მონადირე

ხევსური შიშია განთქმულ მონადირედ ითვლებოდა. იმისი გაუვალი მთა აღარსად იყო. გუდამაყრის ჩონჩხები, ხევსურეთის მთების კუდები და თვით გერგეტიც მოვლილი ჰქონდა. იმისგან შეწირული ჯიხვისა და კლდის ვაცის ადლიანი რქები ხახმატისა და გუნასიჯვრის იფნებზე ეკიდა და სალუდეს ყორის კედლებზე იყო ჩამწკრივებული. ეს ხატისათვის მირთმეული ძღვენი იყო მადლობის ნიშნად და ქრთამადაც შიშისაგან, რომ საკვლავოდაც მოემართა ხელი ერთი "არწივისმაღალი" ჰქონდა გულში ჯავრად ჩაყოლილი. იმის წვერზე ჯერ კაცს ფეხი არ დაედგა. მხოლოდ შორიდან შესცქეროდნენ ხევსურები შურითა. იმის წვერზე აუარებელი იარაღი და ზინათი ეგულებოდათ, არწივებისგან მიზიდული. იქა ბუდოდბნენ ეს მთის ამაყი შვილებიც და ბღარტებსაც იქა ზრდიდნენ გულმოსვენებულები, რომ კაცი იქ ვერ მიუდგებოდა. აქ იყო იმათი სასხდომი და სალხინო ადგილი. იქიდან დასცქეროდნენ მთელს ხევსურეთს და ხევგუდამაყარს ამაყი თვალით და ათვალიერებდნენ თავის საკბილო ლუკმასა.

თვითონ "არწივისმაღალმა" თოვლი არ იცოდა, რადგან ზედ იმდენი სწორე ადგილი არ მოიპოვებოდა, რომ თოვლი დაედო და დამდგარიყო. მთის ძლიერი ქარი ხელად გადაფხეკდა თოვლს და რაც დარჩბოდა, იმასაც მზის სხივები ჩამოადნოვდნენ ხოლმე, ჯერ ლოლუებად დაეკიდებოდა და მერე კლდის ნაპრალებში იკარგებოდა. ქვებში ამომძვრალი ქუჩი აღარა კვდებოდა, ზღარბივით ეყუნტა კლდის ნახეთქებში, შავი ქვები არწივებისა და სვავების თეთრი სკინტლით იყო ჩამოთხუპნული. ეს იყო ადამიანის ფეხისგან შეულახველი ადგილი და ბევრი ხევსურის ვაჟსაც ენატრებოდა იქ ასვლა. იცოდნენ, რომ იმისთანა ვაჟზე ხევსურის ქალებიც კი ლექსს გამოთქქვამდნენ. იმისი ქების ხმა მთელ მთას შემოივლიდა და მერე შვილიშვილს გადაეცემოდა.

შიშიას ბევრჯერ ეჩვენებოდა სიზმარში "არწივისმაღალი", ოცნებობდა, როცა ის იქ ავიდოდა, როგორ აიშლებოდნენ არწივები და შეშინებულები თავზე დაუწყებდნენ ტრიალს და ყეფას. როგორ იპოვიდა იქ უპატრონიდ დახოცილ ვაჟკაცების იარაღსა და მარჯნებს ფრინველებისაგან ატანილსა. ქვემოთ კი "არწივისმაღლის" კალთები და ხევები სავსე იყო თოვლით და მისდღემში გაუდნობელი ყინულით. კლდის ვაცი და ჯიხვიც აქაური იყო განთქმული.

***
მზე ამოსული იყო, როცა შიშია ,,არწივისმაღლის’’ კალთას შეუდგა. თოვლის ცქერით თვალები სტკიოდა და ცისარტყელასავით წითელ-ყვითელა ელანდებოდა.

ზვავი მდნარიყო და რამდენიც ძირს დაეწია, იმდენი ჩამოეფხოჭნა კლდეებიდან ისეც მცირე მიწა და სილა და ატალახებული თოვლზე ჭუჭყად იდო.

