მგლები
შორს, ძალიან შორს არის გადაჭიმული შირაქის ველი. აქ სოფლებს ვერსადა ჰნახავს კაცი. აქა-იქ მხოლოდ ფშავლებისა და თუშების ფარეხები მოჩანან და წივის ცეცხლის ბოლი, იძაფება. აქ ღამე ვერც არავინ მამლის ყივილს გაიგონებს, მხოლოდ დაყმენდილი მგლების ყმუილი მოისმის ივრისა და ალაზნის ჩალიანი ნაპირებიდან და მეცხვარეების ძაღლების წკავ-წკავი და ყეფა.
თოვლი იშვიათად მოვა და როცა კი დათოვს, მაშინაც დიდხანს არ გასტანს ხოლმე. შირაქის
მცხოვრებელი მეცხვარეა თავისი ცხვრის ფარების და ნახევრად განადირებული ცხენების ჯოგებით.
მგლებიც მეცხვარეებთან ერთად მთა-ბარობენ; ზაფხულში მთაში დასდევენ ცხვრის ფარებს და
ზამთარში შირაქს ეტანებიან; საჭმელი მუდამ ეგულებათ, თუ ცოცხალი არა, მკვდარს ხომ
ბევრს გადმოჰყრიან მეცხვარეები. თუ ისიც არ არის და, მაშინ გაონავარებულები ასდევენ
და ჩასდევენ საქარავნო გზებსა. მინდვრის მგელი საშიშიაო, - იტყვიან მეცხვარეები,
- ნამეტნავად, როცა ჯოგშიაო. კაი ბიჭი უნდა, რომ იქ თოვლიან ზამთარში ღამე გაბედოს და შორს მანძილზე წავიდეს.
***
ახალწელიწად ღამეა. შირაქის მინდორზე თოვლი ძევს, აქა-იქ ბინებზე ძაღლების ყეფა ისმის; ქევხა (მდიდარი) ხარანაულის ბინაზე შეყრილან ფშავლებ-თუშები და საუბრობენ თავის ნაცად-ნახადზე. ალაზნის მხრიდან მგლების ყმუილი მოისმის. ეტყობათ, რომ მგლები გზის პირს მოსდევენ.
- ცივი ზამთარია, - თქვა თუშმა ლეომა, - ე ოხერი მგლები ძალიან იტანებიან. ლამის ფარეხები გამოგვითხარონ მაგ ოხრებმა. კაი ხანია, ასე მრავლად არსადა ყოფილან. მაგათი ყმუილი უერთოდ არ ჩაძირდება (ჩაივლის), ნავნებს იზმენ რასმე. მინდოდა ხვალისთვის ლაგოდეხს მწყემსი გამეგზავნა, ღვინო გადმომეტაინებინა ბედნიერი დღისთვინა, მაგრამ ვერ გავბედე ნადირის შიშითა. ვიცოდი თავის დროზე ვერ გადმოვიდოდა და ღამე სიარული ემ დროს საშიშია.
- ღვინო ჩვენც გვინდოდა, - თქვა ხარანაულმა, - მაგრამ ისევ ხვალ დილით გავაქცევ ცხენით და კიდევ მალე მოგვისწრობს.
- სუთ, სუთ! – დაიძახეს რამდენიმე ბიჭმა ერთად, - აბა, ყური დაუგდეთ, იმ ოხერი ერთი მგლის ხმა როგორ ერჩევა, როგორა ღრიალებს!
მართლაც მოწმენდლი ცა და დაყუჩებული ჰაერი იყო. ისეთი გულის შემზარავი ყმუილი ისმოდა, რო იტყოდით, მთელი მინდორი მგლებადა ქცეულაო. ამაში უფრო გამორკვევით ერთი მგლის ხმა ისმოდა, რო დაიღრიალებდა, იტყოდით, დედამიწას გულიდან მოსწიაო, გააბამდა და ბოლოს თითქო იხრჩობაო, ხრიალით დააბოლოვებდა, მთელი მინდორი კვნესოდა. შეშინებული ძაღლებიც სულ ერთმანეთს ეკვროდნენ და საცოდავად გაჰყმუოდნენ ალაზნის პირისაკენ...
