მშრომელი

ვახშმობა გადასული იქნებოდა. სოფელში ხმაურობა მიწყდა. წინანდელი ღრიანცელი აღარ ისმის. ხანდახან სახლის გვერდზე, სოფელს შუა, შარაზე ურემი მძიმედ მიჭრიალებს და მეურმეც ღამის ერთფერობას არღვევს. ძოგჯერ ძაღლის ყეფა მოისმის, მაგრამ იმასაც მალე სწყინდება.

სახლების ბან-ფანჯრებში შუქი თანდათან კლებულობს. მხოლოდ ბებე ქეთევანას სახლიდან ისევ ისეთი სინეთლე გამოდის. შევიხედოთ, რას აკეთებს?

ბებე ქეთევანას დაუყრია ცეცხლზე შეშები, თვითონაც გვერდზე მოჯდომია და საწინდე ძაფსა ჰგრეხს, ეტყობა, ძალიან ეჩქარება.

ფანჯრიდან რომ მთელი საათი უცქირო, ერთხელაც არ შემიოხედავს. აი, შეშა თუ გასკდება და ნაპერწკალი დაეცემა კალთაზე, იმას თუ გააქრობს, მაშინ მოაშორებს ტარს ხელს, თორემ სულ ერთავად აბრუნებს და აბრუნებს. ნამწვავ მუგუზლებს ფეხით ისევ ცეცხლში ჰყრის.

- ამ ჭრაქის სინათლეზე ვერას დავინახავ, თუ ცეცხლმაც არ გააშუქაო. გვერდზე ერთი გულთეთრი ეჟვანა კატუნია მოჯდომია.

ბებეს ხელების პარჭყვას და ტარის ბზრიალს გაკვირვებით შესცქერის, როცა ბებე ძაფს გააგრძელებს და ხელს განზე გაიტანს, ისიც თვალს გადააყოლებს; როცა ბებე ტარზე ჩაახვევს და ხელს ახლო მოიტანს, ახლა აქეთ მოაყოლებს თვალებს.

რასა ფიქრობთ, ვითომ რთვა უნდა ისწავლოს, ან გრეხა-ძახვა? არა მგონია! რა ბავშვებისათვის მოუნდება წინდების დაქსოვა! ვინ იცის, იქნებ ცნობისმოყვარეობითაც მოსდიოდეს, იქნება მართლა სწავლა უნდა. არ ვიცი ღმერთმანი! ის კი ვიცი, რომ ციცუნიას მოჰშივდა, კაი ხანია არაფერი უჭამია და პატარა კბილის დასადგმელს ელის ბებესაგან, როდის იქნება, მორჩეს, ვახშამი ვჭამოთო.

მაგრამ ბებეს არ მოჰწყინდა გრეხა და ტარს კი, აბა რა დაჰღალავს. თითქო ერთმანეთს ეჯიბრებიან ბებე და ტარიო.

- როგორ ეჩქარება ბებეს ამ საწინდეს რთვა, - ფიქრობს ციცუნია. - მარტო ეგღა ახსოვს, მე ვიღას ვაგონდები, ან ჩემი დობილი თეკლია. ნეტა ვიცოდე, რა უცდება უმაგისოდ! გაგონილა ამდენი მუშაობა?! ერთ წამს ხელიდან არ უშვებს.

პური მშია, ველი, იქნება ან ახლა გაშალოს ვახშამი, ან ახლა, მაგრამ ეს არხეინად ზის; გული გადამელია ლოდინში. ჰო, ჰო, მე არაფერი, რატომ თვითონ მაინც არ ჭამს ვახშამს ეს დალოცვილი დეიდა. ქაა, გაგონილა მშიერი მუცლით მუშაობა? თუ თვითონ ქვის მუცელი აქვს, იქნება სხვასა ჰშიან. მაგას რომ მადა არ ჰქონდეს, ჩემი რა ბრალია. თეკლიასაც უვახშმოს დაეძინა. მე კი, აბა, რა დამაძინებს, პატარა რომ წამთვლიმოს, მაშინვე გამომეღვიძება ტარის გრიალისაგან. ანძრევს თითებს ბებე, ტარიც, რაც ძალი და ღონე აქვს, ტრიალებს. თან ბუზარასავით ბზუის. შევცქერივარ, თანდათან იზრდება, მუცელი უსქელდება, ბოლოკივით უხდება.

