წყალი მოვიპარეთ
ენკენისთვე მიწურული იყო, ფარცხვა გახურებული, მაგრამ ჯერ ერთი კვალიც არ მოგვერწყო არავისა.
ჩვენებიანთ გიგუცა აღარ მომეშვა, უნდა წავიდეთ, ხელთუბნელებს ლიახვიდან წყალი გამოჰყავთ და მოვიპაროთო.
- არა-მეთქი, - ვუთხარ, - ერთი კვირაა, შიგ იხოცებიან, ჯერ სოფლამდე ვერ მიუყვანიათ და ისიც ჩვენ დაუხეოთ, ღმერთი აღარა გვაქვს? ერთიც ვნახოთ, მოგვასწრეს, გაბრაზებულები ხო იცი, მოსაკლავად აღარ დაგვინდობენ, სული აქვთ გამწარებული.
იმან თავისი არ დაიშალა, აღარ მომეშვა. `თითო დღისაც რო მოვრწყათ, ჩვენთვის კარგია, ახლანდელი მორწყული ვითომ ორმოში გიყრია, მოვა და მოვა, წინ არა უდგია რაო.~ კაცის გული ხარბია, მერე ჩვენ, გლეხი კაცი, მიწის მონები ვართ, მორწყავ თავის დროზე და მოუვლი - მოგივა, მაძღარი იქნები, არადა, მოკვდი შიმშილით. მართალია, რო მოვიპარავთ წყალს, ხო სხვას უნდა დარჩეს მოსარწყავი იმის სამაგიერო ორი დღისა, რასაც ჩვენ მოვრწყავთ, მაგრამ ის სხვა ხო უეჭველად ჩვენსავით იოხსული არ იქნება. ჩვენ იქნება იმ ორ-სამი დღის ხნულის ამარა დავრჩეთ, მაგრამ მდიდარი კი ორმოცი დღისასაც მორწყავს. იმან სულ დოლზე უნდა დარწყოს და ჩვენ კი ორი-სამი დღის ხნული გვაქვს და ისიც, როცა მდიდარს აღარ უნდა წყალი და ვადაც გადასულია, მაშინ უნდა მოვრწყოთ, კაი საქმეა, მოვიდეს და არ მოსცდეს. მაშ, რა ჯანდაბადა ვართ საწყალი ხალხი ღარიბები. ჩვენი ყანები რო მომცდარია და მდიდრებისა კი აღელვებული, განა მართლა ღმერთს უყვარს ისინი და იმიტომ აძლევს, ჩვენ ვძულვართ და გვიცდენს?! არა. ისა, ჩემო ძმაო, რჩეულ მიწასა ხნავს, ვადაზე ფარცხავს, რწყავს, მკის და ჩვენ ნაწვერლები უნდა მოვხნათ, ისიც ნაოშად და ღმერთს კი ვაბრალებთ არ გვაძლევს.
აბა, რაღა გავაგრძელო, გამაბრიყვა იმ ოჯახქორმა. ვეღარაფერი ვუთხარ, გავყევ, გულში კი ფახანი მაქვს, ქურდი ხომ მოგეხსენებათ, მშიშარაა.
- უცებ დვახეოთო, - მითხრა, - და სანამ ისინი მოგვასწრებენ, ჩვენ თავს ვუშველითო.
ბნელი ღამეა. ახალი ფარაჯები გვაცვია, ამ ერთ კვირაში ვიყიდეთ, ოთხ-ოთხი მანეთი მივეცით. რუ ისეთია, გაჭედილი მოდის. ჯერ დავათვალიერეთ იქაურობა, დავზვერეთ. ხელთუბნელები ძალიან გაეშმაკებული ხალხია, ეჭვი გვაქვს, ვაი თუ, სახევებელასთან ვინმე იყოს დამალული. აგრე იციან: ზოგი რო რუს დაჰყვება, სხვები დასახევებელ ადგილებს დარაჯობენ, რო წყალი არავინ დაუხეოს. თუ ღმერთი გაგიწყრა და მოგასწრეს, რიგიანად დაგამჟავებენ, მუცელს გამოგითქვეფენ და მერე თითივით ტიტველს გაგაგზავნიან შინ. იქ არავინ იყო.
