მოგონებები

1965 წელს გამომცემლობა "ნაკადულმა" გამოსცა თედო რაზიკაშვილის ქალიშვილის, საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის, ეთერ რაზიკაშვილის მოგონებები სათაურით
"პოეტების ოჯახში".

ეთერ რაზიკაშვილი სიყვარულით გვიამბობს ვაჟას, ბაჩანასა და თედოს ცხოვრების შესახებ.

- შენ ეი, ლეღვერა, გაიღვიძე! განა დრო არ არის, ხბორები გარეკო საძოვარზე?! გესმის, როგორა ბღავიან?
-ეუბნებოდა, მაღალი, ხეხელა, ცამეტი წლის ბიჭი ბოკვერივით ჩასუქებულ, ტკბილად მძინარ უმცროს ძმას.


-ნამდვილი ძილის გუდაა ეგ თავდასიებული, ხუთი წლისაა და ჯერ კიდევ დედის ძუძუსა სწოვს! - შეუძახა მხარბეჭიანმა, ჩასკვნილმა, ცხრა წლის მეორე ძმამ, რომელმაც კარგად იცოდა, რომ ეს ბოკვერივით ბიჭი მანამ დედის ძუძუს არ გამოჯეკნიდა, ადგილიდან ფეხს არ მოიცვლიდა.

მათაც არაფერი ჰქონდათ საწინააღმდეგო, თუ ძილს დააცლიდნენ, მაგრამ უფროსი ვაჟები ხომ ოჯახის ბურჯები იყვნენ! მამას გვერდში უნდა დგომოდნენ ხვნასა და სათიბში, ტყიდან შეშის მოტანაც მათ ევალებოდათ. წისქვილშიც საფქვავის წაღებაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყოს სხვა ქალებივით მათი დედაც ხო არ ათრევდა საფქვავს! განა მას ნაკლები ტვირთი აწვა?! ექვსი შვილის მოვლა-აღზრდა, ყოველდღიურად პურის ცხობა და რეცხვაც ეყოფოდა საქმედ. მომხმარე კი არავინ ჰყავდა. უფროსი შვილი – გიორგი -თბილისში იყო სასწავლებლად, მართა მთაში - საქონელთან, ძილისთვის ვის ეცალა! რიჟრაჟიდანვე ფეხზე იდგნენ და რომ შეჰყვებოდნენ საქმეს, მზის ამოსვლისას უკვემ მოღლილები იყვნენ მუშაობით და პატარა თედოზე იყრიდნენ გულის ჯავრს: ადე, ნახე, შუადღეა უკვე მოსული, შენ კი ისევ ხვრინავო!

- გაანებეთ თავი მაგ ბალღს. მზე ხომ ეს არის ამოვიდა - გამოექომაგებოდა უმცროს ვაჟს დედა გულქანი და თვითონ დაუწყებდა გაღვიძებას პატარა მეხრეს.

- ადე, დაგენაცვლოს დედა, შვილო, ადექი! გესმის, შენი ჭონქარა როგორა ბღავის, თედომ წამიყვანოს საბალახოდო. ადე, აი, შენი აბგაც მზად არის. ნახე, რამოდენა ხმიადის ნაჭერი ჩაგიგდე! ადექი, პირზე წყალი შეისხი, შეხედე, ლუკა და ნიკო უკვე მოიღალნენ მუშაობით. შენც ხომ დიდი ბიჭი ხარ! -ახალისებდა დედა. დედის რძით "დანაყრებული" ხუთიოდე წლის ბიჭი გადაიკიდებდა მხარზე ჩიტის პატარა აბგას, რომელშიც იდო კეცზე გამომცხვარი ქერის ხმიადის ნატეხი, ან მამის მიერ საკურთხიდან წამოღებული ქადის ნაჭერი და ხბორებთან ერთად კუნტრუშ-კუნტრუშით აჰყვებოდა დამშრალ ჭიჭახევას.

"კარგად მახსოვს, როცა ძუძუს ვწოვდი, ისევ მეხუთე წელში ვიყავი. ხბორებში მგზავნიდნენ, მაგრამ სანამ დედა ძუძუს არ მომაწოვებდა, არ წავიდოდი ხოლმე",-ამბობს მამაჩემი თავის ავტობიოგრაფიაში.