სადაც ხის ნაკოდალი (ნარიყი), ან ქვა, ან ზვავისაგან მოგლეჯილი ქუჩი დაცემულიყო ზვავზე, - თოვლში ჩაფლულიყო, თოვლი შემოეჭამა ირგვლივ, თითქო ცეცხლს მჩვარი ამოუწვავსო.

ზოგან ჩახვრეტილიყო კიდეც და შიგ მღვრიე ქვიშიან-ტალახიანი აქაფებლი მდინარე ჩაქუხდა ბნელ ჯურღმულში, მზეთუნახავი.

სადღაც მოესწრო დედამიწას თოვლისაგან განთავისუფლება, თავყვითელა ყვავილს და დათვის ტერფას ამოეყოთ თავი, ბუერასაც გაეღვიძა და თავის მწვანე ქათიბს მზეს უცხუნებდა. ზაფხულის მზე სიცოცხლეს უხვად აძლევდა, საღამოთი ცარიელი მოტვლეპილი ადგილი მეორე დღეს საამურად ჰყვაოდა.

შიშია ზვავს მოერიდა, გაღმა გავიდა. საშიში იყო ზვავი ზაფხულში. გარედან მზისგან შეჭმული და შიგნიდან წყლისგან ადვილად ჩაიმზღვლეოდა და კაცსაც თან ჩაიტანდა სამუდამოდ. ზვავზე ჯიხვების ნავალი მრავლად იყო. ეტყობოდა, წყლის დასალევად აქ ევლოთ ზევიდან. ზაფხულისგან შეშინებულებს ზევითა ეწიათ, რაკი ზვავები შრებოდა, ნაზვავრებში ნოყლა ბალახი ჩნდებოდა და არც ცხელოდა.

კაი დიდი ფარა ჩანდა. ნავალზე ეტყობოდა, რომ ციკნებიც ბლომად ერია ფარაში და ხარჯიხვებიც. შიშია გულიანად ათვალიერებდა ამ ნაფეხურებს. ერთი ნაფეხური იყო ყველაზე დიდიდ. სწორედ მოზვრისტოლა ფეხი იქნებოდა. ყველას ნავალს ჭყლეტდა, ეტყობოდა, უკან მისდევდა ფარას, რადგან ან ფარას ჰპატრონობდა, ან სიმძიმით სიარული უჭირდა.

შიშიას გულმა ფრთხიალი დაუწყო. შურითí ჩასცქეროდა ჯიხვების ნავალს. გული უსკდებოდა, რომ ამდენი ნადირი აქ თავისუფლად დაიარებოდა, შიშია კი, იმათი მძებნელი, ზვავზე ქერის ჯინჯილასა და არაჟანმოხდილ ძროხის რძისაგან ამოწურულ კურსა (ყველს) ხრავდა. ათასიც რო ყოფილიყო თუკი როგარმე შესძლებდა, სულ ერთიან გასწყვეტდა, გინდ ერთი ჯიხვის ტყავიც ძლივს წაეღო სახლში. სშინლად შურდა იმათი ასე უშიშრად სიარული. შურდა იმათი ლაღი ცხოვრება, იმათი თავისუფალი სიცოცხლე. თავის დაბეჩავებულ და დამონებულ ცხოვრებასთან იმათი ლაღი სოცოცხლე გულში სანატრელად მიაჩნდა. რადგან თვითონ ვერსად წაუვიდოდა ამ ცხოვრების სიდუხჭირეს, არც იმათი უნდოდა, რომ ცოცხლები ყოფილიყვნენ და თავისუფლები.

ვინ არ მისტანებიხართ დასაჭერად ოთახში შემოფრენილ ჩიტს, რომელიც თავგადაკლული ეძებს გასასვლელ გზას და ხან ერთი სარკმლის მინას დაეტაკება თავით, ხან მეორისას, მანამ უგონოდ ძირს, სარკმლის ფიცარზე არ ჩამოვარდება თავგატეხილი. საწყალი კვნესის, სულს ჰლევს და თან კიდევ შიშით თრთის. შენ ხელში იყვან საჩქაროდ და ერთ წამს მაინც სიამოვნებასა გრძნობ, რომ ამ თავისუფალმა ფრინვლმაც იგემა მონობის სიმწარე.

