შავი ფიქრები
1
ვინ რა-რას ტირის ნეტარა,
ვისი რა ისმის ქვითინი?
მოდის და მოდის დუშმანი,
მთას და ბარს გააქვს ბიბინი,
ჩხარუნობს აბჯარ-აბგარი,
ყურს სჭრის ცხენების ჭიხვინი!
ცეცხლს დაუბუგავ სოფლები,
მიწასთან გაუსჭორებავ;
მტერს უჭრავ დიდი, პატარა,
ერთურთზედ აიყორებავ;
სისხლი უსვია და თანაც
მათ ხორცი ჩაუყოლებავ!
მოზღვავებულმა ურჯულომ
აავსო მთა და ბარია,
ხელით და ფეხით გათელა
ქართველთა ამაგდარია,
წაიღო დაისაკუთრა,
რასაც-კი ხელი დარია!
შავი დრო იყო, შავადამც
ექნება სახსენებელი!
წყეული იყოს ომისა
გამჩენი, მამგონებელი,
ამაოხრები ქვეყნისა,
ქვრივ-ოხრის დამღონებელი!
ბევრი “შაგვასვა ცრემლისა
სისხლ-გარეულის ფიალა;
დაგვცა და დაგვაქვეითა,
ცხოვრება გაგვიტიალა...
მაგრამ სრულად-კი ვერ ჩაგვნთქა,
უფალმა გაგვაძრიალა!
ბევრი გვიტირნავ და ბევრი
სატირელიცა გვქონია,
ჩვენი შავ-ბნელი წარსული
ტირილით მოსაგონია...
ძველა ამბავთა თხრობასა
ეს გული დაუღონია!
2
ტირილით ლუკმას ვერ შევჭამთ,
ვერც გზას გავივლით ბნელასა,
ვერც დუშმანს მოვიგერიებთ
თავს მოვაბეზრებთ ყველასა,
ვერც შევინახავთ მამულსა,
ნურც ვისგან ველით შველასა,
დაგვძრახავს შთამმომავლობა,
დაგვიწყებს ახზედ წყევლასა!
ზოგმა სთქვა: “გავწდეთ, თუ
მტრისა ვერ ავიცილეთ ბეგარი!..”
- მტერსაც ეგ უნდა, მტერსაცა
იმის საგანიც ეგ არი!
ქურდსა ჰსურს გადაიკარგოს
ძაღლი კარბზედ მყეფარი,
მერე რომ ჩვენი ქონება
წაიღოს თავის ნებაზედ,
დაჰტოვოს აშენებული
სახლი ეშმაკის მცნებაზედ!
ქარი რო ჰბერავს, პეპელა
ვეღარა ჰბედავს ფრენასა;
თუ გაფრინდება, მიჰხვდება
სულის და გულის წყენასა;
დაჯდება ჩუმად ყვავილთან,
დაიწყებს ბედის წყევლასა...
პატარა სუსტის მხრებითა
არ ელის ქარის ძლევასა!
3
დიდი ხანია გახუნდა
მინდორი ყვავილიანი,
დიდი ხანია ჩამოსჭკნენ
გულის გამთბობნი იანი,
დიდი ხანია ქანაობს
ყანა ფხა-სინათლიანი,
დიდი ხანია ბანს აძლევს
“ჰოპუნას” ნამგლის ჟრრიალი.
ვეღარა ვნახავთ მდელოსა
წინანდებლრ ზიზილიანსა,
ვეღარც ზურმუხტით მორთულსდა
წყლის პირსა, მინდვრის ლიასა,
ვეღარც მეუღლის მძებნელსა
ირემსა ლაზათიანსა,-
მთაში მიურბის სიცხესა,
ხარბად სვამს მთების ნიავსა.
ვეღარ გაუძლო სიცხესა
მა ჩაჩხრიალა წყარომა,
მთის შვილმა, მთების ნაჟურმა,
უმანკო, უსახლ-კარომა;
მზემ მაიპარა, ტიალმა,
ტაროსმა უავდარომა.
გულს ვერ გაულბობს ლამადე
ბარიდან ამონადენი,
ვერც სიო, გრიალი ნექტარი,
მთის წვერით ჩამონაბერი,
ვერც კიდე ყვავილიანი,
მარგალიტებით ნაფერი!