ასე მიდიოდა პატარა თედოს ცხოვრება. ბევრი საყვედური და დაცინვა გადაუტანია უფროსი და-ძმებისგან. ლუკა თედოზე რვა წლით იყო უფროსი და მის დაცინვაში უფრო სიყვარული იგრძნობოდა. ნიკოს დაცინვას კი სულ სხვა ელფერი დაჰკრავდა. მისი სიტყვები მწარედ ხვდებოდა გულზე თავმოყვარე თედოს.

- რა უნდა გამოვიდეს შენგან? - უმეორებდა ხშირად ნიკო. - თავი დათვის ბელს მიგიგავს და ხუთი წლისა კიდევ დედის ძუძუს სწოვ. სწავლაში შენ არ გამოდგები და საქმეში.

ექვსი წლის თედო მუხლთან უზის თავის ძმას -ნიკოს და ანაბანას სწავლობს. სკოლაშიც დადის. "ექვსი წლისა ჩარგლის სკოლაში დავდიოდი, -იგონებს მამაჩემი -მაგრამ ვაკეთებდი რამეს თუ არა, ეს იქიდან ჩანს, რომ ერთხელ, როცა სტრელეცკი მოვიდა სკოლების დასათვალიერებლად, სწავლის გათავების შემდეგ გამომეღვიძა, პარტაზე დამძინებოდა... ქართული წერა-კითხვა ჩემმა ძმამ ნიკომ მასწავლა. პირველად ძალიან მიჭირდა, მერე კი კარგად ვსწავლობდი. მესამე განყოფილებაშიც გადამიყვანეს და... დაიკეტა ჩარგლის სკოლა... ეჰ რაღა გავაგრძელო, იმ ხანებში საშინლად ღარიბად ვცხოვრობდით. ტანზე ბევრი არაფერი მცმია, შარვალი სულ არა, ზაფხულში კი შიშველი ფეხით დავდიოდი ცხვარსა და ძროხაში. მახსოვს, ისე დამეყელებოდა ფეხის თითები, რომ ხანჯლით დაჭრილსა ჰგვანდა მერე რა ძნელი იყო ამისთანა ფეხებით რიყეზე, მაყვალიან ნაკაფებში და ახალ ნამკალებში სიარული! რო მომაგონდება, ახლაც ჟრუანტელი მივლის ხოლმე ტანში. ზამთარში ისე დამისკდებოდა ხოლმე ხელები, თითქოს დანით დაუჭრიათო.

"ორი წელიწადი დავრჩი უსწავლელი, -იგონებს მამაჩემი, - თითქმის გადამავიწყდა, რაც ვისწავლე. ქართულს კი, აბა, რას დავივიწყებდი! ერთ ზამთარს საქართველოს ისტორია "გადავწერე. ეს წიგნი თევდორე მღვდელს ეკუთნოდა, მამაჩემს ეთხოვნა და რადგან ძველი გამოცემა იყო და არსად არ იშოვებოდა, მამაჩემმა შემიკვეთა, გადამიწერეო. სხვა საქმისაგან გამათავისუფლა და ჩავუჯექ ამ წიგნს. ზამთრის სიცივეში ჩავდიოდი სკოლის ოთახში და იქვე ვწერდი. მაშინ სკოლა უკვე დაკეტილი იყო.

ორი წლის გაცდენის შემდეგ ჩემმა ძმამ ლუკამ წამიყვენა ტოლათსოფელში, სადაც ის დანიშნეს მასწავლებლად... ლუკასთან სულ ერთი წელიწადი დავყევ, რადგან სკოლა მაშინ ისევ დაკეტეს".

თორმეტი წლის თედო ნიკოს წაუყვანია გორში, სემინარიაში მისაბარებლად. იქ მისთვის კერძო ბინა უშოვია. "მთელი ზამთარი დაგლეჯილი ჩუსტებითა და საზაფხულო ჩითის ბლუზით დავიარებოდი, - წერს თედო რაზიკაშვილი, -ახლა სახლის პატრონიც მკვახე კომშით გვიმასპინძლდებოდა, ვეღარ ავიტანე, დამაწყებინა ციება და მთელი რვა თვე მაცია. წამლის ფულიც არ მქონდა. ჩემი ძმა სემინარიის აფთიაქიდან ართმევდა წამლებს და იმას მასმევდა. ბოლოს, როგორც იყო, ციება მოვიშორე, მაგრამ ძალიან დამაძაბუნა და მომაცდინა, მაინც სემინარიეს მოსამზადებელ კლასში დავიჭირე გამოცდა... ახლა იმედი იყო, წინ წავიდოდი და სახელმწიფოდაც მიმიღებდნენ შემდეგ კლასებიდან, თუ კარგად ვისწავლიდი. იმ ზამთარს ბევრი სიცივე ვიგემე. ბოლოს ჩემი ძმის ამხანაგმა კაჩარლინსკიმ (თათარმა) ერთი სიძველით გამწვანებული პალტო მაჩუქა... სწორედ გაზაფხულზე რომ მწვანე ჟიჟო ამოვა, ისეთი იყო და თან, ფეხებამდე ძველ მწვანე პალტოში გახვეული, სასაცილო რამ ვიქნებოდი, იმას ვინღა ჩიოდა, თუ ზურგი თბილად მექნებოდა.

