ბიოგრაფია

ნაწყვეტი თედო რაზიკაშვილის ავტობიოგრაფიიდან, რომელიც მოვიძიეთ გიორგი ლეონიძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურის მუზეუმში, ხელნაწერი # 12875.

უკანასკნელად მწერლის ავტობიოგრაფია გამოსცა გამომცემლობა "ნაკადულმა" 1972 წელს თედო რაზიკაშვილის თხზულებათა II ტომში.

თედო რაზიკაშვილის ავტობიოგრაფიას უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ. ახლა კი გთავაზობთ მის მოკლე ბიოგრაფიულ ცნობებს.

ბიოგრაფია

1869-1922

თედო რაზიკაშვილი ფშავის იმ ოჯახის შვილია, რომელმაც ჩვენს ქვეყანას სამი ნიჭიერი მწერალი მისცა: ლუკა რაზიკაშვილი, იგივე ვაჟა-ფშაველა, ნიკო რაზიკაშვილი, იგივე ბაჩანა, და თვითონ თედო რაზიკაშვილი.

რაზიკაშვილების დიდი ოჯახი სოფელ ჩარგალში ცხოვრობდა. ეს სოფელი ამჟამად დუშეთის რაიონს ეკუთვნის, მდებარეობს მდინარე ფშავის არაგვის ხეობაში. თედოს მამამ, პავლე რაზიკაშვილმა, წერა-კითხვა მეცხვარეობაში ისწავლა სიპ ქვაზე ვარჯიშობით. შემდეგში, როცა გუთანზე მუშაობდა, წიგნებს ჯიბით ატარებდა და დასვენების დროს კითხულობდა. ბოლოს გუთანზე მუშაობას თავი დაანება და კახეთში წავიდა. იქ ერთ-ერთ მონასტერში სულ მოკლე დროში ისე მოემზადა, რომ მედავითნედ დანიშნეს ჩარგალში. შემდეგ მთავარდიაკვანი იყო შუაფხოსა და მაღაროსკარში. უკანასკნელად მღვდლად განაწესეს თავის სოფელში. პავლეს დიდი გავლენა ჰქონდა ფშავ-ხევსურეთში. იგი იყო დიდი და პატარა საქმის განმსჯელი. ბევრს კითხულობდა. სულ შესწავლილი ჰქონდა ქართველი კლასიკოსები. იყო მოლექსე და მოსწრებული სიტყვა-პასუხის პატრონი.

თედოს დედა, ბარბარე (გულქანი) დავით ფხიკელაშვილის ასული, გაბიდოურების თემიდან იყო, მხნე, უსაზღვროდ გულკეთილი, მეოჯახე და მეტად ნიჭიერი მოლექსე. წერა-კითხვა არ იცოდა, მაგრამ პოეზიისადმი სიყვარული დიდი ჰქონდა. სულ იცოდა ფშაური ზეპირგადმოცემანი, ლექსები, ზღაპრები და ანდაზები. თავისუფალ დროს ამ ხალხურ საუნჯეს შვილებს უამბობდა.იყო მეტისმეტად მოსიყვარულე და სათნო. პავლე და ბარბალე ძალიან მოსიყვარულე მშობლები იყვნენ. მამა სიამოვნებით ისმენდა თურმე შვილების ნაწერებს და მათი წაბაძვით თვითონაც დაუწყია წერა. პავლეს და ბარბარეს ჰყავდათ ექვსი შვილი: გიორგი, მართა, ლუკა, ნიკო, თედო და ალექსანდრე.

თედო დაიბადა 1869 წელს სოფელ ჩარგალში. წერა-კითხვა თავისმა ძმამ, ნიკომ ასწავლა. პირველდაწყებითი განათლება ჩარგლის სკოლაში მიიღო. მისი მასწავლებლები იყვნენ დავით როსტომაშვილი, ილია მათიკაშვილი და ბოლოს ანისიმოვი. ანისიმოვმა ქართული არ იცოდა, ბავშვებს რუსული არ ესმოდათ, ამიტომ მოწაფეებმა თანდათან უკლეს სკოლაში სიარულს, ხოლო 1880 წელს სკოლა სულ დაიკეტა.

ორი წლის განმავლობაში თედო სკოლის გარეთ დარჩა. დედ-მამას ეხმარებოდა საოჯახო საქმეში: მკიდა, თიბავდა, საქონელში დადიოდა. რაზიკაშვილები ძალიან ღარიბულად ცხოვრობდნენ.

