სამაგიერო

- ახ, შე რჯულძაღლო ყვავო, შენა! კიდევ ხელცარიელი არ დამსვა ამ გასატიალებელმა! თუ არ ამოგაშხამო და ვანუა ნუღარ ვიყო! თუ შეგარჩინო ჩემი ყველისა და პურის პარვა, მაშ რაღა ბიჭი ვყოფილვარ. Gანა შენც მე უნდა ამიგდო მასხარადა?! - გაშფოთებული ვანუა ჭრიჭინაშვილი, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, იფურთხებოდა და იგინებოდა.

კაი ხანია, რაც ის აქ სიმინდს თოხნიდა. მარტოხელი იყო და სულ მარტოდმარტო დაიარებოდა სოფლის ბოლოს სიმინდის სათოხნავად.

სოფელ ყვარელ სიმინდები და ყანები კარგა მოშორებით აქვს. დილით, როცა მარტოხელა მუშა სამუშაოდ მიდის, თუ კი რამ აბადია, თავისი სადილ-სამხრის სამზადისი თან მიაქვს ხელსახოცით და თანაც ლიტრით წყალი, რომ სახლში რბენა აღარ მოუნდეს მოღალულ-მოქანცულ! პურს მაღლა ჰკიდებს, რომ არაფერმა დასუნთქოს, წყლიან ლიტრას პირში ბალახს უცობს და ან ჩრდილში სდგამს, თუ არის სადმე, თუ არ არის და ზევიდან ფარაჯას აფარებს.

- ვერ უყურებთ კაცო, ამ ვერანა ყვავს, რას მიშვრება?! - გამოეხმაურა ვანუა თავის მეზობელს, რომელიც იქვე შორი ახლოს თოხნიდა. - ლამის შიმშილით მომკლას მაგ ყვავმა. გუშინ იყო ხელსახოციდან მთელი პური ამოეღო და წაეღო. იმ დღეს იყო და ყველი მქონდა, - აი, ჩვენებმა ფშავლებს ყაჭზე გამოართვეს, - ისეთი ვიყავ, ძლივს შევცქეროდი სამხრობას სულწასული მოველოდი, ყველითა და პურით ყელს გავიგემრიელებ-მეთქი, მაგრამ, შენი მტერი დარჩეს ისე ხელცარიელი, როგორც მე ხახამშრალი დავრჩი. ხელსახოცში შეხვეული მუხაზე შევდე, ორჯერ იყო ჩანასკული, მაგრამ მაინც კიდე ამოეღო და მაშინღა შევასწარ თველი, როცა თავზე გადამიარა. მუშტისოდენა ყველი ნისკარტით ეჭირა და მიაქროლებდა ბუდისკენ. თვალი თან გავაყოლე იმ ვერანას.

დაიცა, ყვავო, შენთვისავ მოვიცლი!

ყვავმა თავისი არ დაიშალა: ხან უსაუზმოდ დატოვა, ხან უსამხროდ გაუშვა და ხან სამხრის-სამხარი შეუჭამა.

- ადამიანო, არ მეტყვი რა ვუყო ამ ვერანა ყვავსა? - ეკითხებოდა ერთ საღამოს სამუშაოდან დაბრუნებული ვანუა თავის ცოლს, - აღარ ვიცი სადღა რა შევინახო, ვეღარა გადავარჩინე რა, მაშინვე მიაგნებს და ის ეარ იქს, ერთი ნაჭერი მაინც არა წაიღოს რა.

- რაღას ელი, კაცო, ი ოხრადდასარჩენი ბუდე ხო იცი, სადაც უოხრია, ადი და ჩამოუშალე, წავა და გაგეცლება.

ეს ვანუამაც იცოდა, მაგრამ ისეთი ოინი უნდოდა ექნა ყვავისათვის, რომ სამუდამოდ იმისი ჯავრი ამოეყარა და გული მოეფხანა. ბუდეს ჩამოვუშლი, სხვას აიშენებს, კვერცხებს დავუმტვრევ, - სხვას დადებს. არა, სხვა რამე მოვუხერხო! - ჰო, მართლა!- წამოიყვირა ვანუამ, - ყველას ის ემჯობინება, სწორედ ეგრე უნდა ვუყო, რა კარგი იქნება და!

მეორე დღეს ვანუამ თან პატარა ქვაბი და წუმწუმა წაიღო. ყვავის ბუდე შიგ კაკლის წვეროკინაში იყო.

