
თქვეს, ჩვენს თავზე, ყმაწვილების სასწავლო ოთახში, მრავალი ნამცეცი ყრიაო. ის რომ ხელთ ვიგდოთ, საზრუნავი აღარაფერი გვექნებაო. როგორ უნდა აგვეკრიფა, ფიქრი დავიწყეთ. ასავალი არა იყო პატარა ჭუჭრუტანების მეტი, რომელშიც თავი ვერ აძვრებოდა.

ბევრი აღებ-დაღების შემდეგ, გადავწყვიტეთ იატაკში ერთი ხვრელი ამოგვეღრღნა. თქმა და საქმის შედგომა ერთი იყო. ათიოდე კბილმაგარმა თაგვმა ჩემი მეთაურობით იატაკს ღრღნა დაუწყო. საქმე სტვირივით წავიდა. ასეთი ხვრელი გავაკეთეთ, გაქცეული ისე ჩავძვრებოდით, თითქო კარებიაო. ჩვენს სიხარულს რაღა შეედრებოდა; ავედით მაღლა. როგორ ავწერო, რამდენი რამე ვიპოვეთ იქა, სად მჭადის ქერქი ეგდო, სად პურისა, სად მარცვლები, სად კაკლის გული და ათასი სხვა. ისე გავძეღით, ისე, რომ მუცლები რუმბებივით გაგვიხდა, უკან რომ დავბრუნდით, ხვრელში კინაღამ გავიჭედეთ.

სათაგვეში დიდი სიხარული იყო. კეისარმაც ჩვენს მამასახლისს საჩუქრად ერთი გუდა ქონში ამოვლებული ქერი გამოუგზავნა. ვზიდეთ და ვზიდეთ ნამცეცებით სავსე გუდები.

რო ავდიოდით, ჯერ გავძღებოდით, მერე თამაშობას დავიწყებდით, გავრბოდით და გამოვრბოდით. ბოლოსღა ავკრეფდით შინ წასაღებ სურსათსა, მოვიკიდებდით სავსე გუდებს და მივათრევდით.

ჩვენში გუდა ქათმის ფეხის წანაყარია, კაცები რომ ხბოს ტყავსა ხმარობენ, ის ხომ არ გეგონათ?..

IV
ჩვენმა თავისუფლად სეირნობამ დიდხანს არ გასტანა. მამასახლისმა რაღაც მოსაზრებით გვიბრძანა, ჯერით გვევლო, გროვა-გროვად, ერთბაშათ ბევრი არ უნდა წავსულიყავით.

-რა ვიცი, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო, - სთქვა მამასახლისმა, - იქ რომ რამე დაგემართოსთ, თქვენს სისხლს კეისარი მე მომთხოვსო.

მაგრამ მისი დარიგება უმეტესობას არ ეჭაშნიკა. ყველას უნდოდა მაღლა ასვლა და თავის ნებაზე სუნსული.

ჩვენი მამასახლისი ბებერი იყო, ვიფიქრეთ, იქნება მოკვდეს და თავისთავად მოგვშორდესო. ველოდით, ველოდით, მაგრამ ის არცა კვდებოდა და ჩვენც ჩვენს ნებაზე ვეღარ დავდიოდით. უნდა გითხრათ კი, რომ რაც ის იყო მამასახლისად, უბედურება არაფერი არ შეგვმთხვევია. ვითმინეთ და ვეღარ მოვითმინეთ! ახალგაზრდებმა შევკარით პირი, ძველი მამასახლისი უნდა გადაგვეყენებინა და ახალი ამოგვერჩია. ერთ ღამეს, როცა მამასახლისს თავის სოროში ეძინა, ოცამდე ბიჭი დავესხით იმის სახლს, მივანგრ-მოვანგრიეთ და ისიც სულ კუდით ვაფხოკიალეთ, დავკბინეთ, გავწიწკნეთ, გავწუწეთ ლოგინიც და დავბრუნდით გამარჯვებული.