შემოდგომის ღამეა. სუსხი აქვს. მოწმენდილი ცაა და რთვილის გაგდებასაც აპირობს. მე ვუთხარ, `ეს ფარაჯები გავიხადოთ, წინდა-ქალამანსაც ნუ დავისველებთ-მეთქი, თორემ ამ ღამეს ხო უყურებ, სიცივე დაგვაფიჩხებს-მეთქი.~
ეს წინდა-ქალამნები ფარაჯებში შევახვიე და სახევებელას მოშორებით, რუს პირზე, კორძი ყამირი იყო და ზედ ნარცეცხლა იყო აყრილი, იმ ნარცეცხლაში ჩავდე. შიში მქონდა, რო მოესწროთ ე ფარაჯები მაინც გადაგვირჩებოდა, ნარცეცხლაში ვინ დაუწყებდა ძებნასა. დავაყარეთ რუს ბარები. გადადის ბელტი-ბელტზედ. ცოტა ხანს შემდეგ წყალმა ხმა ამოიღო და მაღლიდან ძირს დაიწყო ჩქაფა-ჩქუფი.
გამოგვალულ-გამოფიტულმა დედამიწამ, თითქოს სული ჩაიდგაო, ხმა ამოიღო, შხიოდა და შიშინი გაჰქონდა. დახეთქილი რუ ხარბად ჰყლაპავდა პირველად იერიშის მიმტანს ტალღებს. წყალიც თითქო ერთხანად შედრკა, მაგრამ უკან ხო ვეღარ გაბრუნდებოდა, ერთი ნაკადულის ადგილს მეორე იჭერდა, მეორეს მესამე წვებოდა, მესამეს - მეოთხე, მეხუთე და ისე განუწყვეტლად. ყველანი კი წინ მიისწრაფოდნენ და თუმცა დახეთქილ და დაფატრულ მიწაში მრავალი ზვირთი იკარგებოდა და იღუპებოდა, მაინც ბრძოლის ველი მოვარდნილ ნაკადულს რჩებოდა. ხოლო ძირდასველებული ბალახები და პატარა წნორ-მურყნები, რომელნიც ამ რუს პირზე მრავლად იყვნენ ამოსულნი და ჯერ საქონელს იმათ მოკვნეტა ვერ მოესწრო, სიამოვნებით იზმორებოდნენ და იჭროლებოდნენ ტანში.
თქვენ რა იცით, რა არის გლეხკაცისათვის წყალი? ზაფხულში, როცა ჩვენი ვაზი და სიმინდი გვალვისაგან შეწუხებული თავს დაჰკიდებს და ფოთოლი ჭკნობას დაუწყებს, ჩვენი გულიც იმათთან ჭკნება, და როცა იმათ ფოთოლს ცის ნამი დაასველებს და ფესვს წყალი დაალბობს, ვითომ ჩემთვის, მომაკვდავის
თვის, უკვდავების წყარო მოგიწოდებია.
ისე ვიყავით ამ საქმეში გართულები, რომ სრულებით ვერ შევნიშნეთ, ერთი ხელთუბნელი, რომელსაც სახელად ჯილავარდს ეძახდნენ, თავზე როგორ წამოგვადგა.
