ნიბლია

დადგა ზაფხული. ჰაერში სითბო დატრიალდა. ყველგან ამოყვეს თავები პატარა ნაზმა ყვავილებმა და მიესალმნენ ერთმანეთსა გრძელი ძილის შემდეგ. ირგვლივ ათასნაირი მწერები აირივნენ. ჩიტებმაც მოიძებნეს ადგილი ბუდეებისათვის, სადაც უნდა დაბინავებულიყვნენ და გამოეჩეკათ ბარტყები. ყველაზე მეტს ერთი პატარა ნიბლია დახტოდა და გაფაციცებით ეძებდა რაღაცას. აგერ იპოვა ერთი ბუმბული და სიხარულით სადღაც გააქანა. დაბლა გაფოთლილ ჩირგვზე მოსჩანდა ნაშენ-უშენი ბუდე. იქვე დაფანთხალობდა ნიბლია.

*** გავიდა ერთი კვირა. ნიბლიამ დასდო ოთხი კვერცხი და ჩაჯდა ბუდეში. ნიბლია ერთ წამსაც არა შორდებოდა ბუდეს და მუდამ იმის შიშში იყო ვაი თუ ან მტერმა არ წამიხდინოს ბუდე და ან გამიცივდეს კვერცხებიო. თუ რომლიმე კვერცხი გამოჩნდებოდა ფრთის ქვემოდან, ჩიტი მაშინვე შეაგორებდა მხრებსქვეშ და ჩაჰჭუჭკავდა თბილად. მამალი ნიბლია მუდამ თავის მეუღლის ზრუნვაში იყო: დღე დაფრინავდა მინდორში საჭმლის საზიდავად, ღამე კი ბუჩქის შტოზე იჯდა და სდარაჯობდა დედალ ნიბლიას. საწყალი ნიბლია! ბევრს შიშს კი გამოივლიდა ხოლმე საბრალო, როდესაც ღამე გამოეღვიძებოდა და ბურანში მოესმოდა რამე ხმაურობა! ბუზის ბზუილიც კი შეაკრთუნებდა საბრალოს! ერთ დღეს, აკი მაინც, კინაღამ უბედურება ეწვია.

*** დილა იყო. ცხვარი მთის კალთებზე შემოფენილიყო; მეცხვარე იჯდა და სევდიანად სალამურს აკაკანებდა. კურდღელი ხარბად ჰწიწკნიდა დანამულს ჯეჯილს. ტოროლა “ცას წავალს” იძახოდა. მზეს პირი მოეკრა მთების წვერებისათვის და ჯერ ჭალამდე ვარ ჩამოეღწია. დედა ნიბლია იჯდა ბუდეში და ფიქრობდა მინდორში წასულს მეუღლეზე. უცებ ფეხის შლარტუნი მოესმა და ის ჩირგვი, სადაც ნიბლიას ბუდე იყო, ძირიანად შეინძრა. ნიბლიამ აიღო თავი მაღლა და დაინახა ალალი, რომელიც ირგვლივ ატრიალებდა ცეცხლივით თვალებს და წვეტიანს ნისკარტს აქეთ-იქით იბრუნებდა. იმ წყეულს ყვითელ ფეხზედ კიდევ ეცხო სისხლი თავის მსხვერპლისა. ნიბლია სულგანაბული შესცქეროდა ალალს და შიშობდა, რამე ხმაურობით იმის ყურადღება არ მიექცია. უცებ ფეხის ხმა მოესმა. მხარზედ თოფგადაკიდებული მონადირე გამოჩნდა. ალალმა გაშალა ფრთები და გაუდგა ყანებით დაფენილ მინდვრებს. ნიბლიამ თავისუფლებით ამოისუნთქა და სიამოვნებით ჩაყო ნისკარტი კვერცხებში. რა კეთილი იყო ამ დროს მონადირე! ღმერთო! რომ არ მეშინოდეს, გავფრინდებოდი და დავაჯდებოდი მხარზედ ჩემს მხსნელსა! ღმერთმა დაგილოცოს გზა, ღმერთმა, ჩემო მხსნელო! - იძახოდა ნიბლია.