ჩემი ძმა ამ წელს ამთავრებდა. ბედად იანვრის შემდეგ, ნიკოს ახალი პალტო შეუკერა მთავრობამ. "მე, ძმაო, საზამთრო ბლუზითაც გავალ იოლასა", -მითხრა და თავისი ჯერ ჩაუცმელი პალტო მე გადმომიფეშქაშა. ამ კლასიდან უფროს მოსამზადებელში გადავედი და მიმიღეს კიდეც სახელმწიფო ხარჯზე. ნიკოს მოცემული პალტო ახლა მე ჩემს ძმობილს "შიოს მღვიმელს" გადაულოცე, არც ის იყო ჩემზე კაი დღეში.

ასეთია დაახლოებით მამაჩემის ბავშობა. თუმცა არც შემდეგი მისი ცხოვრებაა სახარბიელო.

სემინარიის პანსიონის კედლებში ჩამწყვდეულს ენატრება თავისი საყვარელი, პატარა ბექობზე განმარტოებით მდგარი ქვა-ტალახის სახლი. იქ ხომ მისი საყვარელი დედ-მამა ცხოვრობს. იქვეა მისი დედის ბიძა პარასკევაც. ვინ იცის, ვის უყვებიან ზღაპრებს, ასწავლიან ლექსებს. აგერ ჩაესმის დედის ტკბილი ხმა. თვითონ კი ზღაპრულ რაშზე ზის და მიქრის თავის საოცნებო ჩარგლისკენ. მიფრინავს ფასკუნჯის ფრთებზე შემჯდარი, რათა კიდე მოისმინოს, განიცადოს ყველაფერი და დაივიწყოს თავისი გაჭირვებული ცხოვრება. დედამისი ხო სწორედ სიტყვის ჯადოქარია"

დედაჩემი მდიდარი ფანტაზიის პატრონი იყო, წერს თედო. - უბრალო რამე ამბავს ისე ფერადებით შეზავებულს გადმოგცემდა, რომ იხიბლებოდა მსმენელი. ის რომ დევებზე ან ეშმაკებზე, მოჯალაფეებზე დაიწყებდა ლაპარაკს, მე, მოჯადოვებულს, არაარსთა სამეფოში გადამიტაცებდა ოცნება და ჩემი თავი თვით მნახველ-გამგონედ მეჩვენებოდა. იცოდა აუარებელი ლექსი და ზღაპარი, ლეგენდები და ამბები ჩვენს მეფეებზე, უფრო კი თამარსა და ერეკლეზე, წაკითხულ-გაგონილსაც თავის გემოვნებაზე გადააკეთებდა და თავის დაბალი, სასიამოვნო ხმით გვიზუზუნებდა. როცა გვიამბობდა რამე სამწუხარო ამბავს, თან ტიროდა ხოლმე, თვითონ წერა-კითხვა არ იცოდა. იყო ბუნებით პოეტი, უაღრესად მშვიდობის მოყვარე და უკიდურესობამდე გულკეთილი და უხვი. მოუღალავი მშრომელი და მოყვარული. ბიძამისი პარასკევა იყო განთქმული მოლექსე. ჯერ იმაზე უკეთეს მოლექსეს ფშავში არ იტყვიან..."

თუ დედა მის ფაქიზ გრძნობებზე ახდენდა გავლენას, მამა გონებრივ განვითარებაზე მოქმედებდა უღვიძებდა სწავლის სურვილს და სამშობლოსა და ხალხის სამსახურის მოვალეობის გრძნობას.