- არიქათ, ბიჭებო, მიშველეთო, - დაიღრიალა გულგახეთქილმა. ერთი ისეთი შევხტი, ბარი იქვე ხელიდან გამვარდა. ჩემი ამხანაგი მაშინვე ნაწვერლებისკენ ეცა და მე კი რუ-რუ დავეშვი. რაკი ამხანაგების ხმა მოესმა, ჯილავარდსაც გული მიეცა და გამოგვეკიდა. ჩემს ამხანაგს თავი დაანება და მე მომდევს, თანა ყვირის: მიშველეთო. მე ისეთი ვარ, სული კოჭებში გამეპარა, ან ახლა დამცხებს ბარსა-მეთქი, ან ახლა. კარგა ბნელა. ახლა თვალგატეხილი ვიყავ კიდევ, თორემ რას დავინახავდი, როგორ გზაზე მივრბოდი. ეს იყო რუ-რუ- რუ გავრბოდი, ვერ შევნიშნე, დამისხლტა ერთ გადასახტომში ფეხი და ერთი ჩახრიალიდან მორევში კი ჩავგორდი. ჯილავარდის ფეხის ხმა შესწყდა. მე მარტო წყლის ჩხრიალი და ჩახჩახიღა მესმოდა. გუბე კარგა ღრმა იყო, მაგრამ დახრჩობის კი შიში არა მქონდა. წამოვიდა წყლიდან და ცის ტატანზე ჩემს ზემოთ ბექის თავზე ჯილავარდი დგას და ილანძღება.
- რა ჰქენ, კაცო, ვერ დაიჭირე ეგ ოჯახდაქცეულები? - უყვირის ამხანაგი. ჯილავარდი კი გაშეშებული დგას, პირჯვარს იწერს და შიშით ხმას ვეღარ იღებს. - ნამდვილად წყეული იყოვო! _ წაიტუტუნა. - აი, დასწყევლოს სამასსამოცდა სამმა წმინდა გიორგიმ, რაზე ჩამიტყუილებდა მორევში და სულს საეშმაკოდ გამიხდიდა!
მერე გაბრუნდა და თან პირჯვარს იწერდა. მართლაც და, ბევრით არც მე ვიყავ ეშმაკზე ნაკლები. იხვივით წყალში ვიბანავე; გაწუწული, გაზუნზლული, რის ვაი-ვაგლახით ამოვფოფხდი წყლიდან და ბექის ძირში ამოვჯექ, თუმცა ნახევარზე ისევ წყლში ვიჯექ, მაგრამ ზედ მაინც აღარ დამდიოდა წყალი.
ეტყობოდა, ჯილავარდიც მივიდა ამხანაგებთან, რადგან ჩოჩქოლი შეუდგათ. ჯილავარდი არწმუნებდა: `კისერში ხელი ვტაცე, უნდა დამეჭირა, გარეჯვრელ სოსანს სახით მეჩვენა; მაგრამ იმ წყეულმა გამიქნია და ნაფოტივით გადამისროლაო. კიდევ კარგი, მორევში არ ჩამითრია, თორემ ნამდვილად დამახრჩობდაო.~ ზოგსა სჯეროდა და მალ-მალე ღმერთსა და ხატს ახსენებდნენ, რო მავნე ვეღარ მისდგომოდა. ზოგმა კი გაუტრიზავა და დაცინვა დაუწყეს: `შეშინებულხარ, აქ არ მიმბუსკნონო, შვილო, და იმიტომ ვერ მიჰბედე, თორემ სად უნდა წაგსვლოდნენ ან ახლა აქ წყეულს რა უნდაო!~ ისინი იქა ლაზღანდარობენ და მე კი აღარ მკითხავენ! ასეთი ვარ, კბილს-კბილზე მაცემინებს, საცოდავად ვთახთახებ, ლამის გული ამომვარდეს. ვამბობ, ან ახლა წავლენ, ან ახლა-მეთქი. გაგრძელდა ე ოხერი შემოდგომის ღამე! შემცივდა. აბა, რაღა ვთქვა: ლამის გამაშეშოს, აბა, ხელთუბნელები ამაზე მეტს რას მიზამდნენ, მაგრამ კაცის ხელით სიკვდილი სხვაა. არც დამზოდავდნენ, ისე იყვნენ გაბრაზებულები. რაღა გავაჭიანურო, ბოლოს ღმერთმა მომხედა და წასვლა დააპირეს. ზოგმა თქვა, სუყველანი დავყვეთო, ახლა წყალს აღარავინ დაახევებსო.