- სწორედ ეს დრო იქნებოდა, ბიჭებო, - დაიწყო ხარანაულმა, - ფშავში მივდიოდი. ძალიანა ჰყინავდა და ახმეტაში შევსადილდი, ცოტა ღვინო გადავკარ სითბოსთვის და ამის გამო შემიგვიანდა. მაღალახადს რო შევუდეგ, დაღამდა. მთვარიანი ღამე იყო და რახან თოვლიც იდო, დღესავით იყო გავარვარებული მთელი კახეთი. მარტო ტყე იყურებოდა შავადა. რამდენიც შეღამდა, უფრო და უფრო მოუჭირა ყინვამ. ქალმები რკინასავით დაიყინა და დაილუსა, გზას სულ ლაწა-ლუწი გაჰქონდა ფეხებქვეშ.
ცხენი მყვანდა, მაგრამ ამ სიცივეში ცხენზე რა შემსვამდა, ქვეითად მივდიოდი. გძელი ვახშმობა იქნებოდა, რო ავანახევრე მაღალახადის მთა. თან ჩემი ყელჭრელი ხირიმი1 მქონდა. მაშინ ხო ბერდენკები არ იყო! გამეგონა და ვიცოდი კიდეც, რო მაღალახადაზე მგლები იცოდა და მეც ფრთხილად ვიყავ. ღვთის წინაშე, შიშით არ მეშინოდა, მე მგლებს არაფრად ვაგდებდი; თოფიან კაცს როგორ შეჰბედვენ-მეთქი, ვამბობდი თუკი ვაჟკაცი ვარგა და ან გული შერჩა-მეთქი.
მე არხეინად მივდიოდი, რომ თოვლის ხრიალი და ფეხის ხმა შემომესმა. ცხენმა ყურები ცქვიტა და უკან-უკან წევა დაიწყო. მე თვალი გზაზე დამრჩა. ესე, ოცდაათი ნაბდის გაშლაზე,2 ერთმა მგელმა გზა გადამიჭრა და გზის ნაპირზე დადგა და ცქერა დამიწყო. თან თოვლს დაუწყო ფეხებით თხრა და აქეთ-იქით სროლა, როგორც ძაღლებმა იციან მტრის დანახვაზე. მე ცხენს გავუჯავრდი, რო მომყოლოდა. თოფი გადმოვიღე და პირდაპირ წაველ. იდგა ისიც და რაკი შემატყო, რო თოფი აქვსო, იკადრა და გორის პირისკენ გახტა. თოფის ხელმეორედ გატენა მეზარებოდა სიცივეში, დამიგვიანდებოდა კიდეც და ამიტომ აღარ ვესროლე.
არხეინად გავსწიე. ცოტა ხანს შემდეგ გორის პირიდან საზარელი ყმუილი შემომესმა. ყმუილს გაღმა-გამოღმა ამ გაუვალმა ტყემ ხმა მისცა და შორს, შორს ხევხუვში ჩაიღუპა. მშიშარა არა ვარ, მაგრამ ამ ხმაზე სულ ჟრუანტელმა დამიარა ტანში. კიდევ დაიყმუვლა და ხეებიდან გაყინულმა ჭირხლმა წკრიალით დაიწყო ჩამოდენა ძირსა. ორჯერ თუ სამჯერ კიდევ დაიყმუვლა და მერე გაჩუმდა. ცოტა ხანი გამოვიდა და ილტოს მხრიდან ხმა მისცა ერთმა მგელმა. მეორემაც გაღმიდან მოსცა ხმა. მალე იმათ მესამეც მოემატა და გააბეს საზარელი ყმუილი. მე ვიცოდი, ეს ყმუილი რისაც მომასწავებელი იყო და ფეხს ავუჩქარე. გაქცევა კი არ მინდოდა და ვერც გავიქცეოდი, რადგან უფრო საშიში იყო.
მგლების ყმუილი თანდათან ახლოვდებოდა. ეხლა ვეღარ ვარჩევდი, რამდენი ყმუოდა. ბეჩავი ჩემი ცხენი ასეთი იყო, სულ ფრუტუნებდა, ფრთხებოდა და უნდოდა გაქცევა, მაგრამ გაჭირვებაში მე იმის იმედი უფრო მქონდა. მზესავით მთვარე იდგა და ჩემ წინ და უკან ასე ჩანდა გზა, თითქოს ხელის გულიაო. უკან მივიხედე და წეღანდელი მგელი დამხვდა წინა, ამდევნებოდა და ელქეშად3 მომდევდა. იმან იცოდა, რომ სხვებიც მიეშველებოდნენ და იმიტომ იყო ესე გულადადა. მართლაც, იმედი არ გაუცრუვდა.
