ერთი თავხედი თაგვის ამბავი

-ბზი! ბზი! სულთამხუთავო! რას შემომცქერი შენის მოსისხლე თვალებითა? აბა, მოდი, თუ კაი ბიჭი ხარ! საქმე ეგ კი არ არის, რომ ძირს მოგვასწრობ ხოლმე და მზეს დაგვიბნელებ, შენ თვითომ მზედასაბნელებელო, შენა! ამოდი რაღა, თუ კაი ბიჭი ხარ, რა კუდსა ხლაკნი და მსუნაგივით ღნავი!

ასე აჯავრებდა მარანში ჩამოკიდებულ მსხლების ჯაგანზედ მჯდომი თაგუნია ციცას, თან უკანა ფეხებზედ დაყუნტებულიყო, ულვაშები გაებზიკა, წინა თათებს ერთმანეთს უსვამდა და დაცინვით მალ-მალ თვალს ხუჭავდა. - ამოდი რაღა, ჩიჩიია არ მოგინდა, მომარხულე ქალბატონო?!

ციცა კი გამწარებით კნაოდა, სცდილობდა როგორმე შემხტარიყო მაღლა და გაებაწრა ი თავხედი ქურდბაცაცა.

-დაიცადე, შე თავხედო, თუ ჩემი პატრონის მსხლების შეჭმა შეგარჩინო, თავზედ ქუდი აღარ მეხუროს და თქვენი მასხარა გავხდე!

რაკი ვერაფერს გახდა, კატამ მოთმინებას თავი მისცა. იქვე წამოწვა და თვალები მოკრუტა,ხანდახან ცალ თვალს ახელდა და თაგვს ზვერავდა.

თაგვი კი თამამად ხრავდა მსხალს და ქერქის ნამცეცებს კატას თავზედ აყრიდა. კატა კიდევ, იობის მოთმინებით აღჭურვილი, სულგრძელობით იტანდა ამ გაწბილებას, იწვა და ელოდა: “ერთხელაც იქნება, ძირს ჩამობრძანდები, ქალბატონო, სულ მანდ ვერ იჯდები, შენისთანა თავხედების ბოლო კარგად ვიცი”, - ამბობდა გუნებაში ციცა.

თაგვი კი არხეინად იჯდა და ტკბილ მსხალს ხრავდა და ხრავდა. ზოგი სულ გამოეღრუტნა, ცარიელი ქერქიღა ეკიდა, ზოგი ნახევრად გამოეხრა ზოგისთვის ყუნწი მოეჭამა და ასეთ მსხალი ძირს ჩამოვარდნილიყო. ერთი სიტყვით, ჯაგნებისათვის ძალიან ცუდი დღე დაეყენებინა.

უცებ ერთი ყუნწმოჭრილი მსხალი ბზრიალით წამოვიდა ძირს და არხეინად მწოლარე კატას ზედ თავზედ დაეცა.

ვინ იცის, რა ეგონა საწყალ ციცას: სახლის დანგრევა, ღვთის რისხვა, თუ ძაღლების თავდასხმა, ისეთი ფხუკუნით წამოხტა ბეწვაშლილი, კუდაფხორილი.

- მიაუუ! მიაუუ! - დაიღნავლა შეშინებულმა კატამ და თან სომრად მოემზადა.

-ჰა, ჰა, ჰა, - იცინოდა ზევიდან თაგვი, - რაო, სისხლისმსმელო, რამ დაგიფრთხო ძილი? მოისვენე, ძილს ნუ დაიფრთხობ!

ამის შემდეგ კიდევ კარგა ხანს მოისმოდა გახარებული თაგვის ხითხითი, ასე რომ, იმის ხმაზედ მეორე კუნჭულში სხვა წრუწუნამაც გამოყო ცხვირი და ულვაშები, უნდოდა გაეგო მხიარულების მიზეზი, მაგრამ უცებ უზარმაზარ მხეცს მოკრა თვალი და, ელდანაკრავივით, სოროს ეცა. ჭრიჭინაც გამომძვრალიყო თავის ექვსი ფეხით და ულვაშებზედ ხელს ისვამდა.

- რა იყო, რა მოხდა, მეზობელო? - მეზობელი ძალიან ხიარული იყო და ჭრიჭინასთვის ყურადღებაც არ მიუცქევია.

