არყი
(ვუძღვნი ვაჟა-ფშაველას)
ბეჩავო არყო, კლდის თავსა
სდგეხარ თავჩაკიდებული!
ზამთარში გაზრობს სიცივე,
საქმე გაქვს გაჭირვებული:
გაზაფხულს ზვავი გაქელავს
მგრგვინავი, აყვირებული.
ზაფხულში გკორტნის მთიბელი
შენს ჩრდილში მოგრილებული.
ქვიშა გვწვავს ჭიუხემისა,
მზისაგან ადუღებული!
შენ მაინც გიყვარს ტიალი
კლდე შავად აყუდებული,
ეკვრი, ფესვები ლოდებზედ
გაქვს მაგრა ჩაჭიდებული.
ან წყალს რასა სვამ? ან საზრდოს
ნეტა საიდან შოულობ?
ვითომ არც სიბეჩავეს გრძნობ,
არც სხვისგან რასმე სთხოულობ!
მიყვარს და აღტაცებული
შავფრინავ მთასა მშობელსა.
ვერც მნახავთ ლუკმის გულისთვის
შხვის წინ მუხლებზედ მცოცველსა.
არცა ვგმობ მშიერ მწყურვალი
ამ ოხერ წუთი სოფელსა!...
ერთი რომ ნისლმა დანამოს
ზღვათა ნასუნთქი ორთქლითა,
გულს გავიგრილებ მზურვალსა
ცის მონაწუტი ოფლითა,
დავეწაფები ხარბადა,
შავსუტავ მწვანე ფოთლითა.
მცირე მადლს ვწირავ შემოქმედს
ცად აწეული გრძნობითა!
1901 წ.