აბა, კიდევ გადავხედოთ მის ავტობიოგრაფიას: "მამაჩემი დიდი თაყვანისმცემელი იყო ჩვენი პოეტ მწერლებისა; აღმერთებდა საქართველოს, იმისი სამსახური ყველაზე უდიდეს მოვალეობად მიაჩნდა. გვიამბობდა მთების პიროფლიანებზე (მთის გმირებზე), აგვიწერდა პოეტურად იმათ ღვაწლს და გვანატრებდა სამშობლოსათვის თავდადებას, ზეპირად იცოდა "ვეფხისტყაოსანი", გურამიშვილის ლექსები, ილია ჭავჭავაძის "დიმიტრი თავდადებული". ჩვენი ბიძა-ბიძაშვილებიც, რომლებიც მუდამ კვირა იყრიდნენ თავს ჩვენსას, კითხულობდნენ ლექსებს და ზოგსაც ფანდურზე დაამღერებდნენ".

თედო სასწავლებელში იგონებს კალმახებით სავსე ჩარგლულას, იგონებს ფრინველებით მოჟრიამულე ტყეს, ყვავილებით მორთულ მთის კალთებს და ყირილი ერევა, მაგრამ ისიც კარგად იცის, რომ ტირილი და წუწუნი ვაჟკაცს არ შეჰფერის. მან უნდა ისწავლოს, თუ სურს მშობლების გახარება. მისი ერთადერთი მიზანი უნდა იყოს თავისი ქვეყნის და ხალხის სამსახური. სწავლა კი შეუძლია.

თედო გაეცნო ამხანაგებსა და მასწავლებლებს. თურმე აქაც ყოფილან საყვარელი ადამიანები, განსაკუთრებით ქართული ენის მასწავლებლები ნიკო ლომოური, რომლის გულისხმიერი მოპყრობა თავის მშობლებს აგონებდა.

ეს სპეტაკი ადამიანი, შესანიშნავი პატრიოტი და ჰუმანისყი, დიდ გავლენას ახდენს მგრძნობიარე ახალგაზრდაზე, ხელს უწყობს მისი ნიჭის გაფურჩქვნასა და ბიძგს აძლევს სამწერლო ასპარეზზე გამოსასვლელად. "თუმცა არა ვფიქრობდი მწერლობას, მაგრამ ისე მწამდა მწერლობის ღვაწლი სამშობლოს წინაშე, რომ ოჯახის გავლენას დაემატა მეტად სიმპათიური გავლენა ჩვენი ქართული ენის მასწავლებლის ნ. ლომოურისა, ამაზე მეტად საკეთილო გავლენა არა მგონია კაცმა კაცზე იქონიოს. ჩემი ველური ბუნება იმის ღვთიურმა მოქცევამ დაალბო და გააპატიოსნა. სურვილი სამშობლოს ლიტერატურისათვის სამსახურისა იმან გამიორკეცა. დღეს უკვე ვაჟკაცი და ჭაღარაშერთული იმავე მოწიწებას ვგრძნობ იმ ჩემთვის წმინდა კაცის წინაშე", - წერს მამაჩემი.

1889 წელს მამაჩემი წარჩინებით ამთავრებს სემინარიის სრულს კურსს, მაგრამ ადგილს ვერ შოულობს. "კიდეც რომ მქონდეს, მაინც არ მოგცემდი, თქვენ ისეთი გვარისა ხართ, "გამოუცხადა თურმე სკოლების ინსპექტორმა დარსკიმ.

1890 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ თედო დანიშნა მასწავლებლად გორის მაზრის სოფელ ხელთუბნის სკოლაში.

იმავე წელს დაეხოცა დედ-მამაც. მწარედ დაღონებული და დაჩაგრული თედო საბოლოოდ სახლდება სოფელ ხელთუბანში.

მამაჩემს სისხლსა და ხორცში ჰქონდა გამჯდარი მუყაითი შრომისადმი მიდრეკილება, თავისი მოვალეობისადმი პასუხისმგებლობის გრძნობა და მასწავლებლობის პირველი დღიდანვე გულმოდგინედ შეუდგა ნაკისრი მოვალეობის შესრულებას.

ის ერთდროულად ამეცადინებდა ოთხ ჯგუფს: ერთს ანაბანს ასწავლიდა, მეორეს საანგარიშოს აძლევდა, მესამეს აწერინებდა, მეოთხეს კი იმ დროს ხელსაქმის გაკვეთილი უნდა ჰქონოდა, რომ ყველა მოუცლელი ყოფილიყო და ერთმანეთისთვის ხელი არ შეეშალათ. ყველაფერი ერთ საკლასო ოთახში ხდებოდა. მამაჩემი საკმაოდ პედაგოგიურად უძღვებოდა საქმეს. წერა-კითხვის სწავლების გარდა ის უახლოვდებოდა მოწაფეთა ოჯახებს, ეცნობოდა მათ ცხოვრებას, იგებდა მათ გაჭირვებას.

