სამჭედლოში

- დაუბერე, შვილო, დაუბერე, ხვალ კვირაა, ზეგ ახალი წელიწადია, გავაკეთოთ რამე, რომ გავყიდოთ და საახალწლოდ ვიყიდოთ რამე, - უძახდა შავად ჩამომხმარი მჭედელი კარგუა თავის რვა წლის მიხიასა, რომელსაც მეტ სახელად ,,კურკანას’’ ეძახდნენ. და მართლაც, ისიც ბევრით არაფრით გაირჩეოდა ნეხვზედ ნაყარ მზისაგან გაშავებულ ყურძნის კურკისაგან.

მიხიაც, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ებრძოდა საბერველს. იმის განიერ მუცელს მკლავებს ძლივს აწვდენდა და ეძაძგურებოდა დაბერილ საბერველის გუდებს; თუ მარცხნივ აწვებოდა, მაშინ მარცხენა გუდა იფუკებოდა და ამავე დროს მარჯვენა იბერებოდა; სამაგიეროდ, როცა მარჯვენა გუდის დრო მოვიდოდა დაფუკვისა, ახლა მარცხენა იბერებოდა; საბერველს გამოეყო ქურასქვეშ რკინის ტუჩი და ქშუტუნი გაჰქონდა ცეცხლქვეშ ნახშირებში; ქარს ჰაერში ნაცარი და ნაპერწკლებად ქცეული ფერფლი აჰქონდა, ნაკვერჩხლები მხიარულად ბდღვიალებდნენ და ტკაცატკუცი ედგათ.

მიხიამ გადმოიხედა, დრო ხომ არ არის დავაყენოვო, მაგრამ მამას რაღაც სქელი რკინა შეედო ცეცხლში, თან დიდი მარწუხით ატრიალებდა, ეტყობოდა ბერვა დიდი სჭირდებოდა.

- დაუბერე, უნდა ადუღდეს, აი, ეგრე, ეგრე! აი, ყოჩაღ ბიჭო, ეგრე ბიჭო! – იძახდა წახალისებული კარგუა, თან ცეცხლში მუჭით წმინდა ქვიშას ჰყრიდა, რკინას ხან გადააბრუნებდა, ხან გადმოაბრუნებდა, თან ღიღინებდა, ღიღინებდა გაუბედავად, ჩუმად, შეუმჩნევლად.

ღრმად დანაოჭებულ კანში ხელის სისქედ ჩამოჰკვროდა მტვერი და ჭუჭყი, სახე დაღრეჯოდა, შუბლზე შავი ოფლის კუკური ეყარა.

- ეს ოხერი, რაც უნდა ციოდეს, ქურასთან და გრდემლთან მაინც ცხელა, - იძახდა კარგუა. მაინც ღიღინებდა კარგუა რაღაც უცნობ პოეტისაგან შეთხზულ ლექსს მჭედლებზედ და ღვინოზედ.

მამის ღიღინისაგან წახალისებული მღეროდა პატარა მიხიაც, მაგრამ ამას თითოეული სიტყვა, თითოეული ხმა მკაფიოდ და გრძნობით გამოჰყავდა, როგორც გრდემლზე ჩაქუჩის ხმა. მღეროდა ობლის ლექსს, რომელშიაც გამოთქმული იყო ობლობის სიძნელე:

"ენა ვერ იტყვის და პირი
ობლობა ისე ძნელია,
სიღარიბე სჯობს ობლობას,
ობლობა მეტად ძნელია."

ემდურებოდა მკვდარ დედას, რომ დასტოვა ობოლი, მამის ამარა, უდედოდ, უპატრონოდ; ეხვეწებოდა თან წაეყვანა იმ ნათელ ქვეყანაში, სადაც არც სიცივე იყო, არც მძიმე რკინის კვერები, არც შიმშილი და სიტიტვლე.