თავისუფლების შემფრფინავნი იმავე თავისუფლების დაუძინებელი მტრები ვართ... შიშიამ შეჭამა ხელისტოლა პური, თოფს ფალია უნახა, დანარჩენი საგზალი ისევ შოლტაში ჩააწყო და მგელივით ჯიხვების კვალს გაჰყვა.

ზვავი გამოილია და ქვიშიან ფერდას შეუდგა. წვრილი და შავი, სიფრიფანა ბრჭყვიალა სიპების ნამტვრევებისაგან შემდგარი ქვიშა ფეხქვეშ არა დგებოდა, ელდასავით აქეთ-იქით ძვრებოდა. ფეხი შიგ ღრმად ეფლობოდა და ძალიან გამოცდილი მოსიარულე უნდა ყოფლიყო, რომ ისე მოესწრო ფეხის გადადგმა, სანამ ქვიშა გაშლას მოასწრობდა. შიშიაც სწორედ ასეთი იყო! ისე ოდნავ ადგამდა ფეხს, რომ ქვიშა მხოლოდ მაშინ დაიძვრებოდა, როცა იმას ფეხი კიდეც ჰქონდა გადადგმული და თოფის წამალივით იწყობდა ქვემოთკენ ზვავით დენას. ძირში წმინდა სილა იყო მოქცეული, ზემოდან უფრო მომსხო კენჭები და სიფრიფანა სიპები მისლიკინებდნენ. ყველანი ერთად მზეზე გიშერივით საამურად ბრჭყვინავდნენ. ხანდახან ჯიხვისაგან დაგორებული ქვაც გახმიანებდა არემარეს. ამ დროს შიშიას დიდი სიფრთხილე ემართა, რომ ქვას არ გაეტანა. უნდა წამოხურულ ლოდებს ამოჰკროდა ქვემოდან ან სხვა მხარეს გაქცეულიყო.

მიდიოდა შიშია. ის საამურად მბრჭყვინავი სილა, ის კლდეები, ის მკვდარი ბუმბერაზები, ის საბღოტი კინჭუხები, ბალახბულახით მორთული, იმას სულ თავის მტრებად მიაჩნდა. ქვიშა იმიტომ მისცურავდა უფსკრულისაკენ, რომ შიშიაც თან ჩაეტანა. ლოდები იმიტომ იყო გადმოკიდებულები, შიშია რომ ხელს მოჰხვევდა, მოგლეჯილიყვნენ და შიშიაც დაეტანათ. მიდიოდა შიშია, როგორც ფრთხილი ვეფხვი, როგორც კატა ფრინველს ეპარება ხოლმე; დიდი სიფრთხილით მიცოცავდა სულ მაღლა და მაღლა. კლდის თავზე ეროგან პატარა ბუსნო იყო, იქ დაჯდა. სული მოითქვა. ერთი ვიწრო ხევი ჰქონდა კიდევ გასასვლელი და მერე "არწივისმაღალის" ჩონჩხი იყო აყაყული უზარმაზარ მატურივით.

აგერ ჯიხვების ფარაც, კლდეებში მოდებული! ციკნებიც კი გარკვევით ჩანდა, რომ ეკრობოდნენ დედებს და მუცელქვეშ უძვრებოდნენ. სხვები ზოგი ჭიდაობდნენ, ზოგი კლდიდან კლდეზე ხტოდნენ. კინჭუხის თავზე შემხტარი პატარა ვაცუნა, ცერისტოლა რქიანი, დაცინვით ჩასცქეროდა თავის ძირსდამრჩალ ამხანაგებს, რომელთაც სწრაფად ვერ მოესწროთ ამხანაგთან ერთად მაღლა შეხტოტა და თვითონაც სევ ძირს აპირობდა გადაშვებას. სხვას კიდევ ძუძუ უნდოდა, დედას დასდევდა, დედალ ხან გაექცეოდა, ხან მოუბრუნდებოდა, სჩხვერავდა და იქით აგდებდა. შვილი მაინც თავისას არ ისლიტა, უკანა ლაჯებიდან უყოფდა ცხვირსა. სხვა ჯიხვები ზოგი იწვა, ზოგი იქექებოდა, ზოგიც ქვებში ამომძვრალს გერმასავით რბილ ბალახს სწიწკნიდა.