ოჯახშივე შრომანაჩვევი და სემინარიაში ცოდნა მიღებული მამაჩემი გაბედულად შეუდგა მეფის დროინდერი სოფლის მასწავლებლის მძიმე ტვირთის ზიდვას. მას სურდა ტყუილუბრალოდ არ დაეკარგა არცერთი წუთი და გლეხობისათვის მაგალითის მიმცემი ყოფილიყო ყოველ საქმეში.

სკოლის შენობა სოფლის თავში იდგა განმარტოებით. ნაკვეთიც კარგა მოზრდილი ჰქონდა, ხოლო ამ ნაკვეთზე ქვა და ღორღი ეყარა და ნახირის თავსაყრელ ადგილად გამხდარიყო. აქ მთელი დღე სოფლის გოგოები ბატის ჭუკებს მწყემსავდნენ

აი, ამ ნაკვეთზე შეაჩერა თვალი მამაჩემმა. პირველ რიგში თვით ნაკვეთი უნდა გაეწმინდათ ზედმეტი ქვა-ღორღისაგან თანაც ქვა და ღორღი კარგი მასალა იქნებოდა ღობის გასაკეთებლად. ეს აზრი მამამ მოწაფეებს გააცნო და გადაწყვიტეს, სიტყვა საქმედ ექციათ. მალე სკოლის ნაკვეთი გაწმინდეს. ღობეც შემოავლეს. ზამთრისათვის გადაბარეს კიდეც. ნახირისა და ბატებისაგან ერთი დიდი სიკეთე სწვეოდა ნაკვეთს: საკმარისად გაპატივებული იყო და ზედ კარგი მოსავალიც მოდიოდა. ამასთან შეიძლებოდა ნერგებისათვის ორმოების ამოღება.

ამრიგად, პირველი ნაბიჯი გადაიდგა.

თესლი და ნერგები მამას თავის საყვარელი მასწავლებლის - ნიკო ლომოურის დახმარებით უშოვია იასე და ანტონ ფურცელაძეებისგან, რომელთა ხილის ბაღები განთქმული იყო მთელ ქართლში. მათ მსგავსად სკოლის ეზოში დარგეს კაკალი და სხვა ხეხილი, გააკეთეს კვლები და მალე ნაკვეთი დათესეს კიდეც.

გლეხები გაშტერებული შეჰყურებდნენ თავიანთი შვილების მასწავლებელს, როგორ დაუღალავად შრომობდა იგი ცისკრიდან დაწყებული შუაღამემდე. არც მოსწავლეები იხევდნენ უკან, ეჩვეოდნენ გააზრებულ შრომას, მასწავლებლის დახმარებით თავიანთ პატარა ნაკვეთებზედაც რგავდნენ ხეხილის ნერგებს, ხალისიანად შრომობდნენ და გულის ფანცქალით მოელოდნენ ამ შრომის ნაყოფს.

მამაჩემი არ ზოგავდა არც დროს, არც ძალ-ღონეს, სადაც არ უნდა ყოფილიყო, ლხინსა თუ ტირილში, ქორწილსა თუ ნათლობაში, ხვნაში, მკაში, მინდორში, ბაღში, გზაში, სკოლასა თუ დუქანში, ყოველთვის თან ჰქონდა ქაღალდი და ფანქარი, იწერდა გაგონილ გონებამახვილურ სიტყვებს, ანდაზებს, გამოცანებს, თქმულებებს, გადმოცემებს. კარგი მთქმელები სახლშიაც მოჰყავდა, ელაპარაკებოდა, ეშაირებოდა, აშაირებდა მათაც, რომ რაც შეიძლება მეტი ეთქვათ თვითონ კი ჩაეწერა.

უყვარდა განაგონის გამოყენება საუბრის დროს. ხშირად ხმარობდა ანდაზებს და იგავებს.