მიკვირს, რა ზრდის, მე რატომ არ ვიზრდები მაგრე მალე? როცა ძალიან გავძღები პატარა მაშინ თუ დამეტყობა მუცელი, თორემ უიმისოდ გამოწლულსა ვგევარ.

ხანდახან ტარის წკრიალზე ძილი მომეკიდება ხოლმე და კრინვას მოვყვები.

- ეს კატა როგორ ტკბილადა კრინავსო, - იძახის ბებე, - აბა, ჩემო კატუნო, არაკები უამბე თეკლიასა, თვითონ ხომ არაფერი იცის, სულ სხვა უნდა უამბობდეს.

ბებეს ძალიან ეჩქარება, თეკლიამა თქვა: “მამაჩემი ხვალ ქირაზე უნდა წავიდეს, ფეხებზე წინდები არ აცვიაო და ბებე იმიტომ აშურებსო”.

საწყალი ბებე! როდის უნდა მოქსოვოს? ძარმაცი თეკლია ხომ არ უშველის, სულ დედოფლებს გაჰზიდავს, სხვა არაფერი აჯავრებს, იმის ხელში საქმეს ვერა ჰნახავ. მე მაინც ვიცოდე ქსოვა, აქამდე კი არ ვალოდინებდი.

მეშველნა, მალე მოვრჩებოდით და ვახშამსაც გემრიელად გეახლებოდით. არ შემერგებოდა თუ? ახლა კი ლამის შიმშილით გული წამივიდეს.

შუა ღამე გადასული იქნება. კერაზე ცეცსლი ჩაქრა.

ჭრაქი ხომ ბებემ დაწოლის წინათვე მოასვენა.

დაღალული ბებე ტახტზე ძველ საბანქვეშა ხვრინავს, თეკლიაც ბებეს მიჰკვრია გულში, ხელები დამჭკნარ ძუძუებში ჩაუყვია. მხოლოდ ჩვენს ნაცნობს ციცუნიას არა სძინავს. არც რწყილსა სძინავს. კალიასავით დახტის თეკლიას ლოგინში. არც თაგვსა ძინავს, გოდრის ძირში რაღაცას აფხაკუნებს, ხრავს, აკნატუნებს.

რატომ არ დაუძინია ციცუნიასა? რა ფიქრებშია გართული?

რა დააძინებს გენაცვა, ყველამ რო დაიძინოს, სახლს ვინღა უყარაულებს?

განა არ ესმის გოდორქვეშ რომ ვიღაცა აფხაკუნებს? ერთიც ვნახოთ გამოძვრა.

კიდევ რა არ აძინებს?

საქმე ხომ მოგეხსენებათ რა მოსაქმეა, ღმერთმა ნუ დაგილიოსთ მაგისთანა მშრომელი!

- ამ ბებერს ხვრინვაც არ მაძინებს, როგორ სტვირივით უკრავს ბებე ამ ცხვირით, - ფიქრობს ციცა, - პატარა ბამბა დაუცო? . .

ეს დალოცვილი თაგვებსაც აფრთხობს აბა, მაგ ხმაურობაზე თაგვს რა გამოიყვანს შიშითა. მგონია, ეგონოს კატების ლაშქარია ჩასაფრულიო. მეც ასე უნდა ვიჯდე. თვალი და გული ჩამოვიწყალო მოლოდინითა. ვიცოდე მაინც, ბებემ რა უყო ნაქსოვი წინდა.

გრეხას რომ მორჩა, წინდაც შეაბა და მგონი ერთს ტერფს (თათს) ქუსლიღა აქვს გადასახვევი. საწყალი ძალიან დაიღალა. ვინ იცის მოასწრებს მოქსოვას? მოსაქსოვი რომ დარჩეს, ხომ თეკლიას მამას ფეხები დაეძრება ამ სიცივეში. ვიპოვო და მე ვქსოვო? ვერ მოვქსოვ? - რა დიდი საქმეა, გავერთობი კიდეც, ბებესაც გავახარებ; ადგება საწყალი, ჰნახავს მოქსოვილია ტერფი, ქუსლი გადაუხვევიათ, გაიკვირვებს, მგონი საწყალმა იფიქროს, ალბათ წუხელი ძილში თუ მოვქსოვეო.

