ძაღლის ჭკუა
ეს ამბავი მოხდა 1895 წელს.
მასწავლებლად ვიყავ ქართლში. გაზაფხული იყო. ს. ხელთუბანს აღმოსავლეთით და სა მხრეთით ჭაობები აკრავს, რაიცა იზიდავს სხვადასხვა გვარ ფრინველს: იხვს, გნოლს, ტყის ქათამს, წივილას, ღალღას, წეროს, ბატს, სავათს და სხვა მომთაბარე ფრინველს, რომლებიც გაზაფხულობით ცხელი ქვეყნიდან ბრუნდებიან საჩრდილოეთოდ, და რადგან გადასასვლელი აქვთ კავკასიონის თოვლიანი მთები, ზოგი მათგანი ავი დარისა და ნისლ-ჯანღების დროს ჩამოეშვება ხოლმე ქართლის ველებზე თუ დასასვენებლად და თუ საზრდოს საშოვნელად, ზოგიც ცუდი ამინდის გამო, რაკი გზას ვეღარ გაიგნებს. კარგია ამ დროს ქართლის ველი, - ცა სიცოცხლით ივსება, ისმის გაუწყვეტელი ყვირილი წეროებისა, ბატებისა და წვრილ ფრინველების წივილი და ჭყივილი. ეს ფრინველი სულ მგზავრია: თვით ქართლში კი მწყერიც კი გაწყდა, რადგან აქ ბარტყს აღარა ზრდის და სხვაგან გამოჩეკილი და გაზრდილი მის დღეში სხვა ქვეყანაში არ დარჩება საბუდრად, თუ არ თავის სამშობლოში.
მრავალი მონადირე სწყვეტს ამ მინდვრის მცხოვრებლებს და მგონი რამდენიმე ათი წლის შემდეგ მწყრის გულის გამახალისებელი “ქვითკირო, ქვითკირო“ ვეღარავინ გაიგონოს. მარტო ადგილობრივი მონადირეები რომ იყოს, კიდევ რა უშავდა, მაგრამ გორი, რომ არა ვსთქვათ, თბილისიდანაც კი მრავლად მოდიან აქ სანადიროდ.
სწორედ ამ მონადირეებს დარჩენოდათ სოფელში ძაღლი. ალბათ მინდორში კურდღელს ან მელიას გაჰყვა, სდია და ასხლტა მონადირეებს, ეტყობოდა, კვალს დუქნამდე მოჰყოლოდა და აქ მოელოდა პატრონის მოსვლას.
მე როცა ვნახე, უკვე სიმშილით იყო გადახრწნეული, რამდენიმე დღე აქ მშიერი წოლილიყო, თვალები ამოჰღამებოდა, იწვა მორკალური, თავი მიწაზედ ედო.
რამდენიმე სახელი დავიძახე, მაგრამ ზედაც არ შემომხედა. უეჭველია, თავის სახელს არ ვეძახდი. დავბრუნდი მაშინვე სახლში და პური წამოვიღე. პურის დანახვაზე ზარმაცად შემომხედა, ეტყობოდა, სიცოცხლე მოჰბეზრებოდა; არ ვიცი, სიმშილისაგან იყო თუ პატრონის დაკარგვასა გლოვობდა. უფრო კი უკანასკნელის ნაღველი აწუხებდა. პური დავუგდე და თან შეველაპარაკე. პურს ნელა დაუწყო ჭამა მე კი მადლობელი თვალებით გადმომხედავდა ხოლმე. ამის შემდეგ აღარ მომშორებია, სადაც წავიდოდი, სულ უკან დამდევდა. შინ შევიდოდი და კარებს უწყებდა ფხოჭვნას და წკმუტუნებდა. თუ მივეფერებოდი სადმე ერთი საათით და მერე გამოვჩნდებოდი, ამის სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა: ხტოდა, თამაშობდა; მილოკავდა ხელებსა და პირს, ყმუოდა და წკმუტუნებდა გახარებული. ნამეტნავად სახის ლოკვა უყვარდა და დიდი ბედნიერება იყო იმისთვის, თუ ამის ნებას მივცემდი. ვენახი სოფლის ბოლოსა მქონდა და როცა მოცლით ვიყავი, იქ მივიდოდი ხოლმე. ისიც, რასაკვირველია, უკან ამედევნებოდა; გზაში სოფლის ძაღლები გამოგვიხტებოდნენ ხოლმე, მაგრამ ის აიჯაგრებოდა, აიშვერდა ხოლმე თავის მოკლე კუდს და ტახივით იდგა. “აბა მობრძანდით, რომელსაც სიცოცხლე მოგბეზრებიათ!” თან თავის წვეტსა და თეთრ კბილებს აჩვენებდა. ძაღლებიც მაშინვე უკან შედგებოდნენ ხოლმე: ეგ სხვა ვაჟი ჩანს, მაგასთან ხუმრობა ჩვენ არ გამოგვადგებაო. ვენახს ვაბარვინებდი, დღიური მუშა მეყენა.
