მგოსანი
ზოგჯერ რომ მადლი მომბერავს,
გამინათლდება გონება,
ვითომ სულ ახლად ვშობილვარ,
ახლი თავი მომება;
ახალი ფიქრი, სულ ტკბილი,
აღარსად გულის ღონება.
ღარიგად მიყვარს ქვეყანა,
ერთს წამს თავ-დავიწყებულსა,
ვეღარსად ტანჯულსა ვხედავ,
ვეღარსად გაჭირვებულსა.
რა ტკბილადა ვგრძნობ ჩემს თავსა,
რა რიგად ხალისიანად:
ვითომ ეს ტურფა სამყარო
მეკუთვნის ხმელ და ციანად.
არავინა მყავს მოცილე,
არცვინ მლანძღველი ხმიანად...
მაგრამ წავიდა ის წამი
და ის ციური ოცნება…
აღტაცებული მოლექსე
ვინ იყო, აღარ მეცნობა,
ისევ ის მომაკვდავია,
ისევ ის გულის მხეცობა!
საწყალი დავრჩი საწყლადა,
დაცლილი, როგორც ქოთანი
როგორც დამწვარი მინდორი,
აოხრებული ბოსტანი,
არც მეგობარი, არც მოძმე,
ერთი საწყალი მგოსანი!
1892 წ.