მშობლები

დედა

"დედაჩემი მდიდარი ფანტაზიის პატრონი იყო. უბრალო რამე ამბავს ისეთი ამბით, ისეთი ფერადებით შეზავებულს გადმოგვცემდა, რომ იხიბლებოდა მსმენელი. ის რო დევებზედ ან ეშმაკებზედ, მოჯალაფეებზე დაიწყებდა ლაპარაკს, მე სადღაც მოჯადოვებულს არა არსთა სამეფოში გადამიტაცებდა ოცნება და ჩემი თავი თვით მნახველ გამგონედ მეჩვენებოდა. იცოდა აუარებელი ლექსი და ზღაპარი. ცალკე კაცთა და ქალთა ცხოვრება, ლეგენდები და ამბები ჩვენს მეფებზედ, უფრო თამარზედ და ერეკლეზედ. წაკითხულ-გაგონილსაც თავის გემოვნებაზედ გადააკეთებდა, თავისი დაბალი სასიამოვნი ხმით გვიზუზუნებდა. როცა გვიამბობდა რამე სამწუხარო ამბავს, თანა ტიროდა ხოლმე. თვითონ წერა-კითხვა არ იცოდა. იგი ბუნებით პოეტი, მშვიდობის მოყვარე, უკიდურესობამდე გულკეთილი და უხვი, მოუღალავი მშრომელი და მოყვარული იყო".

მამა

"მამაჩემი დიდი თაყვანისმცემელი იყო ჩვენი პოეტ-მწერლებისა. აღმერთებდა საქართველოს, იმისი სამსახური ყველაზე უდიდეს მოვალეობად მიაჩნდა. გვიმბობდა მთების პიროფლიანებზე (გმირებზე), აგვიწერდა პოეტურად იმათ ღვაწლს და გვანატრებდა სამშობლოსათვის თავდადებას. "ვეფხისტყაოსანი", გურამიშვილის ლექსები, ილია ჭავჭავაძის "დიმიტრი თავდადებული" ზეპირად იცოდა."

თედო რაზიკაშვილი