რძლებს თინას და ფეფეს დილის ძილი უყვარდათ

მამამთილი ამიტომ ხშირად უსაყვედურებდა ხოლმე:
- რა არის, ქალო, რომ ჩემს დაუძახებლად ადგეთ? ეგ რაღა გამოვიდა, რაკი მე გაგაღვიძებთ, ვითომ მე გამიკეთებია თქვენ მაგივრად საქმე. საკვირველია, ღმერთმანი, ნამცეცი ფიქრი და დარდი არა გაქვთ, საქმე სულ არ გაჯავრებთ, გინდ სახლი წყალმა წაიღოს, თქვენ მაინც არხეინად გძინავთ! კიდევ კარგი, რომ ქართლელ გლეხს დიდი ხათრი, სიყვარული და პატივისცემა აქვს ქალისა, თორემ სხვა ვინ მოუთმენდა? რძლები ახალგაზრდები იყვნენ, ჯანით და ღონით სავსენი, იღლებოდნენ კიდეც. ვერც დაიძინებდნენ, ვიდრე ყველა ოჯახში მყოფი არ დაწვებოდა. მუდამ ჩიკორივით ფეხზე უნდა ეტრიალათ. ასეთი იყო ჩვეულება. პატარა ბიჭიც კი ამათ უძახდა:
- ძალო! წყალი დამალევინეე! – და თუ ერთ-ერთი ძალო მაინც არ გაიგონებდა, კვლავ მოისმოდა უფრო მკაფიოდ:
- ძალოო! წყალი დამალევინეე! ცომშიაც რომ ჰქონოდათ ხელები, მეტი ღონე არ იყო, უნდა ამდგარიყვნენ და შეესრულებინათ მათი სურვილი.
- ფეფეე...
- ბატონო!
- წყალი შედგი, ჭურჭელია დასარეცხი, - უბრძანებდა დედამთილი.
- ემ საათში, ბატონო, ბავშვს ძუძუ უძევს პირში, დავაძინებ და ეხლავე!
- ფეფე!
- ბატონო!
- ემანდ დოა შესადღვები, ჩვენებიანთ სადღვებელი გამოართვი!
- ემ წუთში, ბატონო, ემ წუთში, - და დაფაცურდებოდა წასასვლელად.
- ფეფე! – ეძახდა მაზლი.
- ბრძანე! – ეტყობოდა, რომ ჯეელ მაზლს სხვა კილოზე აძლევდა პასუხს.
- მოდი, კვერზედ დაუდეგ, უნდა ვენახში ავირბინო, პატარა პირის გასასველებელი ჩამოვიტანოთ რამე!
- ემ საათში, ემ საათში, სადღვებელს ჩამოვაბამ და მოვალ. ბევრი წამოიღე, გიგა!
- დედაა! – ღრიალებს პატარა ქალი, რომელიც აკვნისთვის მოუყენებიათ.
- ჰაჯან, ქალო! – გაეპასუხა ალერსიანად დედა.
- გიგლა ტირის, ძუძუ მოაწოვეე!
- ადამიანო! მოდი, დკალოა საქცევი, ნაპირი შემოსაგველი, ი ბიჭი სადღა გადაიკარგა, ე ბალღები ამ ხარებს ვერ ატარებენ! – უძახის ქმარი.
- შენღა მაკლდი, შენმა მზემა! – ბუზღუნებს ფეფე. რა ფეფე, რა თინა, ორივენი, მუდამდღე ამ ყოფაში იყვნენ. ისინიც ციბრუტივით ტრიალებდნენ, ყველას ასწრობდნენ, აკეთებდნენ. უცქერის მამამთილი, რომ ამისი რძლები აქაც არიან, იქაც, თითისტარივით ტრიალებენ, მაინც ასე იძახის:
-პატარძლებია, მაგრე უნდა, მაშ როგორ იცხოვრონ! დაღალულ ფეფეს ხშირად, როცა შვილი ძუძუდან რძეს წუწნის, თავჩაქინდრულს აკვნის უღელზედ მიეძინება ხოლმე, აფხიზლებს მხოლოდ გიგლას კბილები, რომელიც ძუძუზედ ჰკბენს, რაკი ძუძუში რძე აღარა აქვს.