"მცივა, დედა, მცივა,"- ამბობდა ლექსში, - შენ არა მყევხარ, რომ ხელები უბით გამითბო, ჩემო კარგო დედა! სადა ხარ, რომ შენს შვილს თავზედ და ტანზედ ჭუჭყი ხელის სისქედ აძევს და არ გაბან, არ გაათავისუფლებ?! სადა ხარ, დედილო, რომ მშიერი ვკვდები და მამის შიშით პურიც ვერ მომიტეხია?! სადა ხარ? აღარ მოხვალ შენს შვილებთან?! – გაეგონა სადმე, თუ ასწავლა ვინმემ, თვითონაც არ იცოდა, მხოლოდ გრძნობდა, რომ თვითონაც ასე იტყოდა, სხვისგანაც რომ არ გაეგონა; ამიტომ იყო, რომ ზოგი ლექსი რითმით იყო და ზოგსაც, როგორც ენაზედ ადგებოდა და გული ეუბნებოდა, ისე გამოსთქვამდა.

- კმარა, ბიჭოო! –იძახოდა მამა, - მოდი, კვერი დამიკარ!

მიხია თავს ანებებდა საბერველს, რომელიც ხმას სწყვეტს დაეძებს ჩაქუჩს. ცეცხლმაც გრიალი შესწყვიტა, ალი ჩაქრა, ნაკვერჩხლებს ყვითელი ფერი დაედოთ.

კარგუამ გამოიღო მარწუხით თეთრად გავარვარებული, გაღვივებული რკინა; გაჯავრებული ნაპერწკლები სისინით ზოგი კარგუას ტყავის წინსაფარზედ ცვიოდა, ზოგი იშლებოდა და უჩინარი ხდებოდა.

ერთი ნაპერწკალი გაქანდა და მიხიას ტიტველ ფეხზე დაეცა; მიხია სიმწვავით შეხტა , დაიღრიჯა, მაგრამ მამისა შეეშინდა და ხმაკრინტი ვერ დასძრა.

- მე ხომ არ ჩაგაგდე ცეცხლში, შე ოხერო,- ფიქრობდა მიხია,- მე რას მერჩი, მამაჩემი რომ არ მატანდეს ძალას, სამჭედლოში სულაც არ შემოვდგამდი ფეხს.

- დაჰკარ რაღა, რა პირი დაგიღია, შე ოჯახდასაქცევო, ხედავ,საცაა რკინა გაცივდება, ნახშირი მაინც არ გენანება, შე...- შეუტია პატარა მიხიას.

ძლივს ერევა მიხია გრძელტარიან მძიმე ჩაქუჩს, სწევს მაღლა, იზნიქება უკან, რომ უფრო ადვილად დასძლიოს, მერე რაც ძალი და ღონე აქვს, უშვებს რკინაზე თითქო გულიდან პატარა ცეცხლის ეშმაკები გამოხტნენო, გაიშალა აქეთ - იქით აუარებელი ნაპერწკალი შიშინით და სისინით, ზოგი მიხიას მიახტა, ზოგი კარგუას, ზოგი მიწაზედ დაეცა, გაცივდა და მოკვდა.

- დაჰკა! დაჰკა!- ყვირის კარგუა.

სცემს მიხიაც, თან ხვნეშის, მთელი ტანით თან მისდევს ჩაქუჩს თითქო შუბლიც ზედ უნდა დაჰკრასო.

- ეგრე! ეგრე! აი, ყოჩაღ! –იძახის კარგუაც და თან თვითონაც რაც ძალი და ღონე აქვს, სცემს და სცემს გრდემლზედ მძიმე რკინას. რკინა კევივით იღეჭება, ბრტყელდება, ნაპერწკალი თან და თან ელევა, შუქი აკლდება, შავდება, ძირს მხოლოდ რკინის შავი ნამცეცებიღა ცვივა.

ხვნეშის პატარა მიხია, ცხვირის ნესტოები ებერება, ჰაერს ხარბად ყლაპავს, გრდემლთან ჭილყვავისტოლა ძლივს მოსჩანს..

ახლა დაუბერე, მიხი! –იძახის მამა და კვლავ მოისმის საბერვლის ქშინვა, პატარა ბიჭის წრიპინი და მამის ძველებური სიმღერა.

ცეცხლი კვლავ ღვივდება, წითელ- ყვითელი ალი, ნახშირებქვეშ დაბადებული, ზემოთ მოძვრება, ნახშირებს ირგვლივ ეხვევა, ჰკოცნის, მერე იყოფა, გველეშაპის ენებივით იკლაკნება, ზევით და ზევით იწევს და ჭერქვეშ იკარგება. მოისმის ჩაქუჩის ტკრციალი, უროს გრგვინვა და გრდემლის კვნესა.