მოსახვევი გზა გავიარე და წინ ორი მგელი ამეყუდა. აქეთ-იქით ცეცხლის ნაპერწკლებივით დაიწყეს მგლის თვალებმა ციცაობა და ჩემ უკან გზაზე და გზის იქით-აქეთ შემომწკრივდა ერთი ათამდე მგელი. ამათ ყმუილი შესწყვიტეს და მხოლოდ შორს, ცივ-გომბორის მთის ტყეებშიღა ისმოდა კიდევ სხვა მგლის ყმუილი. ის კი მე რას მიზამდა, ალბათ იმან იქ სხვა თუ ნახა რამე კბილის გასასველებელ და ამხანაგებს ეძახდა.
ის ორი მგელი ზედ შუა გზაზედ გაიხიდნენ. ერთი წამოწვა ტოტებზე, თითქო გადაფრენა უნდაო და მეორე კი გაშეშდა და არ მაშორებდა თვალსა. წასვლას აღარ აპირებდნენ. მეც გადმოვიღე თოფი და ჩახმახშეყენებულმა იმათკენ გავწიე; სხვა გზაც არა მქონდა, რაც იქნებოდა, იქნებოდა, უნდა გამევლო. მართალია, ტყული კაცს შეარცხვენს, რომ მოვიტყუილო, რა იქნება, - შევკრთი, მაგრამ ეს ვიცოდი, რო კაცის გაშტერებულ თვალს ნადირი ვერ გაუმაგრდება და გზასაც თურმე, ლომის მეტი, ყველა მისცემს კაცს. მეც თუ მიშველიდა რასმე, ისევ სიგულადე, თორემ თუ შევშინებულიყავ, საეშმაკოდ გავხდებოდი. ხელში გატენილი თოფი მეჭირა და ხანჯალიც მეკრა. ვთქვი: თუ გზა არ დამიგდეს, ერთ-ერთს თოფით გავაგორებ და ერთსაც დავხანჯლავ-მეთქი.
გამიგონია, რომ თურმე, თუ ჯოგში მგელი დაიჭრა და ამხანაგებმა სისხლი დაინახეს, მიეხვევიან და შესჭამენ. მგელი რაკი კბილს გაისისხლიანებს, მერე უფრო საშიში ხდება და კაცსაც ადვილად მიჰბედავს.
მე კიდევ იმის იმედი მქონდა, ნათელი ღამე იყო და მგლები ისე ვერ მომეპარებოდნენ, რომ ვერ დამენახა. თუ ძალიან გამიჭირდებოდა საქმე, გულში ისე მქონდა, ცხენი უნდა მიმეგდო მგლებისთვის და მე თავისთვის მეშველა.
თქვენ კარგად იცით, რო სანამ თიანეთს არ გადახვალ, არსად სოფელია და არსად სახლი. მართალია, ტყე კარგია, მაგრამ ხეზე ასვლაც ხათაბალაა, ჯერ ერთი, ცხენს თავს ვერ დავანებებდი, მეორე ეს, რომ ხეზე სიცივე მომკლავდა, ან კიდევ მგლები აამყრალებდნენ და ჩამომაგდებდნენ. აგრე ერთი ფშაველი ასულიყო ხეზე მგლებისგან გამოქცეული; მგლები ისე აყროლებდნენ თურმე, რო კაცი დაბნედილიყო და სარტყლით რო არ მივკროდი ხეს, უეჭველად ჩამოვვარდებოდიო...
მივდივარ მგლებისკენ და დგანან ისინიც გაშეშებულები. რაკი მივუახლოვდი და მივუახლოვდი, როგორღაც შეთოთქორდნენ – შევატყვე, ისეახლოს ვიყავი, რო იმათი სულის ქცევაც მესმოდა. მაშინ კი გადვუღე ჩემი ხირიმი. თეთრმა სალტებმა და თოფის ბრჭყვიალა ლულამ რაკი გაილევა, მგლები ისე გადახტნენ ტყისაკენ, რო თვალიც ვეღარ მოვკარ.
ჰაი, ბიჭებო, თოფს სხვა ზავთი1 აქვს. თოფის ლულის წინ ვინ არ შეკრთება, ვის არ მოაგონდება სიკვდილი.
რაკი ისინი გაიქცნენ, სხვა მგლებიც უკან შედგნენ. ვიარე მე და მდიეს იმათაც. ვერა და ვერ მომწონეს (შემბედეს). ბოლოს და ბოლოს რაკი თიანეთისკენ გადავხედე, დამიწყეს მგლებმაც სათითაოდ ჩამოცლა. ბოლოს ორიღა მომდევდა. მგონი, წინ რო დამიდგნენ, ისინი უნდა ყოფილიყვნენ. რაკი სამშვიდობოს გაველ, მივუბრუნე თოფი და მივახალე. ღმერთს მადლობა შევწირე გადარჩენისთვის.