*** ამოვიდა მზე. ნამი შეშრა ყანებზედ. პეპლები აფრთხიალდნენ ყვავილებზე. ფუტკარიც აბზუილდა. ცოტა ხანს შემდეგ მამალი ნიბლიაც მოვიდა. მოუტანა სადილი. დედა ნიბლია ფრთებგაშლილი მიეგება ძვირფას მეუღლეს და ცრემლმორეულმა დილანდელი ამბავი უკლებლივ უამბო. დედა ნიბლიამ მალე ბარტყებიც გამოჩეკა. იმის სიხარულს რა შეედრებოდა! დახტოდა, დაფრინავდა. გალობდა და შეჰხარობდა თავის უსუსურ ბარტყებს. მამალი ნიბლია ჩვეულებისამებრ მინდორში დაფრინავდა საჭმლისათვის. ახლა შვილებისთვის უფრო მეტი ჯაფაც მოელოდა, მაგრამ არ ემძიმებოდა იმას შვილებისათვის შრომა. ნათქვამია”საწყალ კაცს ქვა აღმართში მისწევიაო”. ნიბლიასაც ეგრე მოუვიდა. ერთ დილას მამალი ჩიტი საჭმელზე წავიდა. რადგან ჯერ დილა იყო და ციოდა, ბუზებს ვერ გაებედათ თავის საფრებიდან გამოფრენა. კალიებიც კომიჭების პირებში იყვნენ მიმალულები. მამალი ნიბლია იჯდა ნარზე და გალობდა. მზე სიხარულით უცქეროდა ჭრელ ქვეყანას. ნამები ფოთოლ-ყვავილებზე ელავდნენ და ბრჭყვინავდნენ. ჩიტი მთლად მოეხიბლა მზეს. ალბათ გრძნობდა რომ უკანასკნელად უცქეროდა ამქვეყნის მნათს, მაცოცხლებელს. ალალი გაჰკვრიყო მიწას და გაჩქარებით მოცურავდა ჰაერში. ეტყობოდა, რომ იმის გულში კეთილს არ ჰქონდა ადგილი, უცებ შეშინდა ნარზე მჯდომარე ნიბლია. სიფთხილეს თავი მისცა და ჯერ ნელა წამოვიდა, რომ ნიბლიას არ გაეგო და არ გაფრენილიყო, მერე უცებ მოკუმშა მხრები, დაიქშუვლა და ელვასავით დააწყდა თავზე ნიბლიას კლანჭგაშლილი. - მშვიდობით, ჩემო მსჰვენიერო მეუღლევ, მშვიდობით ჩემო პაწაწინა ობლებო! ვეღარ მნახავთ და ვეღარც გნახავთ თავის დღეში! მშვიდობით მზევ! შენ გიგალობდი, შენ გიგალობებ შემდეგაც, ეგები კიდევ დიდხანს ანათო ჩემი შვილებისათვის. ეს კიდევ სთქვა და გაკმინდა ხმა ალალის ბრჭყალებში საწყალმა ნიბლიამ. გახარებულმა ალალმა გასწია ტყისაკენ, რომ იქ შეეჭამა თავისი მსხვერპლი. იმ ალაგას, სადაც ალალმა ისადილა, სისხლით გაბასრული ბალახები მოსჩანდა. სიო უბერავდა და ათამაშებდა ნიბლიას ჭრელ ფრთებსა და ბუმბულებსა.