- არა, ზოგი აქ დავწვეთ, ზოგი წყალს დავყვეთ, - თქვეს სხვებმა.
- აი, პაპაჩემთან წადით და მოუსავლეთის ქვეყანაში-მეთქი! - ვამბობ მე ჩემს გულში. მართლაც ორი ბიჭი სახევებელზე გაუშვეს და სხვები რუს დაჰყვნენ. ჩემს თავზე გადაივლიდნენ და მეტი ღონ ეარ იყო, ისევ წყალში უნდა ჩავცურებულიყავ, რომ არ დავენახე. თავი კი ვიჩინე, რ ოარ დამხვრჩალიყავ, კარგა ხანს ისმოდა იმათი ფრატაფრუტი და ყაყანი, ძლივ ღმერთმა მიშველა. ასეთი ვარ, ასე მგონია მშრალად ლოგინში ვწევარ-მეთქი, ისე გამიხარდა იმათი წასვლა. სიცივე და სისველე სულ დამავიწყდა.
წყლიდან როგორც იყო ამოვფოფხდი, ასეთი ვარ, წურწურით წყალი ჩამომდის, სველი ძაღლის კუდსღა ვგავარ. ამოველ მშრალზე, მაგრამ კიდევ სიფრთხილე მინდოდა. მე ფარაჯების გაპარება მინდოდა, თორემ ფეხდაფეხ კი ისინი მე ვერ დამეწეოდნენ. უფარაჯოდ დარჩომა და ჩემი სიცივით გაფიჩხება ერთი იქნებოდა. მესმოდა, სახევებლებზე სადარაჯოდ დარჩენილი ბიჭები რო დაწვნენ, როგორ მოიკუნტნენ ფარაჯებში და კვნესოდნენ, ალბათ დაღალულები იყვნენ და ციოდათ.
ჩვენი ფარაჯები სწორედ იმათ ჩამოსწვრივ, ასე ერთი გუთნის გაშლაზე, იყო დამალული ნარცეცხლაში. მეტი ღონ ეარ იყო, დავწექ მუცელზე და დავიწყე ცოცვა ამ ნარცეცხლაში. ნაგვალი ბალახი და დედამიწაა და ისეთია ეს ნარის ეკალი, როგორც ცეცხლი. ზოგი სახეში მეტაკება, ზოგი მუხლებსა, მუცელსა და ხელებში მერჭობა. ლამის დავიყვირო, ისე მეწვის, მაგრამ ვძელ-ვძელ როგორც იყო, სანამ ფარაჯებთან მივიდოდი. ჩავიცვი წინდა-ქალამანი, ჩავიცვი ფარაჯაც. ერთიც მხარზე გადავიკიდე, ასეთი მოუსვი, რომ ბედაურებზედაც რო შემსხდარიყვნენ, ვეღარ მომეწეოდნენ. იმ ღამეს ისეთი რთვილი გააგდო, როგორც თოვლი, მეორე დილით ისევ იდო, შევხედო, ფეხშიშველა გიგუცა თხასავით მოკაკულა და მოაბიჯებს ამ რთვილიან ნაწვერალებზე, თან ისეთი იღრიჭებოდა, რო შემეცოდა.
- ოხრადამც კი დარჩენილა სახნავიც და სარწყავიცო! - იფურთხებოდა და იგინებოდა, - მე ჩემი დამემართა და ვიღასთვის რაღად მინდა, თუკი მეც აღარ ვიქნებიო.
აღარც წამოსულა სარწყავში. გორს წავიდა, დუქანში დადგა და დღეს ერთ ლუკმა პურსა ჭამს. . .