1883 წელს ბაჩანამ თედო გორში წაიყვანა და სემინარიასთან არსებულ რუსულ სკოლაში შეიყვანა. ნაქირავებ ბინაში თედო გაჭირვებულად ცხოვრობდა, ხშირად შიმშილობდა, რის გამო ჯანმრთელობა შეერყა, დააწყებინა ციება და რვა თვე ავად იყო. სწავლას ჩამორჩა, მაგრამ სემინარიაში მაინც ჩააბარა გამოცდები და ჩაირიცხა. სემინარიაში თედო ბეჯითად სწავლობდა, ამიტომ კლასიდან კლასში უგამოცდოდ გადაჰყავდათ. 1889 წელს თედომ სემინარია წარჩინებით დაამთავრა.

* * *

სემინარიის კურსის დამთავრების შემდეგ თედო ერთი წლით უადგილოდ დარჩა. 1890 წელს კი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ის სოფელ ხელთუბნის (გორიდან 7კმ დაშორებით) სკოლის მასწავლებლად დანიშნა. ძმები რაზიკაშვილები 1891 წლამდე ერთად ცხოვრობდნენ, სამსახურიდან შვებულების დროს ან სკოლის არდადეგებში მამას მიაშურებდნენ სოფელ ჩარგალში და შეძლებისდაგვარად კიდევაც ეხმარებოდნენ ოჯახს.

დედ-მამის გარდაცვალების შემდეგ ძმები დაიქსაქსნენ: გიორგი თიანეთში დასახლდა და იქ ვექილობდა, ბაჩანა ხევსურეთში, სოფელ ბარისახოში მასწავლებლობდა, ალექსანდრე თბილისში მსახურობდა, ჩარგალში მარტო ვაჟა დარჩა. ვაჟამ მოინდომა სოფელ ჩარგალში მამის ადგილას თედოს მღვდლად დანიშვნა, მაგრამ თედო არ დათანხმდა და საბოლოოდ ხელთუბანში დამკვიდრდა. იქ მასწავლებლობასთან ერთად საზოგადოებრივ საქმიანობასა და სოფლის მეურნეობასაც ეწეოდა. გაშენებული ჰქონდა კარგი ხეხილის ბაღი, ვენახი და ჰყავდა რამდენიმე სკა ფუტკარი.

ხელთუბანში თედო გლეხობაში ნერგავდა რუსეთის თვითმპყრობელობის საწინააღმდეგო იდეებს. ეს შეუმჩნეველი არ დარჩა მეფის მოხელეებს და ამიტომ ჟანდარმერიას მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდა აყვანილი. რამდენჯერმე სცადეს მისი დაპატიმრება, მაგრამ თედო ყოველთვის თავს აღწევდა. ბოლოს, 1905 წლის 12 სექტემბერს, მაინც დააპატიმრეს და სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს ოლონეცის გუბერნიაში, მაგრამ გზაზე ოქტომბრის მანიფესტმა მოუსწრო და დააბრუნეს. რეაქციის დროს კვლავ შეეცადნენ მის დაპატიმრებას, მაგრამ თედო ფშავში გაიხიზნა ძმებთან. სამაგიეროდ, დამსჯელმა რაზმმა ხელთუბანში მის სახლს ჯერ ზარბაზნები დაუშინა და მერე დაწვა. უბინაოდ დარჩენილი თედოს ცოლ-შვილი ვაჟამ ფშავში წაიყვანა და იქ ცხოვრობდნენ რამდენიმე ხანს. შემდეგ თედო დაბრუნდა ხელთუბანში. გაანახლა თავისი სახლ-კარი და ხელი მოჰკიდა სოფლის მეურნეობას. მისი რჩევით სოფელში ბევრმა გააშენა ხეხილის ბაღი და კულტურულად მოაწყო თავისი მეურნეობა.