მერე ბუდისთვის ისეთი წვრილი ტოტი იყო არჩეული, რომ თუ არ ძალიან გულადი და თანაც მსუბუქი კაცი, იმაზე ასვლას ადვილად ვერავინ გაჰბედავდა, რადგან ტოტი ადვილად მოტყდებოდა და იქიდან ჩამოვარდნილ კაცს მიწამდე სული აღარ დაჰყვებოდა.

მაგრამ ვანუა ისე იყო გაბრაზებული ყვავზე, რომ ტოტის სიწვრილე არც კი შეუმჩნევია. მერე ყვარელელი კაცი! მთელი წელიწადი კოდალასავით ხეს აკვრია, ჯიგოს ჰკაფავს მუხაზე, რცხილაზე, იფნაზე, ლაფანსა ჰყრის, კვერნას ეძებს და ფუტკარს გამოჰჭრის ხოლმე. ხელიც შეჩვეული აქვს ხისათვის და თვალიც.

ვანუა ბევრს ეწვალა კაკალზე ასვლაში. Gაწოწლოკინებული ტოტი ლერწამივით იდრიკებოდა და იკავებოდა. ხან იქით მიეხეთქებოდა ვანუა, ხან აქეთ; ხან ერთ ტოტს წაავლებდა ხელს და ხან მეორეს, თან ოდნავ ადგამდა ფეხს და სულგანაბული მიცოცავდა, რომ მთელი თავისი სიმძიმით არ დასწოლოდა ხეს და არ მოეტეხა.

რის ვაი-ვაგლახით ავიდა ბუდემდე. ბუდეში ოთხი თუ ხუთი შავი ჭორფლიანი კვერცხები ეწყო. . . ეტყობოდა, რომ ყვავი კრუხად იჯდა. სანამ ვანუა ბუდემდდე ავიდოდა, ყვავი არხეინად იჯდა იხლო კაკალზე და დაცინვით გამოცქეროდა ვანუას. “რას ეწვალები, - ამბობდა გულში ყვავი, - ბევრიც რომ ეცადო, შენ ჩემ ბუდესთან ვერ ახვალ. არც მაგეთი სულელი ვარ, რომ პირში ჩაგივარდე”.

- მაგრამ რამდენიც ვანუა ბუდეს უახლოვდებოდა, ყვავი როგორღაც წუხდა, ტოკავდა, მოუსვენრობა ეტყობოდა. ღოცა ბუდესთან მივიდა გულგახეთქილი ყვავი აფრინდა და ჩხავილით დაუწყო თავზე ტრიალი.

ვანუამ ფრთხილად ამოაწყო ყვავის კვერცხები ბუდიდან. ღბილად ჩაილაგა უბეში და კატასავით ჩამოცოცდა ხიდან - ახლა მე ვიცი, ყვავო - დაემუქრა ყვავს.

ვანუამ საჩქაროდ დაანთო ცეცხლი. ჩააწყო ყვავის კვერცხები და ცეცხლზე შედგა. წყალი როცა ადუღდა, კვერცხებმა, თითქო სიცხე იგრძნესო, თამაშობა დაიწყეს. იდგა ვანუა და სიამოვნებით იღიმებოდა.

- შენა ხარ ყვავი, მაგრამ არც კი ნაკლები ბიჭი მე გახლავარ. დაიცა ამ მოხარშულ კვერცხებს ისევ მანდვე მოგართმევ, არ გეგონოს, ვითომ საჭმელად მინდოდეს შენი მყრალი კვერცხები, _ დააჯექ და გამოჩეკე! მაშინ ბატის ჭუჭულებსა და ინდაურის ჭუკებს მოგვტაცებ, არა?!

კარგა ხანს იჯდა ვანუას მტერი ყვავი მოხარშულ კვერცხებზე. კარგა ხანს ელოდა ბარტყების გამოჩეკას, მაგრამ ტყუილად. მეტისმეტი ჯდომისაგან თვალები ამოუცვივდა, ფრთებმა ცვენა დაუწყო. ვანუაც შორიდან შეცქეროდა ხოლმე იმის საცოდავობას. ის დღე იყო და ის დღე. ვანუასთვის სამხარ-სადილის პური არავის მოუპარავს, რადგან გაბეჩავებული ყვავი სადღაც გადაიკარგა, მოშორდა იმ არემარეს.

1901 წ.