შორს წამსვლელს ძმას

ვაჰმე, გაგშორდი და გული
რარიგად მემწუხარება;
შორს ვგზავნი, გული მიტირის
თვალები მიწყლიანდება.
ვინ იცის, რამდენს ვიფიქრებ,
სიკვდილიც მომაგონდება,
რო მოვკვდე, შენი გულზედა
ცრემლი არ დამაგორდება,
იმის მაგივრად ცივს საფლავს
ცივი ქვა მოაგორდება.
თუ მოვკვდე დაწუხებული
დაწუხრებულმა მიტირე,
ეს გულიც ქვეყნის ჭირითა
ცეცხლ მოდებული საკირე,
იქნება ვინმე გამოგყვეს
მოზარედ, ისიც ატირე!
მაგრამ თუ ღმერთმა გვაცოცხლა
მანმადე ჩვენი ძმებითა,
ვით მაკაბელნი ბრძოლაში
გავწყდებით ხელში ხმლებითა
და სამოთხის კარს წავდგებით,
ვით ანგელოზნი ფრთებითა!

1893 წ.