პატარა მთიელის ნატვრა

ღმერთო! ზამთარი შემჯავრდა,
ნეტავ გამოედარაო,
მზე დამანახვა, კაი მზე,
ნეტავი გამახარაო.

თოვლი დააშრო, მთა-ბარი
საამოდ აამწვანაო,
ტყეს ფოთოლ-ყვავილ დაასხა,
ბალახი მოიყვანაო.

ზედ გვევლოს შიშველი ფეხით,
ხელითაც გვაგლეჯინაო,
ყვავილ-ბალახში გვაგორა,
პეპელა გვაჭერინაო.

მამას ვუშველოთ თიბვაში,
ნამგლითაც გვამკევინაო,
წაგვასხა ტოლი ბიჭები,
ჩვენს ხევზე ჩაგვარბინაო.

კამკამა წყალში გვაბანა
და შიგვე გვაპოტინაო,
მერმე ჟოლობას წაგვასხა,
ჟოლ-მარწყვი გვაკრეფინაო...
ნეტავი კიდევ მაღირსა -
მერცხლის ხმა გამაგონაო,
მალე მოგვგვარა ზაფხული და აღარ წაიყვანაო.