იყო არხეინად ამ მთის შვილების ფარა, მაძღარი, მხიარული, თავისუფალი. არც უბინაობისა ეშინოდათ და არც ზამთარში გამოკვების გულისათვის ვისმე ბოსელში სურდათ თავის დაბმა. ზაფხულში შურთხისგან1 ბუდებ შეტანილი ბალახი ზამთარში ჯიხვს კაი სამსახურს უწევდა. შიშია თავლით ზომავდა მანძილს, მიაწევდა ჯიხვებამდე ამისი ხირიმის ტყივია, თუ ვერა. კანკალმა აიტანა. თოფს, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ორი ხელით ბღუჯავდა, თითქოს ეშინიან, ხელიდან არ გამივარდესო.

"თოვლი სთოვს, ჯიხვი ფეხს უცემს,
გულს გიგლის მონადირეო!
- ვერ დაგკარ თოფი, ტიალო,
სისხლი ვერ გაგადინეო;
ვერ გადმოგაგდე კლდეზედა,
რქებზედ ვერ დაგაბჯინეო!"

მოაგონდა ეს ფშავლების ლექსი შიშიას. ცხადად წარმოიდგინა მონადირის სულისკვეთება, როცა ერთმანეთისაგან მანძილით დაშორებული მონადირე და ჯიხვი ერთმანეთს გასცქერიან. ჯიხვი თითქოს უსაყვედურებს: - რას მერჩი, რას გიჭამ, რას გტაცებ? რისთვის მდევნი? შენც გეყოფა მზის შუქი და მეც, შენს გამოსადეგს მინდვრებს და ველებს ხომ არ გეცილები? ვენახებს არ გიკვნეტ, ყანას არ გიძოვ, ნათესს არ გითელავ და ნახნავს ფეხით არ გიზერქნი! ჩემმა წინაპრებმაც კარგად იცოდნენ, რომ შენ, კაცო, რაც კი შენი გამოსადექი და ხელსაყრელი იყო, სხვას არ დაანებებდი და არც არავის ჩაიზიარებდი. იმიტომაც აკი გაგშორდნენ და ისეთს მთას და კლდეს შეეხიზნენ, სადაც შენ შიშით ფეხსაც ვერ მისდგამ, თორემ გუთანსა და ბარს ვერ მიიტან. რას მერჩი? დამანებე თავი! ვიცოცხლო მეცა ამ მწირს და ვაგლახ მთაში! მონადირეს კი ჯიხვის სიშორე და მიუდგომელ ადგილას ყოფნა გულს უგლიდა, გაბოროტებულს შური ახრჩობდა. შიშიასაც შური, თუ იმაზე უარესი სისხლით გაუძღომელი გრძნობა, სჭამდა. რამდენჯერმე წაუდო ქვაზე ტავის ვერცხლის სალტებით შაზიკული, მზეზე თეთრად მბრჭყვინავი ხირიმი და ისევ უკან გადმოიღო. სევდით და მწუხარებით დასცქეროდა ამ თავის გალაპლაპებულს ყელჭრელ ხირიმს; არ ეგონა, თუ იქამდე მიიტანდა ტიბიას. თუნდა მიეღწია კიდეც, ჯიხვს ვერ დაიმორჩილებდა. ტირილი მოდიოდა, რომ შამფურივით გაშავებული რუსების ,,ბერდენკა’’ არა ჰქონდა. ის რო ჰქონოდა, ერთსაც აღარ გაუტევდა ცოცხალსა. რუსებზედაც და ,,ბერდენკაზედაც’’ ჯავრი მოსდიოდა, რომ ამისი თორმეტ ძროხიანი1 ხირიმი იმ შავმა დუდუხამ ასე დაამცრო და დააჩალავა... ამ დრომდე დაწოლილი ჯიხვებიც აიშალნენ და აღმართს შეუდგნენ. ის დიდი ჯიხვიც უკან იყო და დინჯად მიაბიჯებდა. შიშია ანთებული თვალებით გასცქეროდა ხარ-ჯიხვის გზას. ელოდა, როდის გაუსწორდებოდა თოფის სასროლად. აი, შეხტნენ ერთს ბექურზე ჯიხვები და მეორე მხრისკენ იწყეს დენა და მოფარება. ბოლოს შეებღოტა ხარ-ჯიხვიც და გაბრტყელებული ეეყუდა შიშიას პირდაპირ, თითქო ამისი სიკვდიდილ-სიცოხცლე ამ წუთზე არის დამოკიებულიო. ერთ წამია ხანს გაჰხვივლა ხირიმმაც. გაღმიდან, თითქო შეყვარებულთ ერთმანეთს დანალულებმა აკოცესო, ტკაცანი მოისმა. გაღმა-გამოღმა მთებმა თოფის ხმას კვნესით ბანი მისცეს. თოფის ქუხილი მთა-კლდეთ საკუთარი შეიქნა და ცოტა ხნის შემდეგ შორს, შორს ჩაბნელებულმა არაგვის ხეობამ როდის, სადღაც მოსცა პასუხი და ხვივილით ხელმეორედ შემოიარა ისევ მთებისა და ხევების კუდები და სადღაც მთებს იქით გადაიკარგა.
"თოფის ხმა ჭიუხებშია
ვაჟკაცსაც იამებაო!"
ტყუილად არ უთქვამთ ფშაველებს.
ჯიხვებსაც იამათ?! საწყლებს ცის დაქცევა და "არწივისმაღალის" ჩამონგრევა ერჩივნათ ამ ხმის გაგონებას! გაქცევა ვეღარ მოახერხეს და ერთ წამს ღონემიხდილნი, დაჩაგრულნი, თავზარდაცემულნი გაშეშებულები იდგნენ. აღარ იცოდნენ, რა ექნათ, საით გაქცეულიყვნენ. მაგრამ მალე ისევ გონს მოვიდნენ, ამოდენა ფარა დაიძრა და მოედო კლდეებს აღმა და დაღმა. ისმოდა ქვიშის ხრიალი და ქვების ჩახაჩუხი. რომელმაც საითაც მოასწრო, იქით გაიქცა. დედა-შვილები კი ერთმანეთს არა შორდებოდნენ: ან შვილი მისდევდა დედას, ან გულგახეთქილი დედა – შვილსა.

