პატარა ხანუმა
ყოველთვის ჩვენი სკოლის კარებზედა ჰყავდა ხოლმე თავისი ბატის ჭუჭულები. თუმცა აქ ბალახი არაფერი არ იყო და თონის თავივით გატუსული ადგილი ეგდო ხოლმე, მაგრამ მაინც არ გვეშვებოდა. არ ვიცი, ჩვენი მეზობლობა რად უყვარდა.
პატარა ქალები რომ სკოლიდან გამოვიდოდნენ სწავლის შემდეგ დასასვენებლად, ის მაშინვე გაირეკავდა თავის ჭუჭულებს და საჩქაროდ მიაფარებდა სადმე. უთუოდ ან თავისთვის ეშინოდა ან თავისი ჭუჭულებისათვის, არ დამიხოცონო. როცა ვინმე დაუწყებდა ლაპარაკს, კოპებს შეიკრავდა ხმას არ გასცემდა, სანამ საქმეს არ გაუჭირებდნენ. ამიტომ დაარქვეს ხანუმა.
ეშმაკ გოგო-ბიჭებს სადღაც გაეგონათ ავი ოსი ხანუმას სახელი და ამ კოპებიან ქალსაც ეს სახელი შეუშვნიეს, თორემ, როგორც ნამდვილად გავიგე, ლიზა ერქვა. (თვითონ ჩუმად გოგოებისთვის ეთქვა, რომა, ქალო, ლიზიკოს მეძახიან და კი არა სთქვათო, თორე მეგ ჩასაქოლები კი აღარ მომასვენებენო, გაიშვირა სკოლის შაგირდებისაკენ ხელი).
როცა პატარა ხანუმა ბატის ჭუჭულებს წაასხამდა გოგოები დაუწყებდნენ ძახილს.
ხანუმ! ხანუმ! სად მირბიხარ, მოდი ვიკენჭაოთო.
მაგრამ ხანუმა წყევლის მეტს არაფერს მიართმევდა:
თვალიმც გამოგძვრებათ, სადა მცალიან საკენჭაოდ, წიგნსა სწავლობთ, წიგნი ისწავლეთ, მე რაღას ჩამომკიდებიხართ!თუ ვინმე ხელს წაავლებდა ჭუჭულას, ხანუმას წყევლას ვინღა აუვიდოდა: - ამოგიღოს ბოლოკივით მიძინების მადლმა შე ყოვლადწმინდასთან ჩასამარხო შენა, რა დაგიშავა ჩემმა ჭუჭულმა, რო იჭერ, არ მომიკლა თორემ. . .
- თორე ყურებზე ხახვი არ დამაჭრა! - მიაძახებდა ონავარი ბიჭი. ხანუმა ისეთის თვალით შემოხედავდა თავის ჭუჭულის დამჭერს, რომ იტყოდი, ეხლავე კრაზანასავით მიახტება საკბენადო.
***
როცა გაკვეთილი დადგებოდა, ხანუმა მაშინვე ფანჯარაში ამოფოფხდებოდა და ყურს უგდებდა, ბიჭები რასაც სწავლობდნენ. თუ მასწავლებელი მიიხედავდა ფანჯრისკენ, ის მაშინვე მიიმალებოდა. მასწავლებლისა ძალიან რცხვენოდა; სადაც უნდა ენახა, მაშინვე გაიქცეოდა და დაიმალებოდა სადმე.
რომ ჰკითხავდნენ: ხანუმ! სკოლაში არ მიებარები? არ გინდა შენც მოგცენ წიგნები და დაფები, როგორც ჩვენს ვასოსა?
-რათ მინდა, ჭუჭულებს ვინღა მოვუყენოვო! _ უპასუხებდა, მაგრამ თან ჩუმჩუმად რაღაცასაც ღიღინებდა ხოლმე.
