გაზაფხული

ვინ რა-რას ტირის ნეტარა,
ვისი რა ისმის ქვითინი?
მოდის და მოდის დუშმანი,
მთას და ბარს გააქვს ბიბინი,
ჩხარუნობს აბჯარ-აბგარი,
ყურს სჭრის ცხენების ჭიხვინი!

ცეცხლს დაუბუგავ სოფლები,
მიწასთან გაუსჭორებავ;
მტერს უჭრავ დიდი, პატარა,
ერთურთზედ აიყორებავ;
სისხლი უსვია და თანაც
მათ ხორცი ჩაუყოლებავ!

მოზღვავებულმა ურჯულომ
აავსო მთა და ბარია,
ხელით და ფეხით გათელა
ქართველთა ამაგდარია,
წაიღო დაისაკუთრა,
რასაც-კი ხელი დარია!

შავი დრო იყო, შავადამც
ექნება სახსენებელი!
წყეული იყოს ომისა
გამჩენი, მამგონებელი,
ამაოხრები ქვეყნისა,
ქვრივ-ოხრის დამღონებელი!

ბევრი “შაგვასვა ცრემლისა
სისხლ-გარეულის ფიალა;
დაგვცა და დაგვაქვეითა,
ცხოვრება გაგვიტიალა...
მაგრამ სრულად-კი ვერ ჩაგვნთქა,
უფალმა გაგვაძრიალა!

ბევრი გვიტირნავ და ბევრი
სატირელიცა გვქონია,
ჩვენი შავ-ბნელი წარსული
ტირილით მოსაგონია...
ძველა ამბავთა თხრობასა
ეს გული დაუღონია!