მოსეს სიკვდილი

(პოემა)

1
ვინ არის გულით მხურვალით
ლოცვად ნაბაის შემდგარი,
ხელ-აპყრობილი მუხლ მოყრით,
სახე-დაღლილი, გამხდარი.
თავზედ სვეტად და სვეტადა
ნათელი რომ აქვს დამდგარი?
რას ითხოვს მაგრე შმაგივით,
ან რა აქვს სავედრებელი,
ნეტა რას ელის ციდანა
იმედით შემყურებელი?...
განა ხმელეთზედ ვერ ჰპოვა
თვის ჭირთა მსალმუნებელი?
-მოსვა, ღვთის მოვლენილი,
ისრაელთ სჯულის მდებელი.
2
აქამდის მისსა ნებაზე
იყვნენ ხმელი და ზღვანია,
მის ბაგეთ არა სტოვებდენ
ციური სიტყვის თქმანია;
დღეს მისი ძალა-გავლენა
ნეტავი რამან არია?
რას ითხოვს ისეთს, რაც ახლა
მის ხელში აღარ არია?
ხომ არ დაუშრათ მდინარე,
სანატრელი აქვსთ წყალია,
ხალხი ილევა წყურვილით,
ცვარი ვეღარვინ დალია?
ზღვა ხომ არ დაჰხვდათ და მისი
დასჭირდათ გადაბიჯება?
...ღვთისგან არჩეულს მოსესა
განა რა გაუჭირდება,
კვერთხს დაჰკრავს, შალი კლდიდანა
ნაკადი გადმოდინდება;
ზღვა გზას დაუგდებს მის ერსა,
ზევით და ქვევით მიდგება.
3
ლოცულობს მოსე და ცრემლნი
მდინარს წყალს დაეწევიან,
ოფლი სდის, თვალთა უბენი
სისხლის ღვრით დაირწევიან;
თვით სატანასაც შეჰზარვენ,
თუ ცამდე აღიწევიან.
ცაო, ყურს რატომ არ უგდებ,
რისთვის ხარ გაჩუმებული,
ახლაც უსმინე შენს რჩეულს,
შენ გყავდა გადიდებული!
ლოცულობს... მოსე…მაღალნი
სდუმან ციურნი არენი,
სდუმან ფრიალნი მწვერვალნი,
სდუმან მინდორნი მწვანენი,
სდუმან ჩანჩქერნი, წყარონი
დაწყნარდნენ მოწანწკარენი,
სდუმან ფრინველნი, ნადირნი,
უდაბნოს მოსახლკარენი. 4
მზე გადაგორდა, ტანჯული
ქვეყანა ტანჯვით გაწირა;
არ ვიცი, უფსკრულმა ჩანთქა,
თუ ოკეანემ ჩაძირა,
ეს კი შემესმა, რომ ბნელმა
ქვეყანა მოსვლით ატირა.
აღარ სჩანს ისრაელისა
ბანაკი, ბნელმა დაძირა.
მიწყნარდა მხედართ განგაში
და დარაჯების ძახილი,
აღარც ბავშვები ტირიან,
ცით მოევლინა მათ ძილი.