- ეგრე ბიჭო, დაჰკა, ბიჭო! ჰაიდა ბიჭო! - შედის ეშხში კარგუა. თან თვითონაც ორივე ხელით ირჯება, ჯანს არ ზოგავს.

ეხლა ცულების ამინდია, ზამთარია, შეშის საჭრელად სჭირდებათ, ხვალ მზამზარეულ ცულებს გაიტანს სასწორზე, გაჰყიდის და ზეგისათვის პურს მაინც შეიტანს სახლში. შვილები ეცოდება. მიხიას გარდა ერთი თერთმეტი წლის გოგო ჰყავს სახლში.

ეჰ, შე ოხერო სიღარიბევ! ერთი წყვილი ახალი ჩუსტი მაინც როგორ არ უნდა უყიდოს პელოს, მალე გასათხოვარი გახდება და ამ ქვის ხეთქაში ფეხშიშველა დადის! სახლის მომვლელი, ჩვენი ცეცხლის ამთები, შეჭამანდის მომხარშველი ის არის, ჩვენი დამრეცხი და დამკერებელი, - ფიქრობს კარგუა.

თუმცა მალ- მალე არ ვიცვლით, - სულ ერთია, მჭედელს რაც უნდა ჩააცვი,- მარამ როცა ვიცვლით, მაშინ ხომ საჭიროა დამრეცხი.

ძალიან ყოჩაღია, ცხონებულ დედასა ჰგავს, ერთ საათს არ დადგება ცუდად: სახლის საქმეს რომ მორჩება, მერე მეზობლებს ბუმბულს ურჩევს, მატყლს უწეწავს, წყალს უზიდავს, სარეცხს ეხმარება, თითო-ოროლა გროშსა შოულობს. ორ-სამ წელიწადში ერთ კაბას ვერ ვუყიდი, სულ თავის ხელით გამოდის, ძმასაც აცმევს. ზოგი ძველ კაბას აძლევს, წინდებს, ფეხსაცმელს... აკერებს, აპატარავებს თვითონაც იცვამს, ძმასაც ტიტველს არ ატარებს. მჭედლის გამორჩენა კი ყველამ იცის რაც არის, ნეტა სახლის ქირა გადავიხადო, სახლში პური შევიტანო, ნავთი და მარილი ვიყიდო, ხანდახან დაღალულ გულზედ თითო- ოროლა ჭიქა ღვინო, ან არაყი გადავკრა.

ეჰ, ბარემ არ არის კარგი ლოთობა! ხანდახან ერთი კვირის ნაწვავ_ნადაგს ერთ დღეს ვაქრობ დუქანში... მერე მიხიას ოფლი კაცმა შეჭამოს?!. მაგრამ ოხრად დარჩეს მთელი კვირა ცეცხლში იწვები, რკინას ჰკვერავ, მერე გამოხვალ დაღლილი, შეგხვდება შენსავით ყელგადაგდებული მეგობარი, შეგიპატიჟებს, ან შენ დაუძახებ ერთ ჩარექაზე... ჩარექა ნახევართუნგად იქცევა. ნახევარი თუნგი- თუნგად... წახვალ ცარიელ სახლში ფარფატით... მეორე დღეს არც პური, არც შეშა და ცეცხლი! ეჰ, განა ჩვენს გაჩენაში ღმერთი ურევია! – და ისეთი ამოიოხრა კარგუამ, რომ მიხიამ საბერვლის უკანიდან გადმოიხედა, მამას რა დაემართაო.

დაიცა, ბიჭო, შე ოჯახდასაქცევო, დააყენე საბერველი შიგ ჩამდნარა ცული! – ყვირის კარგუა- რა ღმერთი გამიწყრა სად მქონდა ფიქრი?!

სცემენ თეთრად გავარვარებულ რკინას კვერსა და უროს! თითქო სულ გაიფუშაო რკინა, მთლად ნაპერწკლებში ეხვევა და ყვითელი ბურჯღალ-ბურჯღალით აქეთ- იქით სისინით იფანტება...

