დათვი

ყვარლელ გლეხს გიო ტუხაშვილს მეტ სახელას “ლიმონას” ეძახდნენ სოფლელები. ალბათ ეს სახელი იმიტომ დაარქვეს, რომ ტანზე მუდამ მოყვითალო ჩოხას იცვამდა.

მაგრამ ამ ჩოხის ფერი არც ყვითელი იყო და არც წითელი. უფრო შემოდგომის ხიდან ჩამოვარდნილ ფოთოლსა ჰგავდა სიძველისა და გაურეცხაობის გამო.

სოფელ ყვარელს ტყე ზედ აკრავს. ძველ კაზარმებსა და გალავანს უკან თხილიან-წვრილიანია; ბლომად დგას შინდი, პანტა, ზღმარტლი, თხილი და მისთანა. მთელი ყვარელი წვრილ საგოდრე წნელს სულ ამ ტყეში სჭრის და ხალხი იოლად გამოდის.

შემოდგომის პირი იყო. როცა შინდი მწიფეა, ვენახებში ყურძენი დამკრახულია, წაბლი, რკო და წიფელა დიდ ტყეებში ჯერ შემოუსვლელია, ცხვარი მთიდან ჩამოსულა და დათვიც, რაკი ბარში სიცხე აღარ შეაწუხებს, ძირს არის ჩამოსული და შინდსა და პანტებზე დაეხეტება. ამ დროს დათვი მხდალია, თუმცა კი სოფლის ხმაურობა, ძაღლების ყეფა, მამლების ყივილი, ბავშვების ტირილი, მებაღეების ყვირილი და თოფის ხმა აინუნშიაც არ მოსდის; არხეინად ზის შინდზე, ან პანტაზე და სვლეპს, ან ფოთლებქვეშ თხილს ეძებს და აკნატუნებს. ამ დროს ის კაცს არას ერჩის და თუ ღმერთი გაუწყრა და კაცი საიდანმე დაეხედვა, - ღრიალით გასკდება; პანტიდან გულგახეთქილი ძირს ზღართანს მოიღებს და თავგადაგლეჯილი გარბის, საითაც მოჰხვდება.

“ლიმონა” კაი გამრჯე გლეხი კაცი იყო, ყვარელში თავისთვის ვენახიც ჰქონდა და არც ლუკმა აკლდა. ლიმონა რთველისთვის ემზადებოდა და რაკი გოდრები აკლდა, სთქვა: წავალ, ტყე აქვე ცხვირწინა მაქვს, წნელს მოვჭრი და ორიოდე მოსაკიდს მაინც მოვჩხლართავ, რომ სხვისა ღრეჭა და თხოვნა აღარ მომინდესო. ერთ დილას აიღო წალდუნა და გაიწია შინდიანისკენ.

ქართლში მანეულის გოდორია განთქმული და კახეთში - შინდისა.

ლიმონა რჩევაში არ შესულა და, რაც ხელში მოჰხვდა, ყველას დაუწყო ჭრა: თხილს, შინდს, შინდანწლას და სხვას.

რადგან დათვისა ცოტაოდენი ხათრი და რიდი ჰქონდა, ამიტომ შორს ვერ წავიდა და იქვე სოფლის ახლო სჭრიდა, ასე რომ კარგად არჩევდა სოფლის ღრიანცელს, გზაზე მიმავალს და თავის სახლის ბანსა. მაინც “სიფრთხილეს თავი არ სტკივაო”, ამბობდა და ყური მახვილად ეჭირა.

ამავე დღეს ლიმონას მეზობელ მედუქნეს, რომელსაც მეტ სახელად “კოლოტას” ეძახდნენ, ქათმების გალიებისათვის წნელი დასჭირებოდა და ისიც იმ ტყეში წავიდა, სადაც ლიმონა წნელსა სჭრიდა.

ამასაც გულში ცოტაოდენი შიშის ქარი ჰქონდა, რომ გაეგო ლიმონას წასვლა, უეჭველად იმას გაჰყვებოდა.

- ვა! რა ვიცი, ნადირია, კაცი ხომ არ არის, - ამბობდა კოლოტა, -ერთიც ვნახოთ, მე ჩემთვის არხეინად წნელსა ვჭრი, უცებ ერთი მშვენიერი დათვი ზედ დამაწვეს. ვინღა მიშველის? ვის დავუძახო? სანამ ვინმე მომეშველება, ნადირმაც რომ არ გამაფუჭოს, შიში მომკლამს! ნეტა, რატომ არ ეშინიათ ამ ოხერ ფშაველებს და თუშებს, ტყეში რომ დადიან და ნადირობენ? ერთიც ვნახოთ, წამოხტა მგელი, ან გადმოვარდა დათვი, - თოფიც არ გაუვარდა! რა? ძნელია!? ეშმაკს რა არ შეუძლიან. ბაზარში რომ მკვდარ დათვს ჩამოატარებენ, მე მაშინაც მეშინიან, - ბუტბუტებდა კოლოტა თავისთვის.

