იის ამბავი

I
გაზაფხული იყო. სიცოცხლის მომცემს მზეს ათასფერად აეყვავებინა დედამიწა. ათასფერი ყვავილი ეგებებოდა გაზაფხულს; იაც გაშლილიყო და თრთოლვით, კანკალით მოელოდა ყოველს დღეს. იას ძალიან ეშინოდა, არ ვიცი კი, რა აშინებდა: მოკლე სიცოცხლე თუ სხვა რამე. ქარი დაჰბერავდა თუ წვიმის ნამები წამოვიდოდნენ ღაპაღუპით, იას გული უსკდებოდა, ან ქარი მომწყვეტს და გადამაგდებს კლდეზეო, ან ნამები გადამტეხენ ღეროში და გამომასალმებენ წუთისოფელსაო. სიცივე და სიცხე ერთნაირად შიშით ააჟრჟოლებდნენ ხოლმე საბრალო იას. ია მალ-მალე ამოეფარებოდა ბუერისა და ძირხვენის ფოთლებს, რომ თავი აერიდა მზის დამწველი სხივებისათვის და არ დასცვივნოდა ფოთლები. სიცივის დროს შეიხრიდა ფოთლებს, თითქოს გულ-ხელი დაუკრეფია, რომ სიცივე არ შეჰხებიყო იმის ნაზს მკერდს და არ დაეზრო. დილაობით ნამები შეგროვდებოდნენ იის ფოთლებზე, მზე ამოვიდოდა, ჩაუხტებოდა მზის სხივი ნამებს და ერთი ბეწო ტურფა ცისარტყელა გადაერტყმოდა იას წელზე. იმას მიემატებოდა იის ფერი და უფრო დამშვენდებოდნენ მისი ფოთლები.

იის გარშემო ბევრი ყვავილი და ბალახი იყო ამოსული. ათასგვარი ჭია და მწერი დაძვრებოდა იმის ახლოს. ბუზი, კრაზანა, კელა, ბაურა, პეპელა-ათასობით მოდიოდნენ და ასხდებოდნენ იას. ყველა ამათ ისე სურდათ, რომ ამოეწუწნათ გულიდან, რაც კი სიცოცხლე და სურნელება ებადა იას. გულს უკლავდა იას მათი ასეთი შეუბრალებლობა, მაგრამ რა ექნა! ია დიდხანს იყო მარტოდმარტო. თავის გულისწადილს ვერავის უზიარებდა. მხოლოდ ზოგჯერ ნიავი თუ წაიღებდა მის კვნესას და მოჰფენდა ყვავილთ სამეფოში. ესმა მინდორთდედოფალს იის სევდა. მისი ნაღველი, მისი სიმარტოვე, შეებრალა და გამოუგზავნა მეგობრად პატარა ყვავილი -კესანე. კესანე ტურფა რამ იყო. მინდორდედოფლისაგან მიცემული ცისფერი აბრეშუმის კაბა ზედ აკვდებოდა. ყველას ჰშურდა იმისი სიტურფე, ყველას ენატრებოდა კესანეს სინაზე, იას გარდა: იას ხუთი სოსანი აბრეშუმის კაბა ეცვა და ყელზედ მარგალიტის ღარადე ჰქონდა შემოვლებული.

კესანე და ია ტკბილი მეგობრები იყვნენ. დაჰბერავდა ნიავი და მიახლიდა მეგობრებს ერთმანეთს. ისინიც გადაიჭდევდნენ ყელზე ყელს და სტკბებოდნენ სიყვარულით; მოჰყვებოდნენ ტკბილად ჭუკჭუკს, მაგრამ კაცის ყური კი ძალიან ძვირად გაიგონებდა ამათ ლაპარკს.

II
იამ შენიშნა, რომ იმის ახლოს ხშირად მოფრინდება ხოლმე ერთი ჩიტი და ბუზებს იჭერს. იამ ეს ამბავი კესანეს შეატყობინა. - მეშინოდა, - უთხრა მეგობარს, - რომ იმ ორფეხა ცხოველმა არაფერი მავნოს, სულ ჩემს ახლოს დაფრინავსო.

- ნუ გეშინიან, ჩემო ჩიტუნავ, შენთან რო ბუზებია, იმათ იჭერს! კიდეც უნდა გვიხაროდეს, რომ მაგ სისხლისმსმელებს გვაცლიან; იმათ ჩვენგან სხვა არაფერი არა სურთ! - მე კი გული რაღაც უბედურებას მიქადის, - სთქვა იამ, - ეგ ან დამჭყლეტს და ან ერთ რასმე დამმართებს!

- რა მშიშარა ხარ! - უთხრა კესანემ იას, როდესაც ბუზისაგან შეშინებული ია კანკალით მიეკრა კესანეს, - ძალიან ძვირად თუ გიღირს სიცოცხლე!? იას ტყუილად არ ეშინოდა. იმის ახლო ათასნაირი ბუზი ირეოდა, ბუზებზე ჩიტები ნადირობდნენ და ჩიტებზე - ალალი. ია ირგვლივ მარტო ერთმანეთის ჭამა-გლეჯას ჰხედავდა. ვინც ვის მოერეოდა, ჰკლავდა და სჭამდა.

ია ამ დარდსა და ფიქრში იყო, დრო კი მირბოდა... დილა იყო. მზეს ის იყო ამოეყო ყური. დედამიწა შეთბა; ნამი აშრა და ათასგვარი მწერი დატრიალდა ჰაერში. კრაზანას და ბუზებს ბზუილი გაჰქონდათ. იის ახლოს ერთი ჩიტი დამჯდარიყო და ბუზებს ელოდა. ჩიტს დიდხანს არ მოუნდა ლოდინი.

ბზუილი მოისმა. ბუზურას მხრების ქარმა ბალახებს რხევა დააწყებინა. მოისმა ,,ბზუ-უ-უ” და ერთი დიდი ჭრელი ბუზურა მიუახლოვდა იას. გრძელი ისარი გამოეშვა და ატრიალებდა აქეთ-იქით. ბანჯგვლიანს ფეხებზედ სქლად ედვა ყვითელი მტვერი ყვავილებისა, თვითონაც მთლად მოსვრილი იყო ყვავილების მტვერში. ბუზურა იას დასტრიალებდა თავს. იას შიშით ფერი დაეკარგა, ათრთოლდა, მთელი ტანი აუკანკალდა. მოხარა თავი და ცდილობდა, როგორმე მიემალა გული, მაგრამ ბუზურას რა გამოეპარებოდა, ერთი კიდევ დაიბზუილა და დააჯდა იას გულზედ. ია გადიდრიკა და ჩაიკეცა.

- დაიმალე, კესანე, დაიმალე! - დაუძახა კვნესით იამ; - ამ სისხლისმსმელმა შენც არა გნახოს!... მე ნუ მიტირებ! იის ახლოს ისევ ის ჩიტი იჯდა; იას იმაზე დარჩა თვალი: წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო. ბუზურამ გრძელი ისარი მიავლ-მოავლო იას გულზედ, უნდოდა სადმე ჩაეკრა. ამის შიშით იას გული მისდიოდა.

ამ დროს ჩიტმა შენიშნა მსუქანი საჭმელი. გადმოფრინდა, ჩაჰკრა ნისკარტი ბუზურას და გააქანა გაუმაძღარს მუცელში, მაგრამ... იის ფოთლებიც თან ჩაატანა. იამ აიწია წელში, გასწორდა. მაგრამ ვაი იმ გასწორებას: ფეხზემდგომს მკვდარსა ჰგავდა! თვალებიდან სხვილმა მარგალიტსავით ცრემლებმა დაუწყეს ღაპაღუპით დენა. ია ქვითინებდა, თავი დაეხარა უნუგეშოდ და გლოვობდა თავის ბედს. ვინღა უშველიდა! კესანეც ისეთივე სუსტი იყო, როგორც თვით ია. ვერც კესანე გადაურჩა უბედურებას, ჩამოგორებულმა ქვამ წელში გადატეხა კესანე.

ორთავეს ცრემლები სდიოდათ. ცრემლები ძირებს ულბობდნენ და იქიდან სხვა იები და კესანეები აპირებდნენ ამოსვლას.

დობილებს ეს აძლევდა იმედს: ,,ჩვენი სიცოცხლე ჩვენს მოდგმას მიემატოსო”, - სთქვეს და ჩაჰკიდეს თავები.

ია უკვდებათ, - ყვავილნი
ეთხოვებიან, ტირიან;
შორს გაიგონებს ერთგული,
ცრემლები ჩამოსცვივიან...
ელიან მინდორთდედოფალს,
მის მოსვლით გახარებასა,
გაზაფხულთ ყვავილთ მოსვლასა,
მათ ძირის გამრავლებასა,
ბაღში ვარდისა გაშლასა,
იის კვლავ აყვავებასა,
ველების შეხამებასა,
მინდვრების აჭრელებასა,
ტურფა კესანეს სიხარულს,
ცაზე ფრინველთა დენასა,
ბულბულის შემოჩვევასა,
დილა-საღამოს მღერასა.

1898 წ.