რაკი ბებერი მამასახლისი თავიდან მოვიშორეთ, ჯერა ვსთქვით, უფროსი რად გვინდა, როგორც გვინდა, ისე მოვიქცეთ თავისუფლადაო, მაგრამ ძველს ჩვეულებას ვერ ვუღალატეთ, ისევ ჩვეულებამ დაგვძლია.

დავუწყეთ ახალ მამასახლისს ძებნა. ყველამ ჩემზე მოიშვირა ხელი. მე უარი ვუთხარ: ძალიან გრძელი კუდი მაქვს, დავლაობაში დამიშლის და კარგს უფროსობას ვერ გაგიწევთ-მეთქი.

მამასახლისად მერე ერთი ყომრალი ავირჩიეთ, კარგი გვარიშვილი, ყოჩაღი, დიდკბილა, მარდი, თვალწვრილი და ცხვირწვეტი. ჭკუა კი მაგდენი არა ჰქონდა. ან რა საჭირო იყო, ჩვენ გვეგონა მთას ბარად მოგვიტანსო.

ამას იქით ახალი დრო დაგვიდგა.

V
ახალმა მამასახლისმა ნება მოგვცა, როდესაც ჩვენი ნება იქნებოდა, ავსულიყავით და დროება გვეტარებინა. ამის შემდეგ აღარც დღე გაგვაჩნდა და აღარც ღამე. ეს თავისუფლება იაფად არ დაგვიჯდა. ერთხელ ეგეთი უბედურება დაგვატყდა, რომ ახლაც უწუხრად ვერ მომიგონებია. მოგახსენებთ. ერთხელ იმ დროს ავედით მაღლა ოთახში, რომ ბიჭები ისევ იქ იყვნენ. ხელში რაღაც ეჭირათ, თეთრადა შლიდნენ და ელაპარაკებოდა ის თეთრი ამათა. ის თურმე წიგნი იყო. ძალიან გამიკვირდა, უსულო როგორ ელაპარაკება-მეთქი. ძალიან მომინდა მეცა მქონოდა. ვიჯექ მთელი საათი და ყურს ვუგდებდი. ერთს წიგნში ჩვენი კეისარი იყო. მე მეგონდა შიგა ზის-მეთქი,მაგრამ ბოლოს გავიგე, დახატული იყო. ეს ამბავი სხვებს შევატყობინე, ყველამ ერთად გავარიგეთ, ის წიგნი გვეშოვა. როგორც იყო ის დღე დავაღამეთ. მე ყური ვუგდე ბიჭებს, ის წიგნი სადაც შედეს, დავიხსომე.

დაღამდა. ფეხის ხმა მიწყდა. ჩვენი სათაგვეთის ახალგაზდობა ფეხზედ დადგა. ერთს წამში მაღლა ფხაკა ავიტანეთ. ვეძებთ იმ წიგნს. ბოლოს ვიპოვე. აბა, სად დამეკარგებოდა. შევახტი მაშინვე ზედა, შემოსხდნენ სხვებიც. ვზივარ, ვზივარ, წიგნი ხმას არ იღებს. ხან ირგვლივ ვურბენ, ხან ზედ ვახტები, ხანა ვსუნავ, ხანა ვლოკავ, ვღრღნი, ის კიდევ ხმას არ იღებს. გული მომივიდა. მოგიკვდე, თუ კეისარს არ მიგართვა-მეთქი. ძალიან დაგვიმადლებდა და საშვილიშვილოდაც დარჩებოდა ჩვენი სახელი. ჩემი აზრი სხვებსაც შევატყობინე. მაშინვე მომეშველნენ. ზოგი იქით მოვეჭიდეთ, ზოგი აქეთ. ვეწევით რაც ძალი და ღონე გვაქვს. ამ ამბავში რო ვართ და ერთიც ვნახოთ, ტყაპ! მოისმა ტყაპანი. აღარ მახსოვს, როგორ გადავხტი. გულგახეთქილი ერთი თვალის დახამხამებაში სოროს ვეცი, მაგრამ სხვებს კიდეც მიესწროთ. უკანები ფეხს მადგამდნენ ამ ოხერ გრძელ კუდზე და აღარ მიშვებდნენ. რის ვაი-ვაგლახით გონს მოველ. დავბრუნდი უკან, რაკი არავინ მომდევდა, ვნახო, რა არის-მეთქი, მივიპარე, მივიპარე, ის წიგნი გდია ძირს: მაღლიდან გადმოგვიგდია და პარტყა იმან მოიღო. ეს რომ დაინახეს, სხვებიც დაბრუნდნენ. შევუდექით წინანდელ საქმეს, ვეწევით წიგნსა, ვათრიეთ, ვათრიეთ და როგორც იყო ხვრელთან მივათრიეთ. მაგრამ დახე უბედურებას! ხვრელში არ ჩაეტია. რაღა უნდა გვექნა! ვიტრიალეთ, ვიტრიალეთ. მერე მივადექით და დავუწყეთ ხრა, ცოტა-ცოტათი მაინც ჩავიტანოთო. მთელი ღამე ვხარით და ვზიდეთ. გათენებისას დავანებეთ თავი და დავბრუნდით სახლში.