სკოლაში ოთხ განყოფილებასთან მეცადინეობისა და რვეულების გასწორების შემდეგ მამაჩემი კვლავ განაგრძობდა წერას. დღისით გაგონილი და ჩაწერილი განსაკუთრებულ რვეულებში შეჰქონდა, ახარისხებდა შინაარსის მიხედვით, ახლად წერდა რვეულებში, სადაც ნახავდით ასეთ მინაწერებს: "ისტორიული", "რელიგიური", "საგმირონი", "სალაშქრო", "საარშიყო", "ანდაზები", "გამოცანები", "შელოცვები" და ა.შ.

შელოცვების ჩაწერას თავისსავე სახლში ახერხებდა. მის პატარა შვილებს წარამარა სიცხე ჰქონდათ. (სიდედრი კი გლეხის უსწავლელი ქალი იყო) ფიქრობდა, ბავშვები თვალნაცემი ან შეშინებული იქნებიან და შელოცვაა საჭიროო. შემლოცავისთვის კი შორს წასვლა არავის სჭირდებოდა. სოფელში ამის მოხელე თითქმის ყველა მოხუცი ქალი იყო. მაგრამ ყველაზე განთქმული მაინც "ზუნაანთ მაშო" გახლდათ.

მაშოც მოვიდოდა ნახშირით შეიარაღებული, დაიწყებდა "თვალნაცემის" შელოცვას. ბუტბუტებდა, ამთქნარებდა, ცრემლებს იწმენდდა. მისი აზრით რამდენი მეტი ცრემლი ჩამოუვარდებოდა, ლოცვა იმდენად მეტ გავლენას მოახდენდა ავადმყოფზე. ასევე იქცეოდა "შეშინებულის" შელოცვის დროს, მხოლოდ ავადმყოფს დამატებით გულ-მკერდს უზომავდა, შემდეგ ცხვირსახოცს გამონასკვავდა, ზომავდა მტკაველით -რამდენად იყო დაშორებული გული თავის ბუდეს, და სნეულს იმდენ ხანს ულოცავდა, სანამ "გულს თავის კალაპოტში" არ ჩააყენებდა.

მამაჩემი კი შორიახლოს უვლიდა შემლოცავს. უნდოდა როგორმე ხმამაღლა აელაპარაკებინა, რათა შეძლებოდა მისი ნათქვამის ჩაწერა.

- აბა, მარიამ ქალო, (მამა ყველას ნამდვილი სახელით მიმართავდა), შეულოცე, ნუ გცრხვენია. რას იტყვი, ლოცვა რომ ჩავწერო, ძალა ხომ არ გამოელევა?!

- უი, დამიდგა თვალები. მასწავლებელო, ეგ რაღა ლოცვა იქნება, თუ სუყველა გაიგონებს და საქვეყნო გახდება. უცხო ყურმა კი არ უნდა გაიგონოს თორე ძალა დაეკარგება!

- მაგრამ მასწავლებელი ხომ უცხო არ არის! -ეუბნებოდა მამა და საბოლოოდ ლოცვა იწერებოდა.

ზღაპრებს ბავშვებიც ვიწერდით. ჩვენ უნდა მოგვესმინა და შემდეგ ჩაგვეწერა. ეს კი ხშირად მე მიწევდა, ვინაიდან უფრო მოზრდილი ვიყავი.

მეზღაპრე შაქრო და სოფიო დათუნაშვილები ჩვენი უახლოესი მეზობლები იყვნენ. ღარიბები, წვრილ შვილიანი გლეხი შაქრო უბნის ნახირს მწყემსავდა ადრიან გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე, ესე იგი, სანამ მინდორში ბალახს თოვლი არ დაფარავდა. ნახირის მორეკვის შემდეგ თავის პატარა ბაღჩაში უნდა ემუშავა და ცხადია, ზღაპრებისათვის არ ეცალა ზამთარში კი სხვა იყო. საქონელს უკვე პატრონები უვლიდნენ, შაქრო თავისუფალი იყო და შეეძლო ზღაპრების მოყოლა. იმისათვის კი, რომ შაქროს ზამთრამდე მიეღწია და "შიმშილით არ მოგვკდომოდა", როგორც მამა იტყოდა ხოლმე, ყოველ დღე ცხელი კერძი უნდა დაგვეხვედრებინა.

მართლაც, არასოდეს არ დაგვიწყებია "ჩვენი შაქრო". საკმარისი იყო დედაჩემს ქვაბით სადილი შემოეტანა, რომ ყველა სათითაოდ ვიყვირებდით" დედა, შაქროს კერძი-ი! შაქროს კერძი! ჩვენ რომ არ გაგვხსენებოდა, სულ ერთია მამას არ დაავიწყდებოდა იგი.