კატამ მიიხედ-მოიხედა, მაგრამ მტერი არსად სჩანდა, მხოლოდ ძირს ყუნწმოჭმული მსხალი გორავდა, და მაღლა კი თაგვი იცინოდა. კატამ, ვითომ აქ არაფერიაო, ცოტა მიიარ-მიარა, მივიდა და ისევ თავის ადგილზე დაწვა.

- დაიცა წრუწუნავ, მსხლებსა ჰყრი, ვითომ უნდა გული გამიხეთქო, მაგრამ შენც ბოლოს მაგ მსხლებთან ერთად აქ ჩამობრძანდები. ვიქონიოთ მოთმინება!

ასე გადიოდა ხანი. კატა მხოლოდ ცოტა ხნობით დგებოდა, ისიც მაშინ, თუ სადმე ფიცრებს და გოდრებს უკან თაგვები დაიწყებდნენ ფხაკუნს. გამოჰყავდა გამაწრული თაგუნია, ჯერ გაუშვებდა, მისცემდა ნებას გაქცეულიყო, მერე ერთის ნახტომით ისევ იჭერდა და თათებით ბღუჯავდა. თავხედი თაგუნა თუმცა ამ დროს ჯაგანზედ იჯდა, მაგრამ რომ მოესმოდა გაბაწრული მოძმის წრუწუნი მსხლებში ძვრებოდა და შიშით კანკალი გაჰქონდა.

ასე გადიოდა დღეები.

თაგვმა თითქმის სულ შეჭამა მთელი ჯაგანი, მხოლოდ ერთიღა ეკიდა.

- ერთი თუ ამ გათავებისას კიდევ არ დაგაფეთიანე, კატუნა, რაღა ბიჭი ვარ, - სთქვა წრუწუნამ და გრძელ ულვაშში ჩაეცინა. თვალწინ წამოუდგა შეშინებული კატუნია როგორ ფხაკუნით წამოვარდებოდა.

ჩააცხრა წრუწუნა ამ ერთადერთ მსხალსაც: “მოვხრავ ყუნწს, ჩავარდება და მაშინ ნახე სეირი! ” - ზედ შესკუპდა, თან თვალი ციცისკენ ეჭირა, როდის დაეძინებოდა.

კატა წევს, თავი მოუმძინარებია, ხანდახან ცალი თვალით მაღლა შეიცქირებს.

- ეს ერთიღა მსხალი აბია, ფიქრობს ციცა, თაგვი ზედა ზის და თავს უხრავს. აჰა, თუ რა მოგივიდეს; სულელო, დაიცა ვნახოთ, ბოლოს ვინ გაიცინებს.

თაგვი კი დიდ სიამოვნებაშია. თან ტკბილის მსხლით პირს იგემრიელებს, თან ყუნწსა ხრავს, რომ კატას თავი გაუტეხოს. . .

უცებ რაღაც მოხდა. ჭერი მაღლა-მაღლა წავიდა, მსხალი ხელიდან გაეშვა, ორივენი სადღაც მიფრინავენ. ვაი უბედურებავ, ის სისხლისმსმელი კატა საცაა თაგვთან ახტება, ისე ახლო გამოჩნდა! თაგვს შიშით თვალთ დაუბნელდა. აგერ მსხალი იქით გაგორდა, თაგვი კიკატას ზურგზედ დაახტა.

- მიაუუ! - დაიჩხავლა საზარლად ციცუნამ და წამოვარდა ზეზე.

წრუწუნაც მალე მოვიდა გონებაზედ და ეცა მარნის კედლებს, მაგრამ არც ციცას ეძინა, ერთის ნახტომით წრუწუნა უკვე კლანჭბში მოიგდო და, ვითომც აქ არაფერიაო, არხეინად გამოსწია თავის საწოლისაკენ.

- საწყალ თაგუნას თვალები გადმოჰკარკლოდა, მხოლოდ კუდზე შეატყობდი, რომ კიდევ ცოცხალი იყო, რადგან ჭიაყელასავით იკლაკნებოდა.

- კარგა გამოტეხა თავი! - იძახდა ციცუნა, - გული არ გამიხეთქა ამ წრუწუნამ!

1909 წ.