მუხის ლოდინი
როს მდინარებით დახავსებული
მუხა მდუმარე იდგა კლდეზედა,
ჟამთ მატიანე, არეთ წარსული
გულში ეწერა უცვლელ წრეზედა.
შავნი ღრუბელნი შეიყრებოდნენ,
ჩიურს მანანას თავზედ აფრქვევდნენ.
უმღერდა ქარი, ოდეს გრიალით
გადაუვლიდა ჭექით ღრიალით.
ავი ტოროლი ბუნების ზარი
ჭაღარა დარაჯს იმ არემარის,
ვერა ჰზარავდა; ნათელი მქრალი
მას უღიმოდა ნალევის მთვარის.
წამ-და-წამ, დღით-დღე, წუთით წუთზედა
ესმოდა ფრინველთ მთიურთ ყვირილი
და გადმოზნექით კლდიდან კლდეზედა
დაქანებული ჩანჩქრის ხვივილი.
დაოსებული მგზავრი გზათ შორის
განისვენებდა მის კალთებს შორის.
აქვე სვავები შეიყრებოდნენ,
ცხოველთა სისხლით ხეებს ჰღებავდნენ.
შუამავალი ქვეყნის და ცისა
ჰხედავდა ყველად ამაებს ისა,
ხავსად ქცეულს წარბს შეიჭმუხნიდა,
შეინძრეოდა წარბებს გაშლიდა.
იცვალა ჟამი. მწვანის მაგივრათ
მაღალი მთები თეთრით მოირთნენ,
სიხარულისა სუფრა აიღეს,
სევდის სასმელი სვეს და დაითვრნენ.
მთიბლის მკვნესარი დაინთქა გვრინი,
ფრინველთ თან გაჰყვა გალობა მტკბარი,
სასაფლაოსებრ მკვდარ ფერდოებზედ
მიჰქრის და მიჰქრის მხოლოდღა ქარი.
მუხაც მჭუნვარე დროს ცვალებადსა
უცქერის, როგორც ომის ველს გმირი,
ჰხედავს უქინდელს სიცოცხლით სავსეს,
გაყვითლებულა, უცვლია ნირი.
ამ წუთისოფლის უარმყოფელსსა
სამარისაკენ უქნია პირი.
ამაიოხრა, თავ-გადაგდებით,
სთქვა: “ბუნებისა არისო ჭირი!”
დგას და ჩასცქერის შორეულ ჭალას,
აღარ აშორებს მწუხარე თვალსა.
იქიდან ელის სინათლის სხივსა,
იქიდან ელის სიცოცხლის ძალსა.
როდის იქნება ტურფა ზაფხულმა
მოგვიკაკუნოს ჩაგრულებს კარსა;
დამდნარი თოვლი მთებიდან ხევში
გრიალ-ღრიალით ჩაჰქონდეს ზვავსა!
ელის ზაფხულსა და მოლოდინში
ხავსდება უფრო გულმოწყენილი,
თვალს ავლებს ირგვლივ, ვეღარვის ჰხედავს
თავის ტოლს ახლო ობლად შთენილი.