ზღაპრებს უფრო ხშირად ზამთრობით ვისმენდით ზამთარში ადრე ღამდებოდა. მალე ბნელდებოდა ისედაც ნახევრად ბნელ ქოხში.

აბა, ამ ქალაქია ღამეებს რა გაათენებსო, -იტყოდა ჩვენი მეზღაპრე და გადმოგვძახებდა: ოჯახიშვილებო, ვისაც ზღაპარი უნდა, კერძს ერთი ჭიქა არაყი მოაყოლოს. თან ერთი იღლია შეშაც წამოიღოს და მოვიდესო. ჩვენ სიხარულით მოვარბენინებდით კერძს და ფიჩხს. ფიჩხი უფრო კარგად იწვოდა და ალიც ძლიერი ედებოდა. მამაჩემსაც მოჰქონდა არყით პატარა ჭიჭილა, თუ კი გვქონდა, თუ არა და შაქრო არ გაგვიჯავრდებოდა. მოვრბოდით სიხარულით, რათა კიდევ ზედმეტად მოგვესმინა არა ერთხელ გაგონილი ზღაპარი.

ჭრაქისა და ბუხრის შუქით ნახევრად განათებულ მიწურში ტახტზე ფეხმოკეცილები და სულგანაბულები ვისხედით და ვუსმენდით ჩვენს მეზღაპრეს, რომელიც ყოველ ზღაპარს იწყებდა ერთი და იგივე "იყო და არა იყო რა-თი". მართალია, ამის მნიშვნელობა არც ისე გვესმოდა, მაგრამ ზღაპარი ზღაპრად არ მიგვაჩნდა, თუ კი ამ სიტყვებით არ იწყებოდა. შაქრო გვიამბობდა სამთავიან, ცხრა და თორმეტ თავიან დევებზე, რომლებიც ძალიან ღონივრები იყვნენ, მაგრამ ერთი საცოდავი ნაცარქექიაც კი ასულელებდა, ბოლოს, კიდეც სჯობნიდა. გვიყვებოდა გველეშაპებზე, წყალს რომ დაპატრონებოდნენ და თითო სათითე წყალს თითო ახალგაზრდა ქალსა და ვაჟზე ცვლიდნენ. ვისხედით აკანკალებულები, გვავიწყდებოდა, რომ ეს მხოლოდ ზღაპარი იყო, ვეკვროდით ერთმანეთს და გულის ფანცქალით ველოდით, როდის გამოჩნდებოდა მამაცი მზეჭაბუკი, რომელიც იმ საშინელ სისხლის მსმელებისაგან ზღაპრის პერსონაჟებს დაიხსნიდა და ჩვენც გადაგვარჩენდა.

ბავშვებს ყველაფერი სინამდვილე გვეგონა და ხშირად რომელიმე ჩვენთაგანი ტირილს იწყებდა, რის შემდეგადაც, მამაჩემი უფრო მოზრდილებს განგვიმარტავდა: "დევების, მაჯლაჯუნების, გველეშაპებისა და ყოველნაირი ბოროტი სულის სახით ხალხს გამოჰყავს თავისი მტრები, ან ბუნების ძალები და მოვლენები, რომელთა წინააღმდეგ თვითონ უხდება ბრძოლა. მაგრამ ნახეთ, სიკეთე და სამართლიანობა ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე" -დამაჯერებლად იტყოდა იგი. ჩვენც გვჯეროდა.

მამა ჩვენს ყურადღებას განსაკუთრებით ამახვილებდა იმ ზღაპრებზე, სადაც ვერაგი და სასტიკი მეფის წინააღმდეგ გამოდიან, შეიძლება მცირე შესაძლებლობის, მაგრამ მტკიცე მეგობრობით დაკავშირებული გონებაფხიზელი, მშრომელი ადამიანები. აღნიშნავდა ქალების გონიერებას, მათს დაკვირვებულობას და წინდახედულობას: "ნახეთ გლეხის ქალი არც კი გაჰყვა მეფის შვილს ცოლად, ხელობა არაფერი გაქვსო ან გაიხსენეთ გლეხის ბრძენი გოგონას ამბავი, სასტიკი და უჯიათი მეფე რომ მოათვინიერა თავისი გონიერი პასუხებით. ასეთია ზღაპარი - "ლობიოს ქოთანი რომ თუხთუხებს რას ამბობს?"

