ია და კესანე

(ზღაპარი)

ერთის მთის პირად, დაბურულ ტყეში,
ამოსულიყო ლამაზი ია
და ტკბილს გაზაფხულს შვენება უხვი
ტურფა სტუმრისთვის ზედ დაეფრქვია.
მისი საამო,
სევდის მალამო,
სუნნელოვნება გულს აამებდა
და ნელ ნიავთან
აქ მომბერავთან,
ჰარმონიითა შეზავდებოდა.
ტკბილნი მგოსანნი,
წვრილნი ფრთოსანნი,
იას შესტრფოდნენ და უგალობდნენ.
ცქრიალა წყარო,
ბროლთა სალარო,
მარგალიტის ცვრებს ზედ ასხურებდა.
ცა გაზაფხულის
ცისკარი დილის
მგოსანთა მღერით სალამს უძღვნიდნენ,
და მზის სხივები,
მაცხოველები,
გაფურჩვნილს მკერდში ეკონებოდნენ.
ნამი წვიმისა
ვით მეგობრისა
ცრემლი დაღვრილი ძმისა საშველად
დაეცემოდა,
მოულხინებდა,
შაექმნებოდა საკვირველ-მქმნელად.
მის ახლო, იქვე თავმოხრით მორცხვი
დღისა სინათლეს ამოეზიდა
პაწაწა, ნაზი, მშვიდი კესანე
და როგორც ობოლს ყმაწვილსა ზრდიდა.
ცისფერი კაბით სადად მორთული
იის საეხშოდ ყელს იღერებდა;
იას ტურფასა,
ტანად სუფთასა,
მუდამ სურვილით თვალს ადევნებდა.
კესანეს სურდა,
გულით უნდოდა
იას როგორმე გადაჰხვევიყო
და მუდამ მასთან,
როგორც და ძმასთან
სიკვდილის დღემდის დარჩენილიყო,
რომ ერთად ჭირი,
სუსტთათვის ხშირი,
გაეყოთ გულით და მოქმედებით,
ერთად ეტირათ,
ერთად ელხინათ,
ერთადვე უფლის მათ მეოხებით
მტერთან ებრძოლათ...
ქარმა დაჰქროლა
მათი ოცნება მეგობრობაზე,
გამოიტაცა ყელმოღერებულს
იას შეახო სოსანს ფურცლებზე.

***
ტურფამ იამა
იგრძნო, იამა
კესანეს ყველა ღელვა გულისა,
თავი დახარა,
სხვებსაც ახარა,
ცრემლი დაღვარა სიხარულისა.

***
და შესაყრელად იამ კესანეს
ძმობისა ხელი მსწრაფლ გაუწოდა,
სამარადისოდ შესაერთებლად
თავისთან გრძნობით მას მოუწოდა.
მაგრამ აქავე
მათი მოავე
დადუმებული ჩუმად ისმენდა,
შურით და გესლით,
სიავით, კვნესით
გულზედ მიწოლილს შხამს ძლივს ითმენდა.
გველმა რა ნახა ია, კესანე
სულით და გულით ერთად მფშვინავნი
ერთურთის ცქერით ვერა ძღებოდნენ,
შაერთებისა დიდად მსურველნი,
ვერ მოითმინა,
დაისისინა
და იასა და კესანეს შორის
გაწვა მიწაზედ,
როგორც საზღვარზედ
გასაცალკებლად ორის მოყვარის.

***
დღემდისა იქ წევს ის გველი,
მარჯვე შემთხვევის მცდელია,
მეგობრებს ერთად არ უშვებს,
ერთმანეთს მისცენ ხელია.
როცა კესანე და ია
მოისურვებენ შეყრასა,
გველი მაშინვე პირს აღებს
ფიქრობს ორივეს შეჭმასა!

1893წ.