ელეგია

(ჩემს ძმას ბაჩანას)

ვაიმე, ძმაო, ვაიმე,
მითქვამს და ვიტყვი ვაისო,
ეს ჩემი გული ბედკრული
ტანჯვით პირამდის გაივსო,
თვალებმაც ბევრი იტირეს,
ცრემლმაც მრავალი შაისო.
მაგრამ მე ისევ თომა ვარ,
ისევ ის გულის ტკივილი,
ისევ მას ვეტრფიალები,
რაზედაც მქონდა ჩივილი,
ვეძებე, ლხინი ვერ ვპოვე,
ისევ ტირილი, ტირილი!!
ხან მინდორს შავეხიზნები,
მიურბი დღისა ვარამსა,
ვესაუბრები ცა-ხმელთა,
ვეტრფი დაბურულს ჭალასა,
ოცნებით გატაცებული,
ვეძებ დრო-ჟამთა წამალსა.
თორემ ვინმე და ეს საქმე,
ვინ კაცი ჭკვათა მყოფელი,
სოფლისგან ეულს არ აქვნდეს
თავისა მისაყრდნობელი,
თვით ქვეყნის ხსნაზედ ფიქრობდეს,
ვით დედა, ღვიძლი მშობელი
დიდთა, ამ ქვეყნის მნათეთა
ჰქონდათ საერთო ვარამი,
განვლეს წუთის დღე დიდებით,
აღნიშნეს თვისი ნავალი,
ეძებეს, მაგრამ ვერ ჰპოვეს
ვერც იმათ ქვეყნის წამალი.
ბევრმაც იწია სულ მაღლა,
ჰსურდა, ჩვენს ზევით მდგარიყო,
ესაა სიამის თვალი,
წუთი სოფლითა მტკბარიყო,
მაგრამ ვერ მისწვდა მიუწვდომს,
ცა მის საწვდენად არ იყო;
ვერც დარჩა მიწის ზევითა,
მისთვისაც კუბო მზა იყო.
კაცის უძღები გონება
სულ ეძებს მიუწდომელსა,
იმაში ჰპოვებს თავისთვის
დასატკბობ-გასართობელსა,
მაგრამ ვინ მისცემს იმისს გულს
სამუდმო გასაძღობელსა.

1891 წ.