ეს ზღაპარი განსაკუთრებულ პირობებშია მოსმენილი. ჩვენს ბუხარში ლობიოს ქოთანი იდგა, წყალი დუღდა და გადმოდიოდა. ცეცხლი ბრიალებდა. მამაჩემმა გვითხრა: აბა, ვინ მეტყვის, ლობიოს ქოთანი რას თუხთუხებსო. ჩვენ აბა, რას მივხვდებოდით. ზოგი რას ვამბობდით, ზოგი რას. -კარგიო! - წარმოთქვა მამამ, - აბა, ამაღამ მე მოგითხრობთ ამის ამბავსო. იმ საღამოს არ მოვეშვით და მანაც გვიამბო ეს ზღაპარი. გაოცებულები დავრჩით ქოთნის თუხთუხის ასეთი უბრალო, მაგრამ გონივრული ახსნით და მამას ვთხოვეთ, ხშირად ეამბნა ჩვენთვის ზღაპრები. მამაც დაგვყაბულდა ერთი პირობით: ჩვენ უნდა ჩაგვეწერა ეს და სხვა მრავალი ზღაპარი.

უფრო ისეთი ზღაპრის მოსმენა გვიყვარდა, სადაც დაჩაგრული გოგონას დასახმარებლად გაჩნდებოდა ჭიანჭველების ჯარი, ერთ ტომარა ფეტვში შერეულ ხორბალს, რომელიც გოგონას ერთ ღამეში უნდა გაერჩია, ერთ საათში გაარჩევდა და ამით მას ცივ ზამთარში გარეთ გამოგდებას გადაარჩენდა.

"აი, ამ გაერთიანებული ძალებით შრომაზე ოცნებობს ხალხი თავის ზღაპრებში", - გვეტყოდა მამაჩემი.

როდესაც მრავალ ზღაპარში ნაოცნებარი მფრიანავი ხალიჩა თვითმფრინავის სახით სინამდვილედ იქცა, მამას სწამდა, გაერთიანებულ შრომაზე ოცნებაც ადვილი მისაღწევი იქნებაო.

მამა ზღაპრების ჩაწერით არ კმაყოფილდებოდა. კარგად იცოდა, რომ "მიმციას მომცია უნდა", თვითონ ბევრს იძენდა ხალხისგან მაგრამ მასაც ხომ სამაგიერო უნდა მიეწოდებინა მისთვის. წერდა თვითონაც და აღწერდა გლეხკაცის გაჭირვებულ ცხოვრებას, მის ნატვრას, მის ოცნებას, უკვეთეს მომავალზე. საღამოობით, სკოლაში ბავშვებთან მეცადინეობის შემდეგ, თავისთან იბარებდა მოზრდილებს, რომელთაც სკოლის დრო გასვლოდათ ასაკის გამო, და ასწავლიდა წერა კითხვას. უკითხავდა და აცნობდა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებას, მათ შესანიშნავ ნაწარმოებებს, სადაც აღწერილია გლეხების უმწეო ცხოვრება. მსმენელებისათვის ძალიან ახლობელი და გასაგები იყო რაფიელ ერისთავის ლექსები, რომელთა ნაწყვეტებს ისინი სასოებით იმეორებდნენ, მაგალითად. "მიწა სხვისაა, ქირაობთ, შრომა კი მარტო ჩვენია", ან ილია ჭავჭავაძის "ერთ ბედსქვეშა ვართ, ლაბავ, მე და შენ, წილად გვარგუნეს შავი მიწა ჩვენ". წარმოთქვამდნენ ამ სიტყვებს და თან ოხვრას დაატანდნენ, იფიქრებდით, გულიც თან ამოაყოლესო. მამა უკითხავდა მათ საკუთარ ლექსებს და მოთხრობებსაც. მათში სრული სიმართლით იყო ასახული გლეხკაცის ცხოვრება და მისი ჭირ-ვარამი. როცა მოისმენდნენ, აღტაცებით წამოიძახებდნენ: ეჰე, შვილოსა, ჩვენს გულში ხომ არ იჯდა მაგის დამწერიო, მაგრამ, როცა გაიგებდნენ, რომ ავტორი თვით მათი ახალგაზრდა მასწავლებელი იყო, გაოცებულები შესცქეროდნენ: განა შეიძლება მწერალი უბრალო, ჩვეულებრივი ადამიანი იყოს და ისიც ახალგაზრდაო?!

გაგრძელება იქნება...