მიხიას ვიღაცის გრძელი ძალზედ ნიდაყვგამოკერებული ხალათი აცვია, გრძელი სახელოები გადაუკეცნია. პელას უნდოდა დაემოკლებინა, მაგრამ მიხიამ არა ქნა, როცა ქუჩაში მივდივარ, გადმოვშლი და თბილად შევყოფ ხელებსაო.

შარვალიც დაუკონკებია, კოჭებამბე ვერა სწვდება, - ,, რად უნდა გრძელი, ტალახში მოსვრისო “, - იზახდა ჭკვიანი პელო. მართალია, საკერებელი სხვა დაუდვია, მაგრამ სიცივეს რა ეკოხტავება?ეს არის რომ ფეხებზედ წინდები არ ეცვა, - ძაან გაგლეჯილი ჩუსტები ჰქონდა და წინდებს ხომ ერთ დღეს არ შეახწეინებდა .ფიქრი არ არის, ფეხი არ გაცივდება, წინდებს ბედნიერ დღეშიაც მოესწრობა. სამაგიეროდ, მოიცლის თუ არა ქურა, მიხია მაშინვე ფეხებს ჩაჰყოფს ცეცხლში და ითბობს, სანამ სითბო გამოელევა.

ორშაბათიდან კვირამდე ამ ყოფაშია მიხია, იმისთვის არც წიგნი, არც სკოლა, არც ალერსი და სიყვარული ვისგანმე. მხოლოდ კვირაობით არის თავისუფალი და მთელ დღეს ქუჩაში აღამებს. თუმცა და უშლის ქუჩაში სიარულს, მაგრამ მთელ კვირას სამჭედლოში ნაგდებს შინ რაღა დააყენებს?! პოულობს ამხანაგებს, ან კოჭს თამაშობს, ან სალაობს, გუნდაობს, გამვლელ ეტლს მისდევს და ჩუმად უკან უჯდება. მიაქროლებს მუქთი ეტლი ქუჩებში, უხარიან, გეგონება საკუთარიაო, სანამ არავინ მისცხებს და ჩამოაგდებს, ან თვითონ მეეტლე არ გაუგებს და მათრახით არ აუწვავს გვერდებს, თუმცა იშვიათად, რადგან ეტლის გაჩერებას იშვიათად ელის და გზაშივე ხტება. თუ სადმე არღანს უკრავენ, ან სათამაშოს რასმე აჩვენებენ, მაშინ ხომ იქ არის და იქ.

საღამო ახლოვდება. ორი ცული უკვე მზად არის, მესამესაც ეს არის, ეხლა აწრთობს მამა. მზადვეა რამდენიმე შამფური, ზედადგარი, მაშა და სხვა რაღაც წვრილმანი: რაზა, კოჭაკი, ანჯამა. აი, მთელი იმათი ავლადიდება და ხელოვნება.

მიხია ფიქრებშია. ზეგ ახალი წელიწადია, მოდი და ნუ გაიხარებს. რაც უნდა იყოს, მაინც სხვა დღეებს სჯობია, მდიდარს და ღარიბს ყველას რამე აქვს, ყველა ცდილობს ამ დღეს კარგი საჭმელი იქონიოს და ახალი ტანისამოსი ჩაიცვას, - დაგვეკვება და მთელი წელიწადი ასე გვექნებაო. ახალი წლისაგან სასწაულს ელიან ღარიბები, თორემ მდიდრებისათვის ხომ სულ ახალი წელიწადია!

მიხიაც მოელის რაღაცას: სჯერა, რომ ერთ ქალიან კამფეტს მაინც მიულოცავს ვინმე, ერთ ჩურჩხელის ნატეხს! აი, მამაც გაჰყიდის ცულებს, შამფურებს - მწვადისათვის დასჭირდებათ ახალ წელიწადს, იქნება ორიოდე გირვანქა ნიგოზი და თაფლი იყიდოს! გოზინაყი გააკეთონ! იქნება კამფეტებიც იყიდოს! სხვა კი ვეღარაფერი გაბედა ეოცნება, არც იყო ნაირ- ნაირ, მაზამაზა საჭმელებს, ხილს დაჩვეული. თუ არ დაითრო მამა ყველაფერი გვექნება, და თუ დაითრო, მაშინ უნდა გამოვეთხოვოთ ყველას. უეჭველია, მამა ღორის ხორცსაც იყიდის და რბილ პურსაც. მოხარშავენ ესა და პელო, მოსწვნევენ მსუქან წვენს, ჩააბუჟბუჟებენ შიგ პურს და ჰერი!