შიშიას ხარ-ჯიხვის დარდი ჰქონდა, სხვები სადაც უნდა წარსულიყვნენ. ჯიხვს წინა ფეხები ჰქონდა მაღლა შედგმული, როცა თოფი გავარდა. დატორტმანდა, უნდა უკანვე გადმოვარდნილიყო, მაგრამ თავი შეიმაგრა და ისე გაშეშდა. შიშიამ შეატყო, რომ ჯიხვი დაიჭრა. სანამ ეს თოფს ხელმეორედ გამოსტენიდა, ჯიხვი კლდეზე ავიდა და მარდად გაუსვა მაღლა ფრიალობისკენ. სხვა ჯიხვები აღარსად სჩანდნენ, იმან კი "არწივისმაღლის" საფრებს მიჰმართა. ტყვია ვეღარ მიუწვდებოდა და სანამ შიშია ხევს გახდებოდა, ის თავს უშველიდა. აბა, თავსღა დაანებებდა შიშია ჯიხვსა?

ჯიხვს სისხლი თქრიალით გასდიოდა. ეტყობოდა, მუცელში ჰქონდა ტყვია მორტყმული და ფაშვსა და ტყავს შუა იყო გავლილი. მრავლად განადენი სისხლი იმედს აძლევდა შიშიას, რომ ჯიხვს მალე მოჰჭრიდა მუხლს და ხელიდან ვეღარ წაუვიდოდა. "ტყავსა და რქებსაც ძლივ წავიღებო", ფრიქრობდა შიშია. – თუ ცოტა რამე სამწვადეც გავიტანე, კარგი იქნებაო. მთელი ჯიხვის წაღება კი აზრადაც არ იყო მოსასვლელი, გინდა მარტო რბილი ხორცი გამოეჭრა და ძვლები იქ დაეყარა. წარმოიდგინა შიშიამ, რა გაკვირვებით დაუწყებდნენ ხევსურთ ვაჟები და ქალები ჯიხვის რქებს სინჯვას. , ა ბეჩავ, შიშიავ, შენს მეტიც იმას ვერავინ მოკლავდა, გუდანისჯვრის მადლმაო ტყავისა ხომ საკუთრად ერთი ტყავი გამოუვიდოდა, ხოლო სახელოებს მოუნდებოდა თხის ტყავის მოკერება.