- განა, ბიჭებო, ბევრი თქვენგანი თავს შეირცხვენდა, ჩემს ადგილას რო ყოფილიყო? – დააბოლოვა ხარანაულმა. ბევრმა გაიკვირვა ხარანაულის ნაამბობი და ბევრმაც, თავმომწონე ბიჭებმა, იუკადრისეს იმისგან დამცირება.
- რავა, ჩემო ძმაო, ე ბიჭად შენ ჩვენ ვერა გვჯობიხარ და თუ შენ ქართული თოფი გქონდა, ჩვენ ბერდენკებიცა გვაქვს. ჩვენ სულაც არ შევეპუებით მგლებსა, თუკი საკმაო ტყვიები გვექნება.
- თოფი ხომ კარგია და კარგი, მაგრამ გული ყველაზე მეტია ბიჭებო. – თქვა თუშმა ლეომა, - შეშინებული კაცი წარამარა დაიწყებს თოფის სროლას, პატრონებს ტყუილ-უბრალოდ დასწვამს და მგლებსაც შეეჭმევა.
- მართალია, მართალი, - მოუწონა რამდენიმე ხანში შესულმა მწყემსმა.
მხოლოდ ერთი თუში ნადიბაისძე იყო წინააღმდეგი, - ვერც შემაშინებენ მგლები და ვერც არას მიზამენო.
- არ გადაგხდია თავსა, ნადიბაისძევ, ძმაილავ, იმიტომ ამბობ მაგრე, თორემ თუ სადმე დაგეხვივნენ ის ყურდაუჭრელნი, ავად გაცვლეინებენ ფერსა, - შეუხირდა ფშაველი ბეწინა.
- აი, ეს ბურთი და ეს მოედანი, - თქვა თუშმა ნადიბაისძემ, - ახლაც ხო ნაკლები ღამე არ არის და არც ნაკლები მგლები, ხო გესმით, რა ამბავი აქვთ. მე სანაძლეოსთვის ახლა ლაგოდეხს წავალ და იქიდან ღვინოს მოვიტან. ხო იცით, გზაც შორია და თავმოუფარებელი მინდორიც, კაცს რო გაუჭირდეს, ერთ ხეს ვერა ჰნახავს. აი, ვისაც უნდა, ათ თოხლზე დავენაძლევები. არც ცხენს წავიყვან, ლეოს ბერდენკას წავიღებ, ერთი ოცდაათი პატრონა მომეცით და ხმალს შემოვირტყამ.
ნადიბაისძეს სიტყვებზე მწყემსებს ჩოჩქოლი შეუდგათ.
- არ იქნება, შვილო, რა დროს სიარულია, ხომ არ გაგიჟდი, - უთხრა ხარანაულმა, - განა ვისაც თავი არ მოსძულებია, ეხლა კარში გავა?! მე კი შენს ცოდვას ვერ ავიღებ და სხვამ თავისი იცის.
- არა, ნადიბაისძევ, დაჯექ, შენს ქურქში ეგდე, - გაუჯავრდა თუში ლეო, - შენა, ძმაო, ერთს რასმე უბედურებას შეიმთხვევ და შენ დედ-მამასთან რა პირითღა მიგვესვლება, არა, თამარ მეფის მადლმა, მე კი ვერ გირჩევ და.
- ლაშაჯვრის მადლმა, შენ ტყუილა ტრაბახობ, თუში ხარ ცარიელა ტრაბახა, თორემ ვიცი, რაც გული გრჩია, - გაეპასუხა ფშაველი ბეწინა, - შენ არ იყავ, შარშან რო თათრებმა გამოგაქციეს, ახლაც ისევ ნადიბაისძე არა ხარ?
- მოდი და გაუწყრეს თამარ მეფეცა, ალავერდის წმინდა გიორგიც, წვერის წმინდა გიორგიც და ფშავ-ხევსურეთის სალოცავებიც, ვინც პირს გადავიდეს, მოდი დამნაძლევდი ათ თოხლზე, თუ მე ამაღამ თუქურმიშას გადაველ, იქ ხომ ნაცნობი მედუქნე გვყავს, იმასა ჰკითხეთ, როდის მიველ, მაშინ ათი თოხლი შენც მომეც, ბეწინავ, თუ ვერ გადაველ და გზიდან დავბრუნდი, მე მოგცემ ათ თოხლსა, - დაამთავრა ნადიბაისძემ.