ერთხელ, როცა გულიდან თუ გადუვიდა, შიგ ფანჯარაში წამოგვამღერა თავზედ:
ნეტავი რადმე მაქცია,
ბულბულად გადამაქცია,
ბულბულის ენა მასწავლა,
ამ ბაღებს შემომაჩვია! . .
თურმე ის კუდიანი, როცა შეგირდები სწავლობდნენ, ყურს უგდებდა და სწავლობდა ზეპირად, რასაც გაიგონებდა.
ბევრი სხვა ლექსები და არაკები იცოდა ხანუმამ. შინ რომ ჩამოვიდოდა, დედას უამბობდა ხოლმე.
ერთხელ, როგორც იყო, გააბედინეს მასწავლებლისათვის ხმის გაცემა.
- რამდენი ჭუჭული გყავს, ლიზა? - ჰკითხა მასწავლებელმა.
ხანუმამ ძლივს გააგონა:
- თერთმეტი მყავს.
- რა ვიცი, რამდენია თერთმეტი, აბა მიჩვენე, - უთხრა მასწავლებელმა.
- აბა, მაშ არ იცი რამდენია თერთმეტი?! მე თერთმეტი ჭუჭული მყავს და ვერ გაიგე, რამდენი ყოფილა თერთმეტი?
- რა ვიცი, კი არ დამითვლია და! - უთხრა მასწავლებელმა.
- აი ამდენია, - და დაიწყო თითებზედ თვლა: - ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, - თან თითო თითსა ხრიდა და ზედ თითს ადებდა. დათვალა ათი, ორივე ხელებზე ათივე თითი ჩამუჭა მუშტში. კიდევ დათვალა და ეს ათიო, უჩვენა მასწავლებელს. ცოტა ხანს ჩაფიქრდა, გაშალა თითები...
- ათანამ, ათანამ - მოხარა ნეკი და - ესეც თერთმეტიო. აი ამდენი მყავსო - აუხსნა მასწავლებელსა.
- ერთი ჭუჭულა რომ ყვავმა მოგტაცოს, რამდენი დაგრჩება ლიზა? - ეკითხება მასწავლებელი.
- ქა, რად უნდა მომტაცოს, განა იმიტომ ვუდგევარ, რომ ყვავებს მოვატაცვინო!
- არა ისე. ვთქვათ ვითომ ერთი მოგტაცა ყვავმა...
- არა, არა! დედა მცემს, რად უნდა მომტაცოს! - იჟინებდა ხანუმა.
- არა ლიზა! განა მართლა მოიტაცებს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოგტაცოს ერთი, რამდენი დაგრჩება?
- ქა, რად უნდა მომტაცოს, განა იმიტომ ვუდგევარ, რომ თვინაო. ვენაცვალე ჩემ ფეხყვითელ ბამბისქულა ჭუჭულებსა! მე რაღა შავი ქვა უნდა გავაკეთო, რო ეგენი ყვავს მოვატაცვინო!
- არა არ იქნა და არა, ვერ დავითანხმეთ ხანუმა, რომ ყვავს ჭუჭული მოეტაცნა.
- ძალიან უყვარდა ხანუმას თავისი ჭუჭულები. მოაფარებდა ხოლმე ღობეს, მოისხამდა ირგვლივ, აიყვანდა სათითაოდ ხელში და გიჟივით ჰკოცნიდა.