გაჰყვა შიშია მგელივით სისხლის კვალს. თუმცა სისხლი ისე აღარ გასდიოდა, მაგრამ კიდევ ალაგ-ალაგ ცვრები სცვიოდა და ზოგანაც, სადაც კლდეზე ახოხებულიყო, სისხლიანი ბეწვისგან ქვები იყო მოსვრილი. ჯიხვზე კარგად ვის ეცოდინებოდა "არწივისმაღალზე" ასასვლელი გზა. ალბათ წინადაც იქით მიიბრძვოდა. იქ დაწვებოდა მოსვენებით, ვერც კაცი შეაწუხებდა, ვერც ნადირი და ვერც ბუზი, სანამ ნატყვიარი მოურჩებოდა. სჯეროდა, რომ იქ ადვილად ვერავინ ავიდოდა და არც არავინ გაიწირავდა თავს იქ ასვლისათვის. მაგრამ შიშია ამისთანა ბიჭი არ იყო, რომ უკან დაეწია.

სად ქუჩს ეჭიდებოდა, სად ქვებს და კენჭებს ებღაუჭებოდა, ოღონდ ხელის მოსაკიდებელი ყოფილიყო. ბევრჯერ ცალი ხელით დაეკიდებოდა ხოლმე, სანამ ფეხს რამეზე მოიკიდებდა. მიცოცავდა მაღლა და ქვეშ რა უფსკრული ეზრდებოდა, იმაზე სულაც არ ფიქრობდა, ძირს არ იხდებოდა და განა ახლა უკან დაბრუნებაზე იფიქრებდა?! ხელის ფრჩხილები სულ გადააცვითეს ქვებმა და მუხლისთავები გადაეყვლიფა. ბევრჯერ თვალითაც დაინახა ჯიხვი, მაგრამ თოფის სროლა არ შიძლებოდა, ხელებს ვერ გაუშვებდა, კლდიდან რო ჩავარდნილიყო, სულით და ხორცით დაიკარგებოდა სამუდამოდ.

ძირს ხეობა და შორს სოფლები თანდათან მერცხლის ბუდეებივითღა მოსჩანდა. დაიღალა კიდეც, ღონეც ელეოდა. "არწივისმაღლის" წვერიც კი შორს აღარ იყო. ცოტა კიდევ და, ჯიხვი და შიშია თითქმის ერთ დროს აებღოტნენ "არწივისმაღლის" კონცხოზე. იმას იქით ვეღარსად ჯიხვი წავიდოდა და ვეღარსად შიშია, თუ უფსკრულში არ უნდოდათ დაღუპვა. რამდენადაც შიშია გახარებული იყო, რომ ჯიხვი ვეღასად წავაო, იმდენად ჯიხვი შეშინებული და თავზარდაცემული ჩამოსცქეროდა შიშიას. არ ეგონა, თუ აქაც, ამ არწივების საბუდარში კაცი ფეხს დასდგამდა. ელდაცემული, გაშტერებული იდგა და შემოსცქეროდა მონადირეს. ასე ახლო ამის მეტად არ ენახა კაცი – ეს ამათი სიკვდილი. ახლა ჰხედავდა პირველად და ელდაცემული მთელი ტანით თრთოდა. გასაქცევი აღარსად ჰქონდა და დასამალი. თავის სიცოცხლეში მგელიც ბევრი ენახა, კლდის ვეფხიც, ზვავიც ბევრჯერ მოჰხეთქია და წაუღია, მაგრამ კაცზე საზარელი არა ეგულებოდა რა. ადგილი სულ ერთი ფარდაგის გაშლა იქნებოდა. ერთმანეთის სულისქცევა ესმოდათ. ჯიხვი მუდამ წამს მოელოდა, რომ კაცი ეცემოდა და ჩაჰყლაპავდა. შიშიაც ერთბაშად შეკრთა. მოაგონდა, რომ განთქმულმა აფშინამ ასე შერეკა საფარში ჯიხვები და თვითონ გზაში ჩაუდგა. უნდოდა ხანჯლით დაეჭრა ყელები, მაგრამ გაცოფებულმა ჯიხვებმა, რაკი გასავალი აღარსადა ჰქონდათ, ერთბაშად დაჰკრეს და გადაუძახეს უფსკრულში თავმომწონე მონადირე. ამაზე იყო ლექსი:

"ჯიხვებს ნუ ჩასდევ, აფშინავ,
ჯიხვთა ბანდუხის კლდისათა,
თორ კლდეზედ გადაგაგდებენ,
ჯარს შაგიყრიან რქისასა".
მოაგონდა, არა ნაკლებ განთქმული მონადირე ჯარჯი და ჯიხვი რო ერთად გადაცვივდნენ კლდეზე. მაგრამ ჯიხვი სრულიადაც არა ფიქრობდა ბრძოლას. რო ფარაში ყოფილიყო, გამგელებული შეიძლება სცემოდა მონადირეს. მაგრამ აქ არც უმწეო ციკნები იყვნენ სადმე, არც დედალი შუნები, რო იმათთვის პატრონობა გაეწია. რაკი ჯიხვი შეშინებული ნახა,
- ტყვია-წამაილ რაღად დავხარჯოვო, - იფიქრა მონადირემ და ხანჯალამოღებული გადაუხტა ჯიხვსა. ჯიხვი ადგილიდან არ იძროდა. დაშტერებით შემოსცქეროდა იმისკენ მიმავალ კაცს. ვინ იცის, ფიქრობდა: "რას შვრები, შე უბედურო, შენ ჩემზე უარეს დღეში ხარ ჩავარდნილი, რო გესმოდესო". მაგრამ შიშიას ჯიხვის მეტი არა ადარდებდა რა. ჯიხვიც მიბრუნდა და ერთ დაფახვაში უფსკრულში გადაეშვა.
- ვაიმე, დავკარგე ჯიხვიო! – დაიყვირა შიშიამ და გაიქცა დასანახად, თუ სად გაეცემოდა ჯიხვი. მაგრამ ჯიხვი უფსკრულმა ჩანთქა. სად დაეცემოდა როცა ძირს თვალჩაუწვდენელი ფრიალოს მეტი არა ჩანდა რა. ახლაღა იგრძნო შიშიამ, რა საფრთხეც მოელოდა და თმა ყალყზე დაუდგა.

დიდხანს, დიდხანს უხმობდა ხეობები და მთები, როცა ძირს დაცემული ჯიხვის სიმძიმის მოგლეჯილი ლოდი ხეობაში საშინელი ჭექა-ქუხილით ჩაიჭრა და იმისგან შეშინებული ფრინველები წივილით გამოიშალნენ ჰაერში.

მიიხედ-მოიხედა შიშიამ, ეძებდა თავის დამხმარე ვისმეს, მაგრამ ირგვლივ მარტო ფრინველებისაგან დახრული ძვლები ეყარა, აქეთ-იქით ფრიალო და თვალჩაუწვდომელი უფსკრული იყო, ასე შეიძლებოდა, მაგრამ ჩამოსვლა შეუძლებელი იყო. იტყვიან, შვიდი დღე კიდევ ისმოდა "არწივისმაღლიდან" შიშიას თოფის ხმა. მერე კი მისწყდა, ვერავინ ვეღარ უშველა, რო ჩამოეყვანათ. ტყუილად არ უთქვამს ხალხს:

"ჯიხვების განავალი კლდე
რო ნახო, გაგიკვირდება,
იმათ განავალ გზაზედა
თოვლი არ მეეკიდება,
იმათ მიმყოლსა ვაჟკაცსა
რა კარგი წაეკიდება!"

1903 წ.