კოლოტას უფრო სუფთა წნელი უნდოდა და სულ თითოობით უნდოდა მოერჩია. მაინც შორს ვერ წავიდა და სწორედ იმ ადგილას მივიდა, სადაც ლიმონა წნელსა სჭრიდა.

ლიმონა თავის საქმეში იყო გართული და კოლოტას მისვლა არ გაუგია.

კოლოტასაც რა მოაგონებდა, თუ აქ ლიმონა იქნებოდა წნელის საჭრელად.

კოლოტას ყური მახვილად ეჭირა და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, რომ უბედურება არა შემთხვეოდა რა, ნადირს არ გაეფუჭებინა.

მართლაც, სულ არ მოეჭრა ოცი წკეპლა, რომ კოლოტას რაღაც ფაჩი-ფუჩი და ფშვინვა მოესმა. კოლოტამ ყურები ცქვიტა. მართლა, რაღაც არის. არ მოსჩვენებია!

კოლოტას ტანში ცივმა ჟრუანტელმა დაუარა, ბანალი აებურძგნა და თმა ჯაგარივით აუდგა.

მაინც უღური არ გაიტეხა და ფეხი წინ წადგა: იქნებ კაცია, იქნება ვისიმე საქონელი ამოეხეტა, ან გული რაზე გაიხეთქოს, ან სოფელში რაზე შერცხვეს!

წაიარა კიდევ და დაუგდო ყური, - ჩაკიჩუკი ისმის, თითქო დათვი თხილს ამტვრევსო.

დაიკუზა კოლოტა, გაიხედა შინდებში და სულ რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით წითლად გამოჩნდა რაღაც; არც წითელია, არც ყვითელი, სწორედ იმ ფერია, რა ფერისაც დათვია შემოდგომით. დააშტერდა კარგად, აგერ ზურგის ბალანიც დაუნახა, კუდიც, უკანა ფეხებიც.

კოლოტას გულმა ისე დაიწყო ბაგაბუგი, თითქო წისქვილის ქვა აბრაგუნებსო. კოლოტას შეეშინდა, ეს ჩემი გულის ბრაგაბრუგი დათვმა არ გაიგონოსო. აბა რაღა ფეხს წასდგამდა, იქვე გაშეშდა. დათვიც კი ხან აიმართება, ხან დაიკუზება, თითქო კოლოტასაკენ მოდის.

- ვაიმე დათვიი! - ერთი საზარლად დაიღრიალა კოლოტამ, დაჰყარა ხელიდან წნელიც, წალდიც და დაეშვა ამ შინდიანზე სოფლისკენ. მირბის კოლოტა, მირბის, ერთი ლეწვა-მტვრევა და ფაჩხი-ფუჩხი უდგას. უკან რაღა მოახედებს, სულ ზედ ახტება თხილებზე და შინდებზე.

- დათვიო! - ამ დაყვირებაზე წაკუზულმა “დათვმაც” შეჰბღავლა “ვაიმეო! ” და დაეშვა ესეც ტყე და ტყე კოლოტას კვალდაკვალ. მირბის კოლოტა მირბის, რაც ძალი და ღონე აქვს, მიხტის; აბა რაღა ეშმაკისათვის დაზოგავს ჯანსა, თან ესმის, რომ დათვიც შორი-ახლო მოსდევს.

ჰა, ეს არის დაეწევა, ეს არის კბილს ჩასჭიდებს კისერში და წაათრევს სოროში. შიშით კოლოტა განაღა უკან მიიხედავდა. შიშით აღარც ის მოაგონდა, რომ ხატისათვის და ღმერთისათვის რამე შეეთქვა, ოღონდ ამ უბედურებას გადარჩენოდა.

როგორც იყო, რის ვაი-ვაგლახით, ჩამოგლეჯილ-ჩამოფლეთილი გამოვარდა ტყიდან და ველზე დაეშვა. ეს “დათვიც” გამოვარდა ტყიდან და შეხედა, რომ კოლოტა გარბის ქვეითკენ ქუდგადაგლეჯილი.

რაკი ლიმონა ტყიდან გამოვარდა, თავი სამშვიდობოს გამოსულად ჩასთვალა, გული მოიბრუნა, ოფლი მოიწმინდა და ჯერ ყური დაუგდო, აბა ტყეში მორბის ვინმე, თუ არაო და რაკი ვერაფერი დაინახა, მერე კოლოტას მიაძახა:

- კოლოტ! ჰაი კოლოტ! რაღას გარბიხარ, შე ოხერო, რაზე გამიხეთქე გული, სად იყო დათვი? . .

მთელ ერთ თვეს ყვარლელები კოლოტას ყელს აჭრევინებდნენ, ლიმონა დათვად მოეჩვენა და კინაღამ ქელეხი გვაჭამაო.

1906 წ.