*** დედა ნიბლია მოუსვენრად ელოდა ამხანაგის დაბრუნებას ეხლა უფრო რაღაცა სურვილმა მოუარა იმის ნახვისამ. გული უკვნესოდა, ცრემლებით ებანებოდა. გადიოდა საათები, ნიბლია კი არა სჩანდა. დედა ნიბლია უფრო და უფრო დაღონდა. მოლოდინში დღეც გავიდა და ღამეც, მეორე დღეც შავად გათენდა ნიბლიასათვის. არ იქმნა; ნიბლია აღარ დაბრუნდა. ვინ იცის, ვინ დაიტირებდა საწყალს? სამარე კი მოსისხლე მეჩიტიამ გაუთხარა თავის გაუმაძღარს შავს მუცელში. დედა ნიბლია მწუხარე გულს შვილებთან ართობდა, მაგრამ მოსვენებას კი გული მოკლებული იყო. ახლა თვითონ უნდა ეზრუნა თავისათვისაც და შვილებისათვისაც. ხანდახან დიდხანს მოუხდებოდა ხოლმე მინდორში დარჩენა, რადგან ავდრიან დღეში ადვილი არ იყო საჭმლის შოვნა. ერთს დღეს ორმა მოუსვენარმა სოფლელმა ბიჭმა ტყისაკენ გასწიეს, სადაც ნიბლიას ბუდე იყო. თითქმის ყველა ჩირგვი და ჯაგი გადასინჯეს, გადააბრუნეს იცქირებოდნენ ხის ფუღუროებში, ევლებოდნენ ხეებს კენწეროებზე. ბოლოს ნიბლიას ბუდეს მოადგნენ. ბავშვები ირგვლივ შემოეხვივნენ ბუჩქსა და დაუწყეს ჩხრეკა. აი გამოჩნდა ბუდეც, ნიბლია ბუდეში არა სჩანდა. საჭმლის საშოვნელად იყო წასული მინდორში... ფეხის ხმაზე ბარტყებს გამოეღვიძათ და დაიწყეს წიწინი. ბავშვები მიხვდნენ, რომ უთუოდ აქ ბუდე იქნებაო. იმ წამსვე შეძვრნენ ჯაგში. ბუდიდან ოთხ ბარტყს გადმოეყოთ თავები და ყვითელს პირებს აღებდნენ, თითქო ბავშვებს გამარჯობას ეუბნებიანო. საჩქაროზედ ამოასხეს ბავშვებმა ბარტყები და სიხარულით გასწიეს სოფლებში. ბავშვებმა არ დახოცეს ბარტყები, - უნდა გავზარდოთ, გალობა ვასწავლოთო. გამოიყვანდნენ გარეთ, მოაბამდნენ ფეხებზე ბაწარს და გაუშვებდნენ ჰაერში. საცოდავებს ეგონებოდათ, თავისუფლები ვართო, და სიხარულით გაშლიდნენ მხრებს. მაგრამ ბაწარი ისევ მიწაზედ ჩამოაგდებდა ხოლმე მხარგაშლილებს. მერე ბავშვები დაუწყებდნენ წევას და ათრევდნენ მიწაზე. ასე ასწავლიდნენ გალობას ბავშვები პატარა ტყვეებს, სანამ საწყლებს ბავშვების ხელში არ ამოუვიდათ სული. მერე გაიტანეს და ჭიების საჭმელად სანაგვეზე გადაყარეს. სად იყო დედა ნიბლია? საწყალი დედა გახარებული მოფრინავდა თავის შვილებთან... მერე სად იყვნენ ბარტყები, რომ წიწინით არ მიეგებნენ დედას? სად დაიმალნენ? იქნება აღარ უყვართ თავისი მშობელი დედა, თავი დაანებეს და გაფრინდნენ?! ვინ იცის, სად არ დაფრინავდა საწყალი ნიბლია და სად არ დაეძებდა თავის შვილებს?! გავიდა დღე, გავიდა მეორე, მესამე; ბარტყები არსად იყვნენ...


ნიბლია კლდეებს შესჩივის,
ასმენს მთებს თავის ტირილსა,
და თან გაატანს კვნესასა
ბალახის ნძრევა-ბიბინსა!

1886 წ.