- გენაცვალეთ მაგ ოქროსავით ნისკარტებში და ფეხებში, ჩემო დედოფლებო, ჩემო ლამაზებო, მშვენიერებო, ტურფებო, ნამცეცებო, ლუკმებო. გენაცვალოსთ პატრონი მაგ მძივივით თვალებში! ვაიმე, ახლა რომ ერთი პირდაღებული ყვავი წამოვიდეს, დაავლოს ნისკარტი, ჩემს ბამბისქულასა და წააწიალოს ბუდეში! მაშინ რაღა ვქნა, როგორღა გიშველოთ, ჩემო სიხარულებო!? - მოავლებდა ხოლმე ხელს ჭუჭულებს და მიიხუტებდა გულში, ხან კალთას გადააფარებდა და ისე ჰყავდა დამალული, ვითომ ყვავს უმალავსო. ***
გავიდა მაისი, გავიდა თიბათვეც; პატარა ჭუჭულები დიდრონი ბატები გახდნენ. პატარა გერმის მაგიერად მსხვილი ფრთები გამოუვიდათ, თან ბალახიც გახმა. მკათათვის გასულს დაანებეს თავი თავის პატრონს ხანუმას და გასწიეს წყაროსაკენ. მთელი დღეები წყალში ისხდნენ და ჭყუმპალაობდნენ. ხანუმა იჯდა ხოლმე წყაროს პირსა და უძახდა თავის ჭუკიებსა. ისინი ყურს აღარ უგდებდნენ ხანუმას, გაფაციცებით ეძებდნენ წყალში საჭმელსა. ხან ჩაერჭობოდნენ თავით წყალში და წითელი ფეხებიღა ამოეყოთ, ხან სულ ჩაიმალებოდნენ, მხრებს სცემდნენ წყალსა და ცვრებს ზურგზედ იდენდნენ.
-არ დაიხრჩოთ, ჩემო კარგებო! - მოსძახოდა ხანუმა. ისინიც ყიყინით გასცემდნენ პასუხს და განაგრძობდნენ ნადირობასა. “რატომ არ სველდებიან ეს ჩემი ბატებიო”, იფიქრებდა ხანუმა და თან თვითონაც გაჰყოფდა შიშველს ფეხს ცივს წყაროში, მაგრამ მაშინვე ამოიტაცებდა, რაკი ცივად მოჰხვდებოდა წყაროს წყალი.
ამის შემდეგ ბატები სულ თავის ნებაზე დადიოდნენ, რაღა ყვავი და ძერა წაიღებდა!
იჯდა ხანუმა სახლში დაღონებული მარტოდ მარტო.
- დედა! როდის გაიხსნება სკოლა, როდის მოვა მასწავლებელი? ჩვენი ვასო როდის წავა სკოლაში? - ჰკითხავდა წამდაუწუმ დედასა, როცა გაიგონებდა, რომ სამი კვირა კიდევ არისო, ან ორი, მაშინვე თითებზე დაიწყებდა თვლასა.
რა მიზეზი იყო, რომ სწავლის დაწყების დროს ეკითხებოდა?
მარიამობისთვე გავიდა, წავიდა არდადეგები. გაილეწა კალოებიც, ყანების ხსენება ხომ რაღა იქმნებოდა. მინდორზე სიმინდიღა იდგა ხელუხლებელი და ვენახში ყურძენი.
ენკენისთვის პირველში გაისმა სკოლის ზარის წკრიალიც და ერთ წამს შემოუარა სოფელს. ზოგს ბანიდან ჩასძახა, ზოგს კარებიდან, ყველგან ხმა მიაწვდინა. მოსწავლე გოგო-ბიჭებმა მოძებნეს თავის აბგები. ზოგი წიგნს ეძებდა, ზოგი დაფას, ზოგი ღრიფილს. პატარა ხანუმას კი საძებნელი არაფერი ჰქონდა. ის მოუთმენლად მოელოდა მინდვრიდან ვასოს მოსვლას, რომ სკოლაში გაჰყოლოდა.
მეორე დღეს მასწავლებელთან იდგა მორცხვი ჩვენი ნაცნობი ხანუმა და სიხარულით შესცქეროდა კედლებზე გაკრულს ათასნაირ ხატებსა და სურათებსა, თითქო პირველადა ჰხედავსო. დაფამ და წიგნმა ხომ სულ გადარიეს. სკოლის წიგნში ეწერა: “ლიზა ბეჯითაშვილი მიებარა ორს ენკენისთვეს 1892 წელს”.