მოწაფემ ამბავი მომიტანა, ჩვენი ძაღლი გაცოფიანდა, სადღაც გადაიკარგა. შეწუხდნენ ჩვენები, ლამის შიშით თავისი დაემართოთ, ვაი თუ დაცოფილები ვიყოთ ან ვინ იცის, ვინ დაგლიჯოსო. ჩვენც ღორები დაგვიგლიჯაო. მოწაფეები დავითხოვე პურის საჭმელად და ვენახში გავწიე. თან ჩემი ძაღლიც გამომყვა. იქიდან ისევ მალე დავბრუნდი, რადგან შუადღის შემდეგ მოწაფეების მეორე წყებისათვის უნდა მესწავლებინა. გზა _ გზა არ წამოვსულვარ, რადგან სასოფლო გზა შორს უხვევდა. სოფელსა და ჩემს ვენახ შუა ერთი ნაფუზარია და რადგან იმ დროს მოხნული არ იყო, გზის შესამოკლებლად ამ ნაფუზარზედ დავიარებოდი. ახლაც ამ ნაფუზარზედ მოვდიოდი. თან ჩემი ძაღლი მომდევდა. მხიარულად არის, აქეთ-იქით დარბის, სუნავს, იხედება, ეძებს კვალს. ის იყო, სამოცი ნაბიჯი ძლივს მექნებოდა გასავლელი პირველ საბძლამდე, რომ უკან ქვემოდან ერთი თეთრი ძაღლი გამოჩნდა. მორბის ჩვენკენ, კუდი შეშასავით გაუშვერია. რომ იტყვიან ცოფიანს კუდი ამოძუებული აქვსო, ტყუილია. კუდი ცოფიანს შეშასავით გაშვერილი უჭირავს. მორბის, არ იყეფება, მხოლოდ ხანდახან ჰაერში შეხტება, რაღაცას ეტანება, თითქოს ბუზებს იჭერსო. მე მაშინვე მივხვდი, რომ ცოფიანი იყო. ჯოხის ან სხვა რაიმე იარაღის ტარება ჩვეულებად არ მქონდა. შიშმა ამიტანა. მერე ჩემს სიცხლეში ცოფიანისთანა არაფრისა არ მშინებია. გზაში მივდიოდი, დღე სხვა არაფერი მომაგონდებოდა, თუ არ ცოფიანი. ბნელი უკუნეთი ღამე რომ ყოფილიყო, კიდევ სხვა არაფერი არა მაფიქრებდა რა, არც მგელი, არც სხვა რამ ნადირი, თუ მეშინოდა, ისევ ცოფიანისა. კაი დარი იყო. ურემი ეტარებინათ ტალახში, მიწა გამხმარიყო და კოპიჭნარი ქვებივით ეყარა. ერთ-ერთ გოროხს დავწვდი და ვესროლე. გოროხმა თავზედ გადაუარა, ცოფიანმა დაინახა და დასაჭერად მიეტანა, არც დაუყეფნია, არც დაუღრენია. ცოფიანი იყო, ცოფიანი! ტყუილი იქნება, რომ ვსთქვა, არ შემეშინდა-მეთქი. სულ რაღაც ოცდაათი ნაბიჯიღაა ჩემსა და ცოფიანს შუა. წინ, ასე ოც ნაბიჯზედ, საბძელია, მაგრამ თავმოყვარეობაც ნებას არ მაძლევს რომ გავიქცე. ვინც დამინახავს, რას იტყვის, ვაჟკაცი იყო და გაიქცაო! იქვე იყო ღობეც, მაგრამ იმავე თავმოყვარეობამ არც ღობეზედ ასვლის ნება მომცა. “რაც იქნება, იქნება_მეთქი”, ვსთქვი, “შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობაო”. დავავლე გოროხებს ხელი და დაუწყე სროლა. ახლა კი ჩემი ძაღლიც შედგა, მგონი ახლაღა დაინახა, უცებ აიჯაგრა, მხიარულება ხელად დაეკარგა, შეშინდა, მოიკუნტა, მეკვრის ზედა, ხან წინ წაირბენს და თვალებში მაცქერდება, თითქოს მეხვეწება, წადი ჩქარა, შენი თავიც გადაარჩინე და მეცაო, ხან უკან მომექცევა და ცოფიანს თვალს აღარ აშორებს, თან მეკვრის და წკმუტუნებს. ფეხი ავუჩქარე, მაგრამ ცოფიანიც წამოგვეწია. დავავლე გოროხებს ხელი და მივაყოლე. ერთი შიგ თავში მოხვდა და ცოფიანი უცებ შედგა, მეორეც მივაყოლე და ის კი ასცდა. ცოფიანი იმას წაეტანა დასაჭერად. მე კიდე ვესროლე, მაგრამ ახლა ეტყობოდა, რომ კარგად გაგვარჩია და პირდაპირ ისარივით წამოვიდა ჩვენსკენ. ჩემი წარბა (ასე ვეძახდი ძაღლს) უცებ გამოიცვალა. ეს მოკუნტული ძაღლი უცებ ვეფხვივით დადგა გზაზედ ჩემს უკან აჯაგრული და მოვარდა თუ არა ცოფიანი, ეცა და როგორც ბურთი ამოიდო ქვეშა. სანამ ის იმას ბუბნიდა, მე უკვე სამშვიდობოს გაველ. რაღა იქნებოდა, წარბას ვეღარაფრით ვუშველიდი, თუმცა იმან კი ჩემთვის გასწირა თავი. მერე მოცვივდნენ სხვა ძაღლებიც და ცოფიანმაც იკადრა ვენახებისაკენ გაქცევა. თუმცა მისდევდნენ და ჰყეფდნენ, მაგრამ ვერც ერთმა ვერ მიბედა საკბენლად, თითქოს ალღოთი იცნეს ცოფიანი. ცხადად ეტყობოდა, ყველა ძაღლი სცნობდა ცოფიანს და ერიდებოდა. ძაღლი თავის დღეში არ მივარდება ცოფიანს საკბენლად, თუ ცოფიანმა თვითონ არ დაგლიჯა. ცოფიანი ვენახებში გადახტა და მიიმალა. წარბა წკმუტუნით დამეწია და თან ნაკბენ ყურს აქნევდა, თან სიყვარულით სავსე თვალებით შემომცქეროდა. ამ თვალებში ვკითხულობდი: მემდური, თუ მადლობელი ხარ, ჩემო მეგობარო?! შენ შიმშილით სიკვდილს გადამარჩინე და მე კიდევ ჩემი თავი განაცვალეო. ახლო აღარ მომკარებია. სახლში რომ მიველ, წარბა აღარსადა ჩანდა. ამის შემდეგ წარბა აღარ მინახავს. არ ვიცი, სად წავიდა, გაცოფიანდა, თუ რა მოუვიდა? ასე გადამიხადა სიკეთე უბრალო პირუტყვმა.