თედოს ქალიშვილი, ეთერ რაზიკაშვილი იგონებს: სოფელს უკვე ბლომად ჰქონდა ხილიცა და ბოსტნეულიც, მაგრამ ტრანსპორტის უქონლობის გამო, გამოუყენებლად ეყარა. ამ საქმის მოწერიგება დიდ საჭიროებას წარმოადგენდა და ვერც ერთი კაცი ვერ გააკეთებდა. ხელთუბანში არავინ ეგულებოდა ისეთი. მიმართა სოფელ თორტიზას, რომელიც უფრო მდიდარი იყო საქმიანი ინტელიგენციითა და კულტურული ძალებით. იქ ცხოვრობდნენ ძმები ვანო და გიორგი ბერძნიშვილები, ალექსანდრე ქარუმიძე და სხვები. კოოპერაცია ის-ის იყო ფეხს იკიდებდა ჩვენში. მოილაპარაკეს და შეუდგნენ საზოგადო საქმეს. რომ მეტი ნდობა მოეპოვებინათ, ჯერ თავიანთი ბაღების მოსავალი შეიტანეს საერთო ფონდში. ხილი ერთიანად გაიტანეს აზერბაიჯანში, საიდანაც ცოცხალი საქონელი ჩამორეკეს, რაც ძლიერ სჭირდებოდა გლეხკაცობას. საქონელი ზოგს ნისიად მისცეს. ამრიგად, ჩამოყალიბდა სასოფლო-სამეურნეო ბანკი, რომელმაც არა მარტო ნივთიერად დააყენა ხალხი ფეხზე, არამედ გაათვითცნობიერა და დაარწმუნა ერთობის ძალაში. მალე ბანკის შენობა აშენდა, ბანკს სკოლის შენობა მოჰყვა თორტიზაში, რომელიც მანამადე არ იყო იქ და ხელთუბანში უხდებოდათ ბავშვებს სიარული. გახსნეს სოფლებში კოოპერატიული სავაჭრო წერტები, გაიყვანეს გზები და ახლა შეიძლებოდა სამკითხველოზედაც ზრუნვა. ხალხს აღარ უხდებოდა გორში სირბილი ნავთის, მარილის, ფართლისა და სხვა საჭირო წვრილმანის საყიდლად.

1921 წლის თებერვლის ამბებთან დაკავშირებით ზოგმა გახიზვნა დააპირა, ზოგი უფრო პრაქტიკულად მიუდგა საქმეს. ერთმა მათგანმა კოოპერაციის ქონების დაპატრონებაც მოინდომა და მამაჩემს, როგორც სასოფლო სამეურნეო ბანკისა და ამ კოოპერატივის დამაარსებელი გამგეობის ერთ-ერთ წევრს, შესთავაზა: მოვუაროთ, თედო, ამ ქონებას, ხომ იცი ყველაფერს დაიტაცებენ. ის არა ჯობია ჩვენვე გავიყოთო. მამამ მკვახედ უპასუხა, ეს კერძო დუქანი როდია, სახელმწიფო ქონებაა და თუ ერთი მთავრობა მიდის, მეორე მოვა და თავის ქონებას თვითონვე უპატრონებსო. ეს პასუხი იმ კაცს არ ესიამოვნა, მაგრამ მაშინ ვეღარაფერი ქნა. შემდეგ ყველანაირად ცდილობდა მოესპო თავისი ბოროტი ზრახვების ცოცხალი მოწმე და არც დააყოვნა. 1922 წლის იანვარში ის მამაჩემის მკვლელობის მეთაური გახდა.

სოფლის ბოროტმოქმედებმა მამაჩემს შევიწროება დაუწყეს: ხან ფუტკარი მოპარეს და დაანელეს, ხან საქონელი გამოურეკეს და შეჭამეს, ხან საქონლის საკვები მთლიანად გადაუწვეს. იყო შემთხვევა - გზაში დახვდნენ მოსაკლავად როდესაც ის ნასვამი ბრუნდებოდა გორიდან. მაგრამ მამაჩემის პირდაპირ მოკვლა არც ისე ადვილი იყო. მან ერთი ხელის კვრით მოიშორა თავდამსხმელი და თვითონ არხეინად გასწია შინისაკენ.

1922 წლის 19 იანვარს ბოროტმოქმედები კვლავ დაესხნენ თავს, დანებით 56 ჭრილობა მიაყენეს და ვერაგულად მოკლეს. მართლმსაჯულებამ ყველა მკვლელი ამხილა და კუთვნილი სასჯელიც მიუზღო მათ, მაგრამ ამით მამას აღარაფერი ეშველებოდა.

მამაჩემის ცხედარი დროებით ჩვენსავე ეზოში დავასვენეთ. სიკვდილიდან ერთი თვის შემდეგ გადმოასვენეს თბილისში და დაკრძალეს ქართველ მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში”.

გამოყენებულია სოლომონ ყუბანეიშვილის წინასიტყვაობა თედო რაზიკაშვილის თხულებათა I ტომიდან, თბ., "ნაკადული", 1972 წ. აგრეთვე ეთერ რაზიკაშვილის წიგნი "პოეტების ოჯახში", თბ., "ნაკადული", 1965 წ.