დავიძინეთ. როცა გამოგვეღვიძა, შუადღე იქნებოდა, წამოვხტით საჩქაროდ, წიგნის ჩამოტანას უნდა შევდგომოდით. ჯერ ერთი ავგზავნეთ, თქვა,- წიგნი აღარსად არის, ბიჭები ისევ ისე სხედანო. გადავწყვიტეთ ჩვენი წიგნი გვეპოვნა. ერთ წამში იქ დავიბადეთ. ზოგი სად დავრბოდით და ზოგი სად. ზოგი ბიჭებს შევუძვერით ფეხებში. უბედურებამ თუ გაგვაგულადა. მე და მამასახლისი კარებთან ვიდექით, უცებ ერთი დაიგრიალეს ამოდენა ბიჭებმა, წამოხტნენ და... აღარ ვიცი, რა მოხდა. მე შიშით გულწასული ფეხით ჩამიტანეს დაბლა, ვინც გამოქცეულიყო, თავისთვის ეშველა.

ერთი საშინელი წრუწუნი და ბრახაბრუხი ისმოდა. მიველ, მინდოდა ხვრელიდან ამეხედა, რა ამბავი იყო მაღლა, მაგრამ სადღა იყო ასავალი: ქაღალდები და ნაფოტები ჩაეჭედათ შიგა. დაიღუპა, დაიღუპა ჩვენი სათაგვეთი. ბევრი ახალგაზრდა გამოეთხოვა წუთისოფელს, ბევრს მოეშალა მზე. ვისი დედა ტიროდა, ვისი მამა, ვისი და, ვისი ცოლი და შვილი. გლოვა ზარი იყო სათაგვეთში. იმისთანა ნუღარაფერი ნახოს ჩემმა თვალებმა!

მეორე დღეს ჩვენი მკვდრები გარეთ უპატრონოდ ეყარნენ. რომელსაც პატრონი გამოუჩნდა და მიწას მიაბარა, ხომ კარგი, და რომელსაც არა, გახდა კაჭკაჭის საწიწკნი. ზოგს თავი ქონდა დაჩეჩქვილი, ზოგს წელი მოწყვეტილი, ზოგისა ტყავი და ხორცი ერთმანეთში იყო არეული, ზოგს გადაღვლეპილი კუდიღა გაეშვირა. მე, მამასახლისი და კიდევ რამდენიმე გადავრჩით, სხვანი სულ იქ დაიხოცნენ. მთელი სათაგვეთი კი არ გაწყვეტილა. ჭკვიანები დარჩნენ. იმათ მაღლა არც კი აუხედნიათ; გიჟმაჟი ვაჟები გასწყდნენ. საუკუნოდ იყოს იმათი სახელი! ახლა ვფიქრობ, იქნება ბებერი მამასახლისის ცოდვამაც გვიყო. ბევრ სხვასაც გიამბობთ თუ გესიამოვნებათ: თუ რა მოუვიდა ყომრალს და როგორ იყო ჩვენი ომი კატასთან. ახლა კი თქვენც დაიღალეთ და მეც ცოლ-შვილს უნდა მივხედო.

1898 წ.