- ჰა, ხალხნო, რას იტყვით, ყაბულსა ხართ თუ არა?
- მე ყაბულსა ვარ, - თქვა ბეწინამ.
ხარანაულმა და თუშმა ლეომ ბევრი უშალეს ნადიბაისძეს, მაგრამ არ დაიშალა.
დაარიგეს, ვისთანაც უნდა მისულიყო და კაცებიც დაესწრო.
აიღო თუშმა ნადიბაისძემ თოფი, პატრონებით სავსე, სასწრაფოდ ახსენა თუშეთის სალოცავები და გაუდგა გზას...
მთვარემ გადაუარა შირაქის ველსა და ცივ-გომბორის მთას დაადგა თავზედა. მრავალი და სასწორი საშუაღამოს გადასცდნენ. შორს, დასავლეთისაკენ, რომ ერთი ბეწვა ღრუბელი მოსჩანდა, დაიკარგა. ცა ისე მოიწმინდა, თითქო ცოცხით დაუგვიათო. წვრილი ვარსკვლავები უფსკრულში მიმალულიყვნენ და ოდნავღა ციმციმებდნენ. უფრო მსხვილ ვარსკვლავებს ბრდღვიალი გაჰქონდათ. იმათ არც მგლებისა ეშინოდათ და არც ძირს ჩამოვარდნისა. უჰ, რა მაღლა იყვნენ.
- ძალიან მოვტყუვდი, - თქვა ნაღვლიანად ბეწინამ, - რო ავუხირდი. მე რო არ დავნაძლევებულიყავ, ის ხომ არ წავიდოდა. რო რამე აუტყდეს, კაცო, იმის ცოდვაში ხო მე ჩავდგები!
- არა უშავს რა, თუ ყოჩაღად მოიქცევა, - თქვა ხარანაულმა. – სიფრთხილეს თავი არა სტკივა, ცხენები მზადა გყვანდესთ, თოფები და პატრონებიც მოამზადეთ, დაძინება არ იქნება...
ერთხანად ძაღლებმა ხმა გასწყვიტეს და ღრმა ძილს მისცეს თავი. მგლებმაც ყმუილს უკლეს და ბოლოს სულ გაჩუმდნენ.
- იქნება ამ ბაღლმა íისახელოს თავი და მშვიდობით გადავიდეს ლაგოდეხსა! – თქვა თუშმა ლეომა.
- ნეტავი არ იქნება! – წამოიძახეს ყველამ ერთად.
- მეძნელება კი, ლეო, და არ ვიცი, როგორღაც ცუდი მხარი მეუბნება, - დაეპასუხა ხარანაული.
ამ ლაპარაკში იყვნენ, რომ ძაღლებმა საერთო ყეფა და განგაში ასტეხეს.
მწყემსები მაშინვე გარე გამოცვივდნენ. ზოგი ფარეხის ბანზე ავარდა!
- თოფის ხმა იყო! – დაიძახეს ფარეხზე მყოფებმა.
- თამარ მეფის გამარჯვებამ, თოფის ხმა იყო! აგერ მეორეც გავარდა!.
მართლაც, პირველ თოფის ხმას მეორეც მოჰყვა, მესამეც და მერე დაატყვრა ზედიზედ.
- არიქათ, ჩქარა, ბიჭებო! ცხენები! ჩქარა, თორემ საქმე რომ არ უჭირდეს, არ დაიწყებს მაგრე სროლასა.
ზოგი თოფისთვის გარბოდა, ზოგი ცხენზე ჯდებოდა. სულ ერთს წუთს უკან თურქუმიშისკენ მიმავალ გზიდან ცხენების ნალის წკრიალი ისმოდა და მწყებსების თოფის ხმა...
მართლადა, თუშ ნადიბაისძეს დიდი გაჭირვება ადგა.
მწყემსები რო მივიდნენ, მგლის ჯოგი გაქცეულიყო მათ მიახლოვებაზე. ნადიბაისძეს თოფი გადაეგდო და ოთხივკუთხივ ხმალს იქნევდა, თანა ჰკიოდა. იქვე ორი მგელი შუაზე გაჭრილი ეგდო.
ბევრი უყვირეს მწყემსებმა, ბევრი უძასეს, ნუღარ გეშინიან, ჩვენა ვართ, მაგრამ ვეღარა გააგონეს რა.