გოზინაყს პელო მოხარშავს, თაფლითაც ის დააბერებს ახალ წელიწად დილას. Dიდს, ძალიან დიდს ლუკმას ამოუწობს თაფლში, რომ ორ- სამ ლუკმად ძლივს შესჭამოს და თაფლი სულ ექცეოდეს.

- რას დააყენე ე საბერველი შე ოჯახ დასაქცევო?! დაუბერე რაღა, მოვრჩეთ და მოვისვენოთ, რომ ხვალ გავიტანო, გავყიდო და თქვენი საცეცხლი რამე ვიყიდო. ჰაა, დაგეძინა?!

მიხია შიშით შეხტა, საბერველს ისევ საჩქაროდ სტაცა ხელი და დაურყო აქეთ-იქით რწევა., გახურდა ცეცხლი, ალმა ჭერქვეშ აიტანა წვერი, აგერ თან აჰყვა დაბრაწული გოზინაყი, კამფეტები, ღორის ხორცი, რბილი პური... ჯერ თეთრყვითლად ბრწყინავდნენ, მერე თეთრ ფერფლებად იქცნენ, ზოგი ჭერს მიეკრა, იქ სხვებთან კოჭებზედ მოიკალათა, ზოგი აბლაბუდაზედ შეჯდა და ქანაობა დაიწყო, ზოგი კარში გაიპარა და ქარს გაჰყვა, სადღაც საიდუმლო ქვეყანაში სათამაშოდ და სასრიალოდ, ზოგი ისევ ძირს ჩამოცვივდა, მიწაზედ გაიტყლაპა, ზოგი საბერველზედ დასკუპდა, ზოგი ანჯამებს მიეკრა, ზოგიც თაროებზედ დასკუპდა აგერ წამოვიდა ერთი ფარფატით მიხიასკენ, ხან მაღლა აიწევს, ხან დაეშვება, თითქო მიხიასი ეშინიანო, მერე წინ ქოჩორზედ დააჯდა და თმებზედ ამაყად გამოიჭიმა.

უბერავს მიხია და თან თვალი ამ თეთრ ფერფლზედ რჩება, ხომ პაწაწაა, მაგრამ როცა უცებ აიხედავს, რაღაც დიდ ფრინველად ეჩვენება. მერე თანდათან ილევა, პეპელას ტოლი ხდება და ბოლოს კი ძლივსღა მოსჩანს.

მომშორდი რაღა, რა თვალებში მელანდები, თქვენგანა მაქვს თავი სავსე! გაიბერტყა ქოჩორი მიხიამ. გაქრა ფერფლი, გაქრა გოზინაყ-კამფეტები, დარჩა საბერველი დაყინული ფეხები, გალურჯებული ცხვირი - დაიღალა.

ეჰ, მალე მაინც მორჩეს მამა....

* * *

მეორე დღეს შუადღე იქნებოდა, როცა მამამ ორი გირვანქა ღორის ხორცი და ხუთი თუ ექვსი გირვანქა პური უყიდა და გაატანა მიხიას სახლში. თუმცა იმერული თაფლი ორ შაურ ნახევრად იყიდებოდა, - აბა ქართლულს საამისოდ ვინ გახდიდა, გირვანქა ხუთ შაურად ფასობდა!.. მაგრამ კარგუას მაინც ავიწყდებოდა თაფლის ყიდვა.

წამო პატარა დავლიოთ რამე, თაფლს მერე იყიდი, - ეუბნებოდნენ მეზობელი მჭედლები. ჩავიდნენ და შეაყოლეს.

მიხიას და პელოს არ გაჰკვირვებიათ მამის საქციელი. პირველად ხომ არ იყო, რომ ასე იქცეოდა, ხორცი ხვალისთის შეინახეს და რბილ პურს კი მადიანად შეექცნენ.

1908 წ.