ბევრსა იტირებს ერთგული,
დამრჩალი ოხერ-ტიალად
ვაჰმე, ერთგულის ცრემლები,
გულს დააჩნდების იარად!
ვეღარას უშველს წამალი,
ვეღარც ხმელეთი ციანად!
სოფელმა დამწვა, სოფელმა,
მომიდვა ცეცხლის გენია!
ბევრი მომელის ცრემლები,
ბევრი, და ბევრიც მდენია,
მაგრამ არ იქნა, მკურნალი
მე არსით გამომჩენია!
ვაჰმე, რა სატირელია
ეს ჩემთვინ დიდი საგანი,
ათი-ათასის წლებითა
სისხლით და ცრემლით ნაბანი...
უშენოდ მიწამც ჩამამშლის,
ლოდიმც მექმნება საბანი!
თვალნო, იტირეთ, ცრემლებო,
ეგებ ეს გული დალამოთ!
ცაო! შენ იცი წამალი,
შენა გაქვს ჩვენი მალამო,
მაგრამ არ გვიჩენ არ გვაძლევ,
არ ვიცი, ვისთვის ჰმალავო?!
დავჯდები დაღონებული
ცრემლები მამერევიან,
წამოვლენ სისხლის რუები,
ტანჯვის ზღვას შაერევიან…
რა-კი ვერ მაერევიან.
რა-კი იშფოთებს მღელვარე,
სადაც ეს ტანჯვა მდგარიყო,
კალამს ხელს ვკიდებ, ეგები
ქაღალდზე რამე გარიყოს…
იმედი მატკბობს, იმედი
თუნდა სიცოცხლეც არ იყოს!
4
ღმერთო, შე ტანჯულთ იმედო,
ღმერთო, შე დამწვართ მარაო,
ბედკრულთ, უმწეოთ, დაჩაგრულთ
წმინდა კალთებით მფარაო,
შენ ჰხედავ წუთის-სოფელსა,
სიცოცხლე შენა გბარაო,
გვიშველე ცეცხლი გვედება,
გვიშველე, ხმელთა კარაო!
ლოცვას სიწმინდე მიმიეც,
ტანჯვაო დაუთვალაო!!
მომეც ჭკუა და გონება
დიდი და დაუღალავი
ენა-ცეცხლი და ლახვარი,
ლხენაში ტკბილი, ტანჯვაში
სასტიკი, შესაზარავი!
ლექსთ წყარო სპეტაკ-ნარნარი,
აზრთ რიცხვი დაუთვალავი,
გული წმინდა და მაღალი,
ტანჯულთ თავ შესაფარავი!
მომეც ძალა და შეძლება,
მივეცე აღმაფრენასა,
მეც ერთხელ დავწაფებოდე
ნიჭსა და მადლსა ზვნასა.
ტანჯვის თქმა, გულის გამგმირი,
მოჰმადლე ამ ჩემს ენასა,
ტანჯვისვე სრულად შესმენა
მოჰბერე დახშულს სმენასა!
ყვავილის ჩურჩულს, წყლის ჩუხჩუხს,
ფრინველთ საამურს სტვენასა,
ცის განრისხებულს გრგვინვასა,
შავ ღრუბელთ უგზოდ დენასა,
ნიავის ალერსს, შტოების,
ერთურთზედ გადახვევნასა,
ცის და ხმელეთის ერთობას,
მათს საიდუმლოს ყველასა
ვუსმენდე აღტაცებული,
შევსტრფოდე გრძნობა-მრავალი,
ჩემს საიდუმლოდ ხდებოდეს
მათი თავ გადასავალი!
5
ტიალი წუთი-სოფელი
სიტკბოთ მან გაატარაო,
ვინაც ამ სოფლის ავ-კარგი
გულზედ არ მიიკარაო,
სიტკბო ჭამა და ბოლოსა
პირი არ ჩაიმწარაო...
ვინც-კი ეცადა, რომ ყველა
ჭკუაზედ დაემყარაო,
თავი უძებნა საგანსა,
ბოლო არ დაუფარაო,
სადაც ვერ მისწვდა მის თვალი,
გონება მაიხმარაო,
თვალის წინ საგნად დაიდო
შიცოცხლის გამოცანაო,
ის მხოლოდ ჭირსა ხვდებოდა,
ჯანს ჰლევდა თანდათანაო,
ბოლოს ან თავი მოიკლა,
სიცოცხლე ჩაიშხამაო,
ან ჭკვაზედ შესცდა და ეხლა
დაჰბღუის კარის-კარაო.
არ იქმნა, ჭკუათ-მყოფელი
ბედმა არ შეიყვარაო.
მე-კი ან უნდა დავირჩო
ცხოვრების ერთ-გვარ დენაში,
სული ამომძვრეს მთელ-მკვდრებთან,
მათთან სმასა და მღერაში,
ან უარსა ვყოფ სიცოცხლეს,
სიკვდილს დავუწყებ მზერასა,
ყელს გამოვიჭრი და მითი
გადვიხდი ბედის წერასა...
სიკვდილ-სიცოცხლის შუაზედ
ვერ შევძლებ დროშის ჭერასა!
6
მეც შავი მაცვავ ტანზედა,
ვითვლები მგლოვიარებაში;
დღე ყოველ სიკვდილს ვუცქერი,
არ შრების ცრემლი თვალებში!
ვინ იცის, ჩემი იმედი
რომელ მთის წვერზედ შაჯდება,
ვინ იცის, კიდევ ჩამოვა,
თუ იქ დარჩება-მოკვდება?!
ვინ მეუბნებით: “ბედ მწარევ,
რა გაქვსო სამგლოვიარო!
ჭინ ორი გზა გაქვს და უნდა
ან ერთით, ან სხვით იარო,
თუ სიცოცხლეს ჰგმობ, სიკვდილი
ხომ უნდა გაიზიარო”.
მეც მაგას ვტირი, რომ ვიცი,
რაც არის საფლავს მწოლელი:
სამარე, სტუმართ-მოყვარე,
მათ გულისთვის მშრომელი;
ჭია, მსახური მიწისა,
კაცის გულ ღვიძლში მძრომელი;
ზედ ცრემლი გულის სატრფოსი,
უძლევი დაუშრობელი!
სიცოცხლე სრულებ სხვა არის,
სხვა რიგ, სხვა წესით მდინარე,
ჭირი და ლხინი ორივე
წაძღოლილი აქვს წინარე,
ჭირსა სძლევს ლხინის ლოდინით
იმედი შორად მძინარე;
ლხინს ზომას აძლევს სიკვდილი,
კაცთ გონებაში მძინარე!
7
მივნატრი იმას, ვისაც აქ
სახელი შეუძენია,
ზეცას მეორე სიცოცხლე
იმისთვის გაუჩენია!
ნეტავი იმას, რომ მუდამ
მის გზას ნათელი ჰფენია;
დიდი და წმინდა სამკვიდრო
კაცთ გულში აუშენია,
ვერც დაჰშლის ცივი სამარე,
ვერც დასწვამს ცეცხლის გენია!
ნეტავი იმის წალკოტსა,
ხე უდგა გაუხმობელი;
რწყავს უკვდავების ნაკადი,
სულ მუდამ დაუშრობელი;
უნათებს წმინდა სანთელი,
დრო ჟამის დაუქრობელი.
ის კი რა მისანატრია,
ვინც მიჰყვა ცრუსა მცნებასა,
ვინც იმით გატაცებულმა
მყოფადი გაიბედნასა!
8
ჩავხედავ გულის სიღრმესა,
თვალნი არ ჩაუწვდებიან;
შორს ჰფრინავს, ციდგან ცამდისა,
მხრის წვერნი მიუწვდებიან;
ვერც ვინ დაუდვა საზღვარი,
არც გზანი ეზომებიან.
გძელია იმის გზა-კვალი,
ბნელია იმის წიაღი,
დაწესებული საზღვარი
ერთიც არა აქვს იაღი;
სად მთა უთელავ ნაკვეთი,
სად კლდეთ უსულო კრიახი!
ათასთ მოებმის საგანთა,
ათასთა სანდომარეთა,
ხან ზღვით შესტრფის და შეჰხარის,
ხმელეთზედ მწოლიარეთა;
ხან ცდომილების ციალსა,
სივრცეში მორიალეთა;
ხან რაღაც ვნებას ეძლევა,
იმედსა შორიალესა!
9
შევხედავ ემ დიდს მთა-ბარსა,
თვალი არ გადეზმანება,
მაღალ მთათ, კლდეთა ჯღრდეებსა,
ცის პირთ რო მიიძაბება,
გრძელს მინდორს მთიდგან მთამდისა,
ზედ ცვარი დაინამება.
შევხედავ, ძმაო, მაგრამ-კი
ვაი ამ შეხედნებასა!
ვხედავდე, თუ-კი არცერთი
არ არის ჩემსა ნებასა...
ღას ვწვდები მერე, რომ ვხედავ
ვარსკვლავის გათხოვებასა;
სულის და ხორცის გაყრასა,
ამ სოფლის დატოვებასა?!
ღამე ბნელდება, მზე ჩადის,
მე ველი გათენებასა;
მთა თოვლით გადილესება,
მოველი ჩამოდნობასა!
ზოგჯერ რო დევთა სადაროდ
მდინარნი აყვირდებიან,
მაღლა გაირთხმის ღრუბელნი,
ცანი ცვრად დაიღვრებიან
და ზღვის ჯურღმულში სალხინოდ
ტალღები შეიყრებიან,
მე შევცქერ გაოცებული,
ვეღარ მოვსულვარ ცნებასა:
მე არვინ მკითხავს, სულ ყველა
ასრულებს თავისს ნებასა...
მე რაღად მართმენ, არ ვიცი,
ამ დიდს ბუნების მცნებასა?
ბევრჯელ ამ სოფლის გაცნობა
შუსდს ნიჭს არ ემორჩილება,
ფიქრს ვერა ვფიქრობ, გონებას
როგორღაც ეჩოთირება…
ვიღას მივნატრებ, თუ მისი
მე რამე მეცოდინება!
10
ბევრჯელ ცა-ხმელთა კავშირი
შულს მიიზიდავს და გულსა;
ვცდილობ, რამ გამოვარკვიო,
წამლად დავედო დაგულსა.
“მოდით, აქ მოდით!” ტირილით
მივძახი მგლოვიარეთა,
მაშვრალთა, შეწუხებულთა,
ცრემლების მთოვიარეთა,
ცისაკენ ხელ-აღპყრობილთა,
სიკვდილის მთხოვიარეთა.
“დეგები ერთად შაყრილთა
ლოცვა ვსთქვათ მაღალ-მაღალი;
ხელი-ხელ ჩაჭიდებულთა
ვეძებოთ ქვეყნის წამალი.
ქვათაც-კი გავუზიაროთ
ბოღმა დიდის ხნის ნამალი!
“მე სულ მცირე ვარ თქვენთაგან,
თავსაც ვდებ არაფრობაში,
არცვის ქიშპობას გაგიწევთ
ზეგარდმო ნიჭთა ფლობაში.”
მინდა-კი, ჩემი წვლილიცა
იყოს თქვენს მონაგრობაში.
“მცირე ვარ, მაგრამ ტირილი
მეც ვიცი სხვასთან სადარი,
თვალ-ცრემლის საგუბარები
არა მაქვს ჯერედ გამხმარი;
არც სასოება წამრთმია,
გული მაქვს ისევ მაგარი!”
მაგრამ ძახილი ძახილად
რჩება, ზვირთს მიაქვს ქარისას,
პასუხად კვნესა მომესმის
ჩვენის მთისა და ბარისა…
ზედ ერთვის გმინვა გულისა,
სევდისგან ნაოხარისა!
თავს ნაცარტუტა დასხმულნი
ჩადიან მოტირალენი,
კბილით ხორც-დაგლეჯილები,
ვიღასიც მემმუქარენი,
ჩადიან გულ-დაკოდილნი,
სულს უწყლავთ სიმწუხარენი.
აგერ, სხვა მხარეს მოავე,
გულის საცინრად მდგომელი,
ჩვენის გულიდგან სისხლისა
ობობასავით მწოველი,
ჰხარობს, რომ ჩვენი ავ-კარგი
ხელში ჩაიგდო ყოველი...
წყეული იყოს, წყეული
სხვისა ჩაყლაპვის მდომელი!
1891 წ.