დოვლათი

(ძველი ამბავი)

ნინიკა რაველაშვილსა
სარჩო აქვს აუარები:
თრიალეთს ცხვარი და ძროხა,
მთაში ღორების ფარები;
ნაწკეპი ლეკის კამეჩი,
სულ მოზდოკური ხარები,
სახნავ-სათესი მიწები,
გადაჭიმული ზვარები.

ორი გუთანი უბია
საკუთრივ გუთნისდედითა
საკუთრივ მეხრეებითა,
თავის ჯამბარა-ღვედითა.
შრომობს, დღე-ღამეს ასწორებს
და ხელს უმართავს ღმერთიცა:
სარჩო აქვს, ბანში ამოდის,
ვერ უვილავებს ერთიცა.

შურს სოფელს იმის ცხოვრება,
შესცქერის გაკვირვებული,
შურს მის შვილების სიკეთე,
ოჯახი გახვიებული.
უკვირს, ცხრა-ძმანი ყველანი
ერთ პირზე დარიგებული,
ცხოვრობენ სიამ-ტკბილობით,
მტერი ჰყავთ გაცრუებული.