არა, თუ არ ვქსოვე, არ იქნება.

წამოდგა ციცუნია, გაიზმორა, წინა ფეხები წინ წამოჭიმა, უკანები უკან გაპარჭყა, ერთიც დაამთქნარა.

- ბნელა, იქნება თვალები ჩამიცვინდეს, სანთელი მაინც ენთოს. არა, ჯერ ვიპოვნო წინდა, მგონი აქ შეინახა.

ციცა მივიდა ხოკერთან, ჩაიხედა, ჩაყო ფეხი, იქ არაფერი იყო. მერე ბებეს იქეთ გადაძვრა, ბალიშ ქვეშ ნაქსოვ წინდას გვერდი უჩანდა.

- აქ ყოფილა, კარგია! - მოჰხვია წინა ტოტები წინდას, გადმოითრია წინ და დაუჯდა საქსოვად.

ებრძვის ციცა, ატრიალებს, ჰსუნავს, როგორღაც არ ემარჯვება, ეს წინდის ჩხირები უშლის.

- მეც ამით უნდა ვქსოვო? - ფიქრობს კატუნი, - ბებე ამეებით არა ქსოვს? - არ იქნა, ვერ დაიჭირა კლანჭებში გალესილი ჩხირები, სუ ხელიდან უძვრებიან.

- ეჰ, ტყუილად მიშლიან, სჯობია გამოვაძრო რაღაც ჩხირებია. - აი ახლა აღარაფერი მოუშლის, ახლა ჩქარა მოქსოვს.

ჩაჰჭიდა ციცამ წინდის თავს კბილები, აიღო მაღლა, მერე კლანჭებით დაიჭირა, გადააქვს და გადმოაქვს იქით და აქეთ ეს თათი, როგორც ბებე შვრებოდა, თან მეტი სიფიცხით მაღლა ისვრის და ეტანება. საითკენაც თათი გადავარდება, ისიც იქით ტრიალებს, ხან ზურგზე, ხან კუდის თავზე, თან გორგალიც გორავს, ძაფიც იწეწება.

ახლა გორგალს ეცა, წააჯდა ზევიდან. გორგალი გაგორდა, გაჰყვა ციცაც, გააქვს და გამოაქვს. ხან ტახტქვეშ შეაგორა, ხან გოდრისუკან გადაიტანა. უყურებს ციცა და უხარია გორგალი რომ ილევა.

ოჰ, რა ჩქარა იქსოვება წინდა, ჰხედავ, მთელი გორგალი შეაქსოვა. მხოლოდ ეს ძაფები რად არის გადაბმულ-გადმობმული ამ ტახტის ფეხებში. იქნება დარჩა ქუსლა? ვნახოთ, გადიხვია.

ახ, ეს უმადური თათი თითქო წეღან უფრო გრძელი იყო, როგორ დამოკლებულა.

დაუჯდა ისევ ტერფსა, ეტყობა შეჰშლია.

ჩასჭიდა ძაფს პირი, ტერფი ფეხებით დაიჭირა. ეწევა ძაფს, ფრთხიალებს თათი, ძაფი უბევრდება ციცუნიას. ტერფი თანდათან ხელიდან უქრება - რა ვქნა, ეს ტერფი სად მეპარება, რა ეშმაკზე შემჯდარა.

ახლა კი მეც დავიღალეო, - თქვა ციცამ, - დროა, მეც - მოვისვენო, დილაზე ადრე ადგომა მომინდება.

-შემოუწვა ჩვენი მშრომელი თავის ხელსაქმეს გვერდზე, ბებესავით თავით დაიდო წინდა.

დილით ბებეს წინდა უეჭველად მოქსოვილი დახვდებოდა, არა?

1895 წ.