წერილები (ეპისტოლარული მემკვიდრეობა)



1913 წლის შემოდგომაზე ვაჟა-ფშაველა თბილისში ჩავიდა და თავის ნაბოლარა ძმასთან, სანდროსთან დაბინავდა მლეთის ქუჩაზე. მან მაშინვე წერილი გაუგზავნა თედოს სოფელ ხელთუბანში.
წერილს მივაკვლიეთ ლიტერატურის მუზეუმში, ვაჟას პირად არქივში. წერილი დათარიღებულია 21 ნოემბრით.


ვაჟა-ფშაველას წერილს რაზიკაშვილებისათვის ჩვეული იუმორით უპასუხა თედომ.
წერილს მივაკვლიეთ ლიტერატურის მუზეუმში, ვაჟას პირად არქივში. წერილი დათარიღებულია 1913 წლის 23 დეკემბრით.

ბატონო თედო!
რაზე დამივიწყეთ რომ არცა მნახეთ და არცა რამე მასალა "ჯეჯილისა" გამოგზავნეთ. მე ისე მოუცლელი და ვაივაგლახში ვარ რომ ერთი დღითაც ვერ მოვასწარი ამოვსულიყავ ხელთუბანში. ახლა დიდათ და დიდათ გთხოვთ, რომ თუ "ჯეჯილის" დღეგრძელობა გინდათ, საჩქაროთ მომაწოდოთ მასალა დეკემბრის და იანვრის ნომრებისთვის. მართალია ფული ვეღარ გამოგიგზავნეთ, მაგრამ იმედია არ შევირჩენ და დღესასწაულებში მოგაწოდებთ. ველოდები მასალას. სანამ მშვიდობით, მომიკითხეთ ყველანი".

ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა
1902 წ.

ბატონო თედო!
მოგილოცავთ მომავალ აღდგომას, ღმერთმა ცოლშვილით ბედნიერათ გამყოფოთ. გიგზავნით მცირე გონორარს ორი მოთხრობისას (ქურდები და მაიმუნის). ვიანგარიშე სამ კაპეიკობაზე და 9 მ. და 50 კ. გამოვიდა. იმედია მასალას კვლავაც მომაწოდებთ და მეც არ დაგიკლებთ ამ მცირე გონორარს

ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა
1902 წ.

ძმაო თევდორე!
აგერ ერთი წელიწადი გავიდა მას აქეთ, რაც ჩვენ ერთმანეთს დავშორდით და მას აქეთ არც შენ მოგიწერია ჩემთვის წერილი, და არც მე მიმიწერნია. რასა ჰგავს ეს? ესაა ჩვენი ძმობის შედეგი? ამას ველოდით? - არა. რატომ ასე დატრიალდა ჩვენი ძმობის ჩარხი? იმიტომ, რომ მე ყურადღება მივაქციე წვრილმანებს და რაც დიდი და წმინდა იყო, ის კი დავიწყებას მივეცი, შენ კი. . . მე ძალიან ვამტყუნებ ჩემს თავს. მე შენ რო დაგივიწყო, მაშინ ადამიანი არა ვყოფილვარ, გრძნობა არა მქონია.
თევზისა არ იყოს, ბევრი მაქვს სათქმელი, მაგრამ ენა არ მემორჩილება! ძმაო თედო, ისევ ვარ ღარიბი ენით, რომ არამცთუ გრძნობის გამოხატვა, არამედ უბრალო აზრის წარმოთქმა არ შემიძლიან, მეძნელება. (რუსულად არ გწერ წერილს იმიტომ, რომ შენ მითხარი: თუ მომწერ წერილს - ქართულად, რუსულად ნუ მომწერო). ამის გამო მცირე წერილს გწერ.
შენი "იის ამბავი" ძალიან მომეწონა, და ნ. ლომოურმა სთქვა: "მშვენიერი არის"-ო, ეს მოთხრობა ძალიან ჰგავს ერთს შენს ლექს, აქ დაწერილს. ლექსიც მშვენიერია. თედო! მე და ნიკომ გამოვიწერეთ, სამი მანეთი ფული გაუგზავნეთ, მაგრამ 9 ## და "პატარა კახის" მეტი არაფერი მიგვიღია.
მე ამის (წინ) ძალიან ავათ ვიყავი, მაგრამ ეხლა, ღვთის წყალობით, კარგათა ვარ, მე გადავედი მესამეში.

შენი ძმა ნიკო ჯანაშია
1890 წ. 30 მაისს. ქ. გორი

"დიდად პატივცემულო ბატონო თედო!
შარშან რაღაცას გვიწყრებოდი მგონია, თორემ ერთ მოთხრობას ხომ მაინც გამოგვიგზავნიდით. წრეულს იმედია გულს მოიბრუნებთ ჩვენსკენ, მომწერეთ რა უნდა მოვიმოქმედოთ იმისთანა, მოგაბრუნებინოთ გული და თქვენებურად მშვენიერი მოთხრობები დაგაწერინოთ. ჩვენ თუ გვიწყრებით, ბავშვებს რისთვის აკლებთ მოთხრობებს, განა ამის უფლება გაქვსთ თქვენ, როგორც მწერალს? გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა "ნაკადულის" სვე-ბედში ისე, როგორც ღებულობდით, და მოთხრობები მოგვაწოდოთ".

ნინო ნაკაშიძე
საბავშვო ჟურნალ "ნაკადულის" რედაქტორი
1911 წლის იანვარი

ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის, ნიკო ჯანაშიასა და ნინო ნაკაშიძის წერილებს თედოსადმი მივაკვლიეთ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელნაწერთა საცავში.

თედო რაზიკაშვილს!

ვაჟა-ფშაველამ, ბაჩანამ
დაჰმღერეს მაღლა მთაშია,
შენ ბარით მოეც მათ ბანი,
ძმებს ამოუდექ მხარშია;

ღმერთმა გიკურთხოს კალამი
და ძალა მოგცეს მკლავშია!
დიდ სვეს მოედეთ, ღმერთმა ქმნას
რომ გაგეტანოთ თავშია!..

განდეგილი (დომინიკა ერისთავი)
გაზეთი “ივერია”, 1892 წლის იანვრის ნომერი