-უი, ჩემ თვალებს, რაზედ მამამთილი მომასწრობდა! დაიძინე, შე აბეზარო, არ გესმის, მეძახიან! – და თან გულიანად ჰკოცნის გიგლას მსუქან თათებსა. მამამთილი ხანში შესული კაცია, მხნე, გამრჯელი, ალალი ლუკმის მჭამელი, როგორც მომეტებული ნაწილი ქართლელი გლეხობისა. ღამე ერთი პირი წაეძინება, მერე წამოდგება, ჯერ ისევ ღამეა, პირზედ წყალს შეისხამს, პირჯვარს გადაიწერს:
- ღმერთო, გვიშველე, დალოცვილო! ღმერთო, უშველე ხალხს, საქრისტიანოსა. ღმერთო, უშველე ყველა გაჭირვებულსა! არემარეს დაათვალიერებს: საბძელს, კალოს, ძნას, ბაკს, ბოსელს, საღორეს.
- მტერს არა სძინავს, იქნება მოიპარა ვინმემ რამე, ან გააფუჭა, ზარალი მომაყენა. – მერე შვილებს გააღვიძებს: - ადექით, ბიჭო, რა არი მაგოდენა ძილი? დავიჯერო, ამოდენა ღამეში ვერა ძღებით ძილითა? ბოლოს რიგი რძლებზედ მიდგება. თუმცა დედამთილიც ჰყავს, მაგრამ იმას უფრო არ ემეტება გასაღვიძებლად. ,,ჯეელებია, იღალებიან, დაიძინონო’’. იღვიძებენ რძლებიც უწადილოდ, თვალების ფშვნეტით, მთქნარებით, დედამთილის იმედი აქვთ.

***
საწყლებს დაუძახებლად მუდამ გვიან ეღვიძებოდათ, ან ნახირის გარეკა დაუგვიანდებოდათ, ან კალოს გაშლა, ან თონის გახურება და პურის გამოცხობა.
- ეს სულ მაგ ოხერი ძილის ბრალია, - იძახდა მამამთილი, - აბა ადრე ადექით, თუ ან კალო დაგრჩეთ გასაშლელი, ან პური გამოსაცხობი, ან ძროხები დასაწველი. მართალია, ჯეელებია, ძილი უყვართ, მაგრამ თუ ჯეელი არ ადგა ადრე, ეხლა მე გინდ მთელი ღამეც ფეხზედ ვეხირო, რიღას მაქნისი ვარ, რას გავაკეთებ?! მერე კალოობაშია გაჭირვება. ადრე უნდა ადგე, კალო გაშალო, მთელი დღე პაპანაქებაში კალოზედ იტრიალო, საღამოთი ხვავის აღება გვიანდება, მერე თუ უქარო დღეა ან ძალიან ქარიანი, და აბა, სანამ სვავს არ აიღებენ, კალოს მოშორება როგორ შეიძლება, კალო ნარდია. ძალიან იღლებოდნენ, ღამეც ბავშვები აღვიძებდნენ და ამიტომ ადრე ადგომა ესიკვდილებოდათ. მამამთილს ძალიანა სურდა, როგორმე მოეშლევინა იმათთვის დილის ძილი.
- დაიცათ, ქალებო, ისეთს ოინს გიზამთ, მამაჩემის ცხონებამ, რომ თავის დღეში არ დაგავიწყდეთ და აღარც გაღვიძება მოგინდეთ. თქვენ თუ ისე არ გიყავით, ვერ ისწავლით დილით ადგომასა. რძლებიც და ყველანიც მოელოდნენ, რომ მამამთილი უპირობდა რაღასაც, მაგრამ რას? ის კი არავინ იცოდა. ერთ საღამოს მამამ სახლში მყოფს ყველას გამოუცხადა, ხვალ დილით არამც და არამც თინა და ფეფე არავინ გააღვიძოთ, თორემ ან მე ვიქნები ან თქვენაო. რძლებს კი არ გააგებინეს ეს გადაწყვეტილება. ყველა მიხვდა, მამა რასაც აპირობდა. ფეფეს და თინას თავის ბალღებით და დედამთილს დარბაზში ეძინათ ხოლმე, მამამთილს – კალოზე, დანარჩენებს ზოგს საბძელში ან ვენახში, ზოგს კიდე კალოს ხარი მინდორში მიუდიოდა. დილით ყველანი ადრე წამოხტნენ. დედამთილიც ადგა, თინას და ფეფეს კი ისე ეძინათ დარბაზში.
-არ ადგნენ? – იკითხა მამამთილმა.
-არ ამდგარან!¡ - უპასუხა ცოლმა
-წადი, ფეხაკრეფით, ერთი ჭილობი მოიტანე და დარბაზის ბანს (ფრანგულს) დააფარე, კრინტი არ დასძრა, თორემ უერთოდ ვერ გადამირჩები, - უბრძანა ქმარმა.
-ერთი თავი დაანებე, თუ ღმერთი გწამს, - სცადა გამოქომაგება დედამთილმა.
-ეგ შენი საქმე არ არის, წადი, რაც გითხარ, აასრულე. თუ შუქი ჩასულა საიდანმე, იცოდე ვეღარ გადამირჩები, ნახირი და ღორ-ხბოც არ გარეკოთ! ცოლმა კიდევ რამდენჯერმე სცადა დაეშლეინა ეს ახირებული გადაწყვეტილება, მაგრამ ამაოდ. დარბაზში ისეთი სიბნელე გამეფდა, რომ თვალში თითი გეტაკებინა, ვეღარაფერს დაინახავდი. ქართლში დარბაზებს მხოლოდ ბანიდან ჩასდის სინათლე. სიცივის გამო სახლებს მიწაში აკეთებენ, კედლები ან ალიზისა (გამოუწვავი აგურისა) ან ბელტისა, ან ქვიტკირისა, ან ისე ყორეა. ზოგჯერ არც ის არის და არც ის, მიწაა პირდაპირ კედლად. ეს ქონებაზე არის დამოკიდებული და ადგილმდებარეობაზე. სადაც შეშა და ქვა ძვირია, იქ მიწური ან ბელტი და ან ალიზია კედლად, სადაც კლდის ქვა ბევრია, იქ ყორეა უკირო და სადაც ქვაც ბევრია, ქვიშაც და კირიც იშოვება, უფრო ქვიტკირს აშენებენ. რაკი სახლი მიწაშია ჩამძვრალი, ფანჯრები სად გაუკეთდება, სახლი ისევ მაღლიდან უნდა გაშუქდეს. ამიტომ დარბაზებს ზედ კერის თავზე დადგმული აქვს მაღალი მუხის ფიცრების ჭდეული ბანი, სიმაღლით სამი არშინი ან ცოტა მეტნაკლები. მაღლა ეს ბანი შაქრის თავივით წვრილდება და შორიდან ძველებურ მაღალ ქუდს მოაგონებს კაცსა. კერიდან ბოლიც ამ ბანიდან ადის და მზის შუქიც აქედან ჩამოდის. აქვე აკეთებენ მერცხლები ბუდეს და კერას დაჰგალობენ, თუ ამ ბანს დაჰფარდა და კარებიც დახურულია, უსანთლოდ დარბაზში აღარ შეისვლება.

***
ფეფე და თინა გემრიელად ხვრინავდნენ. ერთხელ ერთს რომელღაც კიდეც გამოეღვიძა, ამოიხედა, ხომ არ გათენდაო, მაგრამ რაკი ბანში შუქი ვერ დიანახა, ისევ გადაბრუნდა და ხვრინი ამოუშვა.
- აბა, ჯერ ადრე იყო და ძილი კი ასე ტკბილი და გემრიელია! ცოტა ხნის შემდეგ უფრო ბარაქიანი ხვრინვა გაისმოდა დამშვიდებულ დარბაზში. უკვე კალოს სადილობა გადასული იყო (სადილობა დილის პურის ჭამას ჰქვიან და სამხარი – სადილს, ქართლში), როცა ფეფეს გამოეღვიძა. მართალია, ბნელოდა, მაგრამ ღამეს მაინც არა ჰგვანდა. ძილით იყო გამძღარი და რაღაც შიშით მაინც გული ურაკრაკებდა.
- თინა! თინა! – დაკრა ხელი რძალსა, - გაიღვიძე, რა გაუღვიძარი შეგეყარა, ადექ!
- რა გინდა, ქალო, რას დამაფეთიანე? ისევ ღამე ყოფილა! – გაუჯავრდა თინა.- რა ვიცი, ქალო, ე შუქი კი არა ჩანს, მაგრამ აღარ მეძინება, აბა, ყური დაუგდე, თითქო კალოს ხარს უჯავრდებიანო, რაღაც უბედურებაა ჩენს თავსა. ბანს ხომ არ დახურეს განგება. ადგნენ ჩქარა, ხელად გადაიცვეს კაბის ბოლოები. კარებების ნაჭვრეტებში მზის შუქი ოქროს ძაფივით შემომძვრალიყო და აქა-იქ მიწის იატაკზედ ბრჭყვიალა მძივებივით თრთოდა და კანკალებდა. ხანა ჰქრებოდა, ხან ისევ ენთებოდა. გარედან შრომის ხმა და ღრიანცელი ისმოდა. გამოაღეს კარები! ვაი, სირცხვილო! ასეთია მზე, სწვავს დედამიწას. ხალხი სულ კალოებზედ გახვეტილა. აქ ერთიც არავინ ჩანს. იქიდან კი გაჭეხებული ,,ჰარალოს’’ ხმა მოისმის.

მესერო, ხართა ნანაო,
ნიადაგ მოუღალაო!
ერეკე ხარსა კუდასა,
ღონიერს და მუდამსაო,
ერეკე ხარსა-კამეჩსა,
მოზვერს ხამუშაიანსაო.
სოფლის ბოლოს ყანას ვმკიდი,
ნამგალს გაჰქონდა ჟრიალი.
სამხარი გადმოვიტანეთ,
ეგ ოხერი და ტიალი!
თითქო ამათი გულის გახეთქა უნდაო, ვიღაც არაკრაკებდა.
-ვაიმე, ნახირი არ გაურეკიათ! – ტირილის ხმით იძახის თინა.
-არც ღორ-ხბოა გარეკილი!
-ძროხებიც დასაწველია!
-ჭუკიებიც წივიან, არ უჭმევიათ.
-არც კრუხ-წიწილა გამოუშვიათ!
-ვაი, ჩვენს შერცხვენას!
-ვაი, ჩვენს თავლაფდასხმას!
ახლა კი გულამოსკვნით ღრიალებენ თინა და ფეფე. ახლა საქმე მაშინ იყო, როცა საქონელი და ღორ-ხბო შუა სოფელზედ ჩაატარეს. საქონელს მოშივნოდა, გაცოფებული დარბოდნენ აქეთ-იქით, დასდევდნენ თავგადაგლეჯილი თინა და ფეფეც. ხალხი კი სიცილით იხოცებოდა ამ ოინზედა.
-რა ოხრი კაცია ე ანდრუა! – იძახდა ხალხი.
-არც ახლა ადგებიან ადრე? – იძახდა ერთი ნიშმოგებით.
-კიდევ დაიძინებთ დილის ძილსა? - დასცინოდა მეორე. ერთი სიტყვით, რომ დედამიწა გახეთქილიყო და შიგ ჩაცვივნულიყვნენ, ის ერჩივნათ ფეფეს და თინას, ოღონდ ამ შერცხვენას კი არ მოსწრებოდნენ. არც მამამთილი იყო გაჯავრებული:
-არგებთ, საკვლაოდ მაგდენს აღარ დაიძინებენ! ან კი რაღა დააძინებთ?

1908 წ.