გამხნევდით
სიტყვა რამ გასამხნევები
ვსთქვათ დავევედრნეთ ზენასა,
რომ მადლი მაკურნებელი
ეგებ მიმიცას ენასა
და მოუვლინოს მშვიდობა
ყმაწვილთ და მოხუცთ-ყველასა.
ვკადნიერდებდი და ვთხოვ
უფლისგან აღმაფრენითა:
ერთხელ ჩვენს ლოცვას უსმინოს,
რომ მუდამ დაღონებითა
არ ვიყვნეთ მისნი მოსავნი,
ერთხელ ჩვენც გვნახონ ლხენითა!
ჯერ ცოტანი ვართ ქვეყნის ზღვა
ჩაყლაპვას გველამუნება,
ახლა ამ სენით რომ გავწყდეთ,
გულს რაღა ესალმუნება?
ვითომ კი უსამართლობას
ვერ ითმენს მისი ბუნება!
მაშ ამომწყვეტი მახვილი
რად მოუღერა ჩემს ერსა,
რაღა ტარილი სჭირია
ესეც დღე მუდამ მკვნესელსა?!
ჰო, რომ ვიბრძოლეთ და მამულს
იმითი ვედგეტ ფარადა,
წყეული ვიყო, რომ კიდეც
ამკუწონ ფარა-ფარადა,
თუ შევდრკე,როცა მხსნელების
სისხლი იქცევა ღვარადა!...
ძმებო და დებო, რომლებსაც
დღეს ჭირი მოგერგინებათ,
იმედი მამხნევებელი
ღვთისგანამც მოგევლინებათ.
ნუ შეშინდებით, შიშითა
ჭირი არ აგეცილებათ!
ბევრიც ვეხვეწო ხმელს და ცას,
ეგები სადმე დამმალოს,
სად გავექცევი სიკვდილსა,
რა მეშველება საბრალოს!
მაშ რაღას უნდა გავექცე,
ან შევუშინდე მე რასა;
ათასი თავი ვაძვრინო,
მაინც გავხდები ვერასა...
ერთხელ სჯობია სიკვდილი
მუდამ სიკვდილის ცქერასა.
სანამ ვართ, უნდა-კი ვიყვნეთ
ტვირთის სახელით მზიდველი
და როცა წუთი-სოფელმა
წამოგვიდრიკოს კისერი,
ჩვენი ნაჭერი ადგილი
დარჩება ისევ ტიტველი
და ჩვენს შემდეგაც მრავალი
გამოუჩნდება მყიდველი.
თუ არ ვასრულებ, რაც ცითა
კისრად მადვია მე ვალი,
როგორც ვსთქვა მაშინ, არა მჯობს
ურცხვი, უკდემო მხევალი!
და როცა დაჰვიწყებია
კაცს თავის მოვალეობა
აქ იბადება სიმშურე
და ბილწი პირმოთნეობა,
ერის დაღუპვის ნიშანი
გაფუჭებული ზნეობა.
გამხნევდით წმინდა გულითა
ლოცვა ვსთქვათ ჰანგებ-მაღალი,
საერთო უბედურების
ვითხოვოთ ღვთისგან წამალი!
ვიცი, არც ღმერთი უარ გვყოფს,
შეესმის ჩვენი ვედრება
და მოწყალებად გადმოვა
ცად